ექსპერტების აზრით, ასეთი «ტექნიკური შეცდომაც» საგანგაშოა " />

“მძინარა ჯო ბაიდენი” – სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპის ტვიტი გააზიარა

ექსპერტების აზრით, ასეთი «ტექნიკური შეცდომაც» საგანგაშოა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალ სკანდალში გაეხვა. პრეზიდენტის twitter-ის ოფიციალურ გვერდზე 30 აპრილს დილით აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ტვიტი იქნა გაზიარებული, სადაც ტრამპი კონკურენტს, პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს დასცინის და “მძინარას” უწოდებს.  ტვიტი პრეზიდენტის გვერდიდან მალევე წაიშალა, თუმცა პრეზიდენტის უცნაურმა პოსტმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.  იყო ეს უწყინარი შეცდომა თუ პრეზიდენტს ამდაგვარი უყურადღებობა არ ეპატიება? ამის თაობაზე მსჯელობენ როგორც ხელისუფლბის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები და ექსპერტები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება

ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, ეს “პირველადი შეფასებაა” და “ამ დროისთვის, სხვადასხვა ფაქტების გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც”და შესაბამისი მოკვლევა უნდა ჩატარდეს.

ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქცია

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მისთვის „ ცოტა უცნაურია”, ამხელა აჟიოტაჟი საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტის ტვიტის გაზიარების გამო.

“ეს ტვიტი ეკუთვნის აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს. მასთან თუ გაქვთ პრეტენზიები, რას „ტვიტავს“ და როგორ, დაუსვით კითხვები მის ადმინისტრაციას. მე ვერ გეტყვით,საქართველოს პრეზიდენტს კითხეთ რა მოტივაცია აქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა.

ოპოზიცია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქმედებებით საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

“ჩვენი მთავარი მიღწევა და მთავარი ამოცანა შეერთებულ შტატებთან იყო და იქნება ის, რომ გვქონდეს კარგი ურთიერთობა ორივე პარტიასთან, განურჩევლად იმისა, რომელი პარტია იქნება წარმოდგენილი თეთრ სახლში, რომელ პარტიას ექნება უმრავლესობა კონგრესში. ამიტომ სრულიად მიუღებლად, მავნებლურად და უგუნურად მიმაჩნია ნებისმიერი საჯარო ჩარევა ამერიკის შიდა პოლიტიკაში ქართველი თანამდებობის პირების მხრიდან” , – განაცხადა ბაქრაძემ.

ოპოზიცური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს  პრეზიდენტს “ბოდიშის მოხდა მოუწევს, მათ შორის ამერიკის საელჩოსთან კომუნიკაციის გზით”.

ამავე პარტიის წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე კი გამოდის წინადადებით, საქართველოს პრეზიდენტის ტვიტერზე და ფეისბუქზე ექაუნტები დაებლოკოს.

“შეუთანხმებელი განცხადებები აზიანებს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესს. გამოსავალი რა არის ?! ძალიან მარტივია, უნდა დაიბლოკოს მისია ნგარიშები „ფეისბუქსა“ და „ტვიტერში“ და იქნებ არ გააგრძელოს პოსტების წერა. ან ბატონმა ივანიშვილმა როგორც მოიყვანა,ისე გაიწვიოს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ექსპერტები

„ეს არ არის რიგითი სკანდალი, რომელიც შეიძლება პრეზიდენტის, ბარდაგად ქცეული ადმინისტრაციის განმარტებებით შემოიფარგლოს … საქართველოს ხელისუფლების ადგილზე მე დავფიქრდებოდი, სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად ხომ არ ქმნის ნიადაგს, საქართველოს ხელისუფლების გადატრიალებისთვის,“-განაცხადა ტელეკომპანია რუსთავი-2-თან საუბრისას პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგი გია ნოდია კი ამავე ტელეკომპანიასთან საუბრისას ამბობს, რომ თუ შეცდომა მართლაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრალია, ეს ნიშნავს, რომ ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობა დასაშვებ ზღვარს სცდება.

„ონლაინ ინციდენტის კარგი ახსნა პრეზიდენტისთვის არ არსებობს. თუ ვიღაცას შეუძლია პრეზიდენტის სახელით ასეთი ცნობა გააზიაროს, ესე იგი ძალიან ცუდად არის საქმე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “-ამბობს ანალიტიკოსი გია ნოდია.

პრეზიდენტი პარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტი 30 აპრილს პარლამენტში მივიდა, სადაც ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომაში მიიღო მონაწილეობა. დონალდ ტრამპის ტვიტის გარშემო ჟურნალისტების კითხვებს არც მან და არც მისმა საპარლამენტო მდვანმა არ უპასუხეს.

აქ სალომე ზურაბშვილს კიდევ ერთი უხერხულობა ელოდა – ოპოზიციონერი დეპუტატები მას ფეხზე არ წამოუდგნენ.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის თქმით, ოპოზიციისთვის სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია არ აქვს, რადგან ის პრეზიდენტის სასახლეში გაყალბებული არჩევნების შედეგად შევიდა. 

„(არჩევნებზე) იყო სერიოზული მოსყიდვები, ზეწოლები, ეს იყო უკანდახევა და ეროზია დემოკრატიის. ამას აღნიშნავს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ის რაც მოხდა, იყო ამის გამოხატულება,“- განაცხადა სერგო რატიანმა.


ასევე წაიკითხეთ