გადაარჩინონ თუ დახურონ სკოლები სომხეთის პატარა დასახლებებში? ჯერჯერობით გაურკვეველია, რა იქნება" />

სამი კლასის მოსწავლეები ერთ ოთახში. ბავშვები ბედნიერები არიან – მასწავლებლები დაბნეულები

გადაარჩინონ თუ დახურონ სკოლები სომხეთის პატარა დასახლებებში? ჯერჯერობით გაურკვეველია, რა იქნება

դպրոց, փոքր դասարան, կոմպլեկտավորված դասարան, բարեփոխում, სკოლები, პატარა კლასი, დაკომპლექტებული კლასი, რეფორმები

სომხეთში, 1410 სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც 387 135 მოსწავლე და 31 708 მასწავლებელია.

ამ რიცხვში შედის პატარა სოფლების სკოლები, რომლებსაც 10-მდე მოსწავლე ჰყავთ. წინა ხელისუფლების დროს, 10-ზე მეტი ასეთი სკოლა დახურეს. მაშინ უფრო მიზანშეწონილად ფულის დიდ სკოლებზე დახარჯვა მიიჩნიეს. მეზობლად მდებარე პატარა დასახლებებში მცხოვრები ბავშვები კი ამ სკოლებში მანქანებითა და ავტობუსებით მიჰყავდათ, რაც დიდ ხარჯებს არ მოითხოვდა.

სომხეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ჰიგიენის ელემენტარული პირობები არ არის

ორი სომეხი დედის ისტორია – როგორ იბრძვიან ისინი შშმ შვილების უფლებებისთვის

2018 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, განათლების ახალმა მინისტრმა პირობა დადო, რომ ახალ მიდგომას მოძებნიდა. არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ პატარა სოფლების სკოლები შენარჩუნებოდა. ამ მიზნით, დაგეგმილი იყო მათი საბავშვო ბაღებთან, ბიბლიოთეკებსა და კულტურის სახლებთან, ერთ ჭერქვეშ გაერთიანება, რითაც ექსპლუატაციის საერთო ხარჯები შემცირდებოდა.

პატარა სკოლების გარშემო შექმნილი ვითარების ყველა დეტალი.

უფრო მეტი მასწავლებელი, ვიდრე მოსწავლე

სომხეთში 35 ისეთი სკოლაა, რომელშიც 10-მდე მოსწავლე სწავლობს.

არის სკოლები, სადაც მხოლოდ ერთი მოსწავლეა. მაგალითად, გეღარქუნიქის პროვინციის სოფელ გეღაქარში და შირაქის პროვინციის სოფელ შაღიქში. ერთ მოსწავლეს სოფელ გეღაქარში ორი მასწავლებელი ასწავლის, შაღიქის სკოლის ერთადერთ მოსწავლეს კი – საერთოდაც სამი.

სოფელ სევაბერდის გაერთიანებული კლასის მოსწავლეები. ფოტო JAMnews

სიუნიქის პროვინციის 35 სკოლიდან 8-ში 10 ან ნაკლები მოსწავლეა. ყველაზე ცოტა მოსწავლე სოფელ აგარაკშია. აქ ორი მოსწავლეა, რომელთაც სამი მასწავლებელი ასწავლის. თუმცა, ამ სკოლაში კიდევ ოთხი თანამშრომელია. ანუ შვიდი ადამიანი მუშაობს ამ ორ მოსწავლეზე.

მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო სიტუაციაა შირაქის პროვინციის სოფელ აშოცქის დაწყებით სკოლაში. აქ ორი ბავშვი სწავლობს და მათ მხოლოდ ერთი მასწავლებელი ჰყავთ.

დაკომპლექტებული კლასები და სხვა პრობლემები

იმისთვის, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოვიდნენ, ბევრი სოფლის სკოლაში პატარა კლასებს აერთიანებენ, სხვანაირად რომ ვთქვათ, „აკომპლექტებენ“. მაგალითად, მეხუთე და მეექვსე კლასები ერთად სწავლობენ.

პატარა სკოლები მასწავლებლებისთვის მიმზიდველი არ არის, იმდენად, რამდენადაც აქ ცოტა საათს აძლევენ და, შესაბამისად, დაბალ ხელფასს უხდიან. სწორედ ამიტომ, აქ შეინიშნება მწვავე საკადრო პრობლემაც, მასწავლებლები კი რამდენიმე საგანს ასწავლიან.

ექსპერტის მოსაზრება

პატარა სკოლებში კლასები კომპლექტდება ხარჯების ოპტიმიზაციისთვის, მაგრამ, ამავდროულად, იკარგება რაღაც უფრო მნიშვნელოვანი – განათლების ხარისხი, ამბობს განათლების სფეროს ექსპერტი, მარინა გალსტიანი.

მას განსაკუთრებით არასწორად მიაჩნია ასეთი დაკომპლექტება დაწყებით სკოლებში ანუ პირველ კლასებში, რომელმაც ბავშვებს დავალებების დამოუკიდებლად შესრულება უნდა ასწავლოს და საფუძველი ჩაუყაროს განათლებას.

სოფელ სევაბერდის სკოლა. ფოტო JAMnews

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ კლასების დაკომპლექტების ეს მეთოდი, ბავშვების განათლების მიღების უფლებას ეწინააღმდეგება:

„რატომ უნდა დაზარალდეს სოფლის სკოლის მოსწავლე იმის გამო, რომ სოფელში, სადაც ის ცხოვრობს, მისი ასაკის სხვა ბავშვები არ არიან? განათლების მიღების უფლების თვალსაზრისით, კლასების ასეთი „დაკომპლექტება“ უნდა გამოირიცხოს. თუკი კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლეა, მასთან ცალკე უნდა იმუშაონ.

მე სკოლების დახურვისა და ბავშვების სხვა დაწესებულებებში გადაყვანის მოწინააღმდეგეც ვარ. საქმე ისაა, რომ სკოლების დახურვა მთელ დასახლებას ურტყამს. იმიტომ, რომ სკოლა – არა მხოლოდ საგანმანათლებლო ერთეულია, არამედ, სოფლისთვის გარკვეული რესურსიც. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ სკოლა ინარჩუნებს სოფელს“.

რას ამბობენ ბავშვები

„ჩვენ სწრაფად ვაკეთებთ ყველა გაკვეთილს, რომ ვითამაშოთ“, – ამბობს სოფელ სევაბერდის საშუალო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე, არცრუნ ვარდანიანი.

არცრუნი კლასში. ფოტო JAMnews

არცრუნი და ტემინე დრბოიანი ერთ მერხთან სხედან. ისინი მეორე კლასის მოსწავლეები არიან, სხვა მეორეკლასელი სკოლას არ ჰყავს. ისინი დაკომპლექტებულ კლასში სწავლობენ – პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეებთან ერთად.

არცრუნი ბედნიერია, რომ კლასში სხვა მოსწავლეებიც არიან და მასწავლებელს მისთვის ბევრი დრო არ რჩება. ასევე ამბობს, რომ უკვე მიეჩვია დიდ კლასში სწავლას და არ უნდა, რომ ის და ტემინე გამოყონ. გაერთიანებული კლასის ყველა მოსწავლე დამეგობრდა, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა.

ტემინე და არცრუნი ერთ მერხთან. ფოტო JAMnews

ტემინე და არცრუნი ექიმობაზე ოცნებობენ. მაგრამ ახლა, ყველაფერი, რაც სურთ, ეს არის რაც შეიძლება მეტი თავისუფალი დრო სათამაშოდ.

„მე რომ დიდ სკოლაში ვსწავლობდე, კიდევ უფრო მეტი დრო მექნებოდა სათამაშოდ“, – რატომღაც ფიქრობს არცრუნი.

სევაბერდის სკოლის შესახებ

სკოლაში 19 მოსწავლე და ხუთი კლასია. აქ გაერთიანებულია მეექვსე მერვე კლასთან, მეთერთმეტე მეთორმეტესთან. ცალკე, მხოლოდ მეცხრე და მეათე კლასები სწავლობენ. სკოლაში არ არის მესამე, მეხუთე და მეშვიდე კლასები.

ის კოტაიქის პროვინციაშია და 1956 წელს დაარსდა.

აქაც არ არის მასწავლებელთა საკმარისი რაოდენობა. ამიტომ, თითოეული სპეციალისტი რამდენიმე საგანს ასწავლის. მაგალითად, ქიმიასა და ფიზკულტურას, ტექნოლოგიებსა და სოციალურ მეცნიერებებს.

դպրոց, փոքր դասարան, կոմպլեկտավորված դասարան, բարեփոխում

სოფელ სევაბერდის სკოლის ყველა კლასის მოსწავლეები. ფოტო JAMnews

მასწავლებლები კლასების დაკომპლექტებას „არაეფექტიანად“ მიიჩნევენ

ანუშ ჰოვანესიანი იმ კლასს ასწავლის, რომელშიც ტემინე და არცრუნი სწავლობენ. ის არ მალავს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას კლასების გაერთიანებასთან დაკავშირებით:

„ამ სიტუაციას დავახასიათებდი, როგორც არაეფექტიანს. მოსწავლეები ერთმნიშვნელოვნად ზარალდებიან ამის გამო. პირველ კლასში, ბავშვებს ასოებს და მის ელემენტებს ვასწავლი, მეოთხე კლასი კი – საგამოცდოა და ბავშვები გამოცდებისთვის უნდა მოამზადო.

სრულ გაურკვევლობაში ვარ. როდესაც ორი კლასი ერთიანდება – კიდევ არა უშავს, მაგრამ როდესაც სამი კლასი ერთიანდება – ეს უკვე გაუგებარია, რა არის. და მე თვითონ მიჭირს, რობოტივით ვმუშაობ. უნდა გახსოვდეს, ვის რა დაავალე, როდის რომელთან მიხვიდე, ყურადღება მიაქციო, რომ არავინ დარჩეს უსაქმოდ. ერთდროულად სამ კლასთან მუშაობა შეუძლებელია“.

ანუშ ჰოვანესიანი გაკვეთილზე გაერთიანებულ კლასთან. ფოტო JAMnews

მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ საუკეთესო გამოსავალია – უზრუნველყო ბავშვების სხვადასხვა კლასში სწავლა, ასეთ შემთხვევაში, საგრძნობლად ამაღლდება განათლების ხარისხი.

დირექტორის პასუხი

„იმდენად, რამდენადაც სკოლაში ცოტა მოსწავლეა და დაფინანსებას მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით გამოყოფენ, კლასების დაკომპლექტების გარეშე ვერ შევძლებთ მასწავლებლებისთვის ხელფასის გადახდას. ძალიან პატარა თანხა იქნება.

სწავლება, შესაძლოა, იდეალური იყოს, თუკი ერთ მოსწავლესთან ერთი მასწავლებელი იმუშავებს, როგორც ინდივიდუალური გაკვეთილებისას. მაგრამ გასაგებია, რომ სკოლას არ აქვს ასეთი ფინანსური შესაძლებლობები. მეჩვენება, რომ თუ მასწავლებელი გამოიყენებს ჯგუფური სწავლების სწორ მეთოდებს, მაშინ, მას შეეძლება გაერთიანებულ კლასებში გაკვეთილის ეფექტიანობის მიღწევა“, – ამბობს სევაბერდის საშუალო სკოლის დირექტორი, ედგარ ნიკაგოსიანი.

ის ასევე მიიჩნევს, რომ „სკოლის შენარჩუნებით, სოფლის შენარჩუნებაც შესაძლებელი იქნება“. ამბობს, რომ ბავშვები სიხარულით დადიან სკოლაში, რადგან არც სხვაგან წასასვლელი აქვთ და არც სხვა საქმე.

იმისათვის, რომ მოსწავლეებს რაც შეიძლება მეტი ცოდნა მისცეს, დირექტორი სხვა სკოლებთან გეგმავს თანამშრომლობას. კერძოდ, მიზნად ისახავს დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენებას. ეს ნიშნავს, რომ სევაბერდელი მოსწავლეები ონლაინ მიიღებენ მონაწილეობას სხვა სკოლების ღია გაკვეთილებში.

განათლების სამინისტროც მხარს უჭერს „დისტანციური სწავლების მეთოდს“. ის გულისხმობს დიდი სასწავლო დაწესებულებების მასწავლებლების მიერ ონლაინგაკვეთილების ჩატარებას პატარა სოფლის სკოლების მოსწავლეებისათვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ.


ასევე წაიკითხეთ