დავით გარეჯის გარშემო სიტუაცია ისევ დაიძაბა " />

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს

დავით გარეჯის გარშემო სიტუაცია ისევ დაიძაბა

საქართველო–აზერბაიჯანის არადელიმიტირებულ საზღვარზე, დავით გარეჯის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივ მცხოვრებლებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მორიგი ინციდენტი მოხდა.

ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული, უდაბნოს მონასტრიდან ხატები გამოიტანეს და ქართველ კოლეგებს გადასცეს.

ქართველების აზრით, მესაზღვრეებს ქართული ტაძრის სიწმინდეებთან შეხების უფლება არ ჰქონდათ. ამის შედეგად დაპირისპირება მოხდა ქართველ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის.

აზერბაიჯანულ პრესაში წერენ, რომ ერთ–ერთმა ადგილობრივმა მესაზღვრეს იარაღი წაართვა და მოგვიანებით დაუბრუნა.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ კელიებიდან ხატები გამოიტანა, ადასტურებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, თეიმურაზ კუპატაძე. საზღვარზე აზერბაიჯანელ კოლეგებთან გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ეს ხატების დაზიანებისგან დასაცავად გააკეთეს.

„მათ თქვეს, რომ ხატები შესაძლოა დაეზიანებინა ქარს, წვიმას და სხვა გარემო პირობებს. და იმის გამო, რომ ხატების დაზიანებაში ისინი არ დაედანაშაულებინათ, გამოიტანეს ხატები და გადმოსცეს ჩვენ მესაზღვრეებს“, – აღნიშნა კუპატაძემ.

იარაღთან დაკავშირებულ ინციდენტზე ქართული მხარე არ საუბრობს.

მომხდარზე მკვეთრი რეაგირება მოახდინა ბაქომ. სამხედრო ექსპერტები და არა მხოლოდ ისინი სვამენ კითხვას, როგორ მოახერხეს უიარაღო ადამიანებმა იარაღის წართმევა აზერბაიჯანელი მესაზღვრეებისთვის.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო აპა–ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით განმარტებებისთვის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს.

ამ შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ განცხადებაში მომხდარს. „ორ მხარეს შორის კონფლიქტის გაღვივების მიმართულებით დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა.

ბაქო ქართული მხარისგან ინციდენტის გამოძიებას მოითხოვს.

საქართველოს შსს–ს ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში სიტუაცია დასტაბილურდა.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმაც ასევე აღნიშნა, რომ არაფერი საშიში არ მომხდარა და კონფლიქტი სწრაფად აღმოიფხვრა.

______________________________

მღვიმეებში გამოკვეთილი მეექვსე საუკუნის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ქართული მხარე დავით გარეჯს უწოდებს, აზერბაიჯანული კი – ქეშიშდაღს, ორ მეზობელ ქვეყანას შორის მუდმივი დაპირისპირებისა და ინციდენტების მიზეზია.

საზღვარი პირდაპირ კომპლექსზე გადის. საქართველო ამტკიცებს, რომ ეს ქართული კულტურის ძეგლია. აზერბაიჯანში კი მიაჩნიათ, რომ კომპლექსი – ალბანური კულტურის ნაწილია და საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

თბილისსა და ბაქოს შორის საზღვრის საკამათო მონაკვეთების დემარკაცია–დელიმიტაციის თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კულტურის ამ ძეგლის გარშემო დროთა განმავლობაში სიტუაცია იძაბება. უკანასკნელი გართულება აპრილში მოხდა, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართველებს დავით გარეჯის მონასტერთან წვდომა შეუზღუდეს.


ასევე წაიკითხეთ