"ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს"" />

საქართველოს მთავრობამ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” გამოაქვეყნა. მასში 33 პირი მოხვდა

"ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს"

33 ადამიანი მოხვდა საქართველოს მტავრობის მიერ შედგენილ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” – ამის შესახებ დღეს საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ეს ის 33 პირია, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.

“წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცველი უწყებები აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ბახტაძეს სიაში შემავალ ადამიანთა გვარები არ დაუსახელებია.

საქართველოს პარლამენტმა, ე.წ. “მაგნიტსკის სიის” მსგავსი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შექმნის გადაწყვეტილება მარტში მიიღო.

სიის მთავარი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. ვინაიდან, საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეები დაიცვას, იდეის ავტორების აზრით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის “შავი სია” ამ სიტუაციიდან ერთგვარი გამოსავალი იქნებოდა.

სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მოკლული საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სახელი ამ სიას სიმბოლურად ჰქვია. სიაში მხოლოდ ტატუნაშვილის და ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილებთან არ იქნებიან. პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, სიაში უნდა შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობაში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა; ხოლო გიგა ოთხოზორია, საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა. 

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობამ უკვე განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც სიაში შემავალი პირების წინააღმდეგ უნდა გატარდეს. ამ პირებს მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაუწესდებათ საერთაშორისო მასშტაბით.


ასევე წაიკითხეთ