სააკაშვილის თანამებრძოლები ითხოვენ პასუხს კითხვაზე - ვინ აფინანსებს ექს-გუბერნატორის პარტიას?" />

სააკაშვილი პუტინის აგენტი? – რა რეაქცია მოჰყვა უკრაინის პროკურატურის ბრალდებებს

სააკაშვილის თანამებრძოლები ითხოვენ პასუხს კითხვაზე - ვინ აფინანსებს ექს-გუბერნატორის პარტიას?

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დღეს პირველი კომენტარი გააკეთა სააკაშვილის გუშინდელ მოკლევადიან დაკავებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ის შოკირებული და გაოგნებულია იმით, რასაც კიევის ცენტრში გუშინ ხედავდა.

“არმია იმისთვის არ ინარჩუნებს ფრონტს, რომ მტერმა ზურგიდან შემოგვიტიოს. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ მოსკოვის მიერ დაფინანსებულ კამპანიას და მე ამ საქმეში საზოგადოების მხარდაჭერას ვგრძნობ”, – განაცხადა პოროშენკომ.

რა ბრალდება სააკაშვილს?

5 დეკემბერს უკრაინის გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა უკრაინის უშიშროების სამსახურთან ერთად საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში, კოსტელნაიას ქუჩაზე რვასართულიანი სახლის სახურავზე დააკავეს. თუმცა, სააკაშვილის ციხემდე მიყვანა ვერ მოხერხდა – მისმა მხარდამჭერებმა სამართალდამცველთა მანქანა ალყაში მოაქციეს და ოდესის ექს-გუბერნატორი გაათავისუფლეს.

სააკაშვილს ბრალად ედება დანაშაულებრივ ჯგუფთან სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ თანამშრომლობა. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცემკომ წარმოადგინა აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც, მისი თქმით, ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა სულ მცირე 300 ათასი დოლარი აიღო სერგეი კურჩენკოსგან. კურჩენკო უკრაინაში სკანდალურად ცნობილი ბიზნესმენია, ის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერი იყო და ახლა უკრაინის ხელისუფლების მიერ იძებნება –  კურჩენკო თავს რუსეთს აფარებს.

ლუცენკოს თქმით, სამართალდამცველები “ყველაფერს აკეთებენ”, რომ სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს. პროკურატურამ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა. როდესაც ლუცენკო ამას ამბობდა, მისგან დაახლოებით 100 მეტრში სააკაშვილი მიტინგზე სიტყვით გამოდიოდა.

რა მტკიცებულებები აქვს უკრაინის პროკურატურას?

ლუცენკოს თქმით, სააკაშვილის საქმეს უკრაინის უშიშროების სამსახური იძიებდა. ისმინებოდა სააკაშვილის და მისი თანამებრძოლების ტელეფონები. კონტრდაზვერვის მიერ გაკეთებულ ერთ-ერთ ჩანაწერში სააკაშვილი ესაუბრება ადამიანს, რომელიც უკრაინელ სამართალდამცველთა თქმით, არის სერგეი კურჩენკო.

უკრაინის კონტრდაზვერვამ ასევე გადმოიბირა ადამიანი, რომელიც კურჩენკოსა და სააკაშვილს შორის შუამავალი იყო. ამ პიროვნებას სააკაშვილის თანამებრძოლისთვის – სევერიონ დანგაძისთვის კურჩენკოს მიერ გამოტანებული ფული უნდა გადაეცა. დანგაძე სააკაშვილის პარტიის – “ახალ ძალთა მოძრაობის” კიევის განყოფილების ხელმძღვანელია.

ლუცენკო ამტკიცებს, რომ კურჩენკოს ფული სააკაშვილმა ორჯერ მიიღო – 10 და 19 ნოემბერს. ლუცენკომ ამ შეხვედრების ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა, თუმცა ამ ჩანაწერების ნამდვილობა ჯერ სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.

შემდეგ უკრაინის უშიშროება ასე მოქმედებს: 4 დეკემბერს აკავებენ დანგაძეს. იმავე დღეს გვიან ღამით უშიშროების სამსახური და გენერალური პროკურატურა მართავენ ერთობლივ თათბირს, სადაც გადაწყდება, რომ უკვე საკმარისზე მეტი მტკიცებულება არსებობს სააკაშვილის დასაკავებლად. ამავე შეხვედრაზე დაიგეგმა ოპერაციაც – 5 დეკემბერს, გამთენიისას, სპეცრაზმი სააკაშვილის სახლისკენ დაიძრა.

ოპერაციის შესახებ ინფორმირებული არ იყო შს სამინისტრო. სპეცოპერაციაში მონაწილე წყარომ ერთ-ერთი ძალოვანი უწყებიდან უთხრა ტელეკომპანია “გრომადსკოეს”, რომ შს სამინისტრო საქმის კურსში არ ჩააყენეს, რადგან ინფორმაციის გაჟონვის შეეშინდათ.

სააკაშვილმა კარი არ გააღო. სპეცრაზმს დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდა კარის შესამტვრევად. რომ შევიდნენ, ბინაში არავინ იყო. მანსარდის ფანჯრიდან სააკაშვილი სახურავზე გადაძვრა და იქიდან მეზობლებს უყვიროდა, რომ პოლიცია გამოეძახებინათ.

ვიდრე კოსტელნაიას ქუჩაზე ეს პროცესები მიმდინარეობდა, უკრაინის გენერალური პროკურორი უმაღლეს რადაში მივიდა, რათა სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებები წარედგინა.

ლუცენკომ უთხრა დეპუტატებს, რომ დაკავებულია ორი კურიერი, რომლებსაც სააკაშვილის თანამებრძოლისთვის კურჩენკოს გამოტანებული 1,5 მილიონი დოლარი უნდა გადაეცათ.

“ფული, რომელსაც კურჩენკო სააკაშვილს აძლევდა, მიტინგებისა და საპროტესტო აქტივობების მოსაწყობად იყო გამიზნული. სანაცვლოდ, სააკაშვილს კურჩენკოს დანაშაულებრივი დაჯგუფების ინტერესები უნდა გაეტარებინა”, – ამბობს ლუცენკო.

ლუცენკო ამბობს, რომ სამართალდამცველებს დაფიქსირებული აქვთ, როგორ იღებს სააკაშვილის გარემოცვა რუსეთიდან გამოგზავნილ ნახევარ მილიონ დოლარს (ნაწილს იმ მილიონნახევრიდან).

გენპროკურორის თქმით, თანხის გადაცემას უკრაინის სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ და კუპიურები დანომრილი იყო.

“ჩვენ აღვკვეთეთ მოვლენების ძალისმიერი გზით განვითარების სცენარი. ვფიქრობ, სპეცსამსახურებს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ახლა კიევის ქუჩებში სიმშვიდეა და რომ მათ მოახერხეს, კიევში რუსული ზამთრის მოწყობის მოსკოვური გეგმის ჩაშლა” – განაცხადა ლუცენკომ.

რა რეაქცია მოჰყვა ლუცენკოს ბრალდებებს?

სააკაშვილი კატეგორიულად უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს.

“მიმიფურთხებია, რას ლაპარაკობს ლუცენკო. ეგენი ყველანი გაიძვერები არიან”, – უთხრა მან უკრაინულ ტელეარხს “გრომადსკოეს”.

თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის. გენერალური პროკურატურის ბრალდებებზე კონკრეტულ პასუხს სააკაშვილისგან არა მხოლოდ სამართალდამცველები, არამედ მისი თანამებრძოლებიც ითხოვენ.

დეპუტატი მუსტაფა ნაიემი ოქტომბერში სააკაშვილთან ერთად იდგა რადას წინ გამართულ აქციებზე. ის ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებსაც უკრაინაში ევრო-ოპტიმისტებს უწოდებენ და რომლებიც სააკაშვილის მიმართ ლოიალურები არიან (ისინი არ არიან სააკაშვილის პარტიის წევრები, ხშირად არ იზიარებენ მისი ბრძოლის მეთოდებს, თუმცა თანაუგრძნობენ ბევრ საკითხში).

ნაიემმა თავის ფეისბუკ-გვერდზე დაწერა, რომ ლუცენკოს ბრალდებების წაყრუება არასწორია:

“სავსებით შესაძლებელია, რომ ლუცენკოს მიერ გამოქვეყნებული მასალები ყალბი იყოს, მაგრამ დუმილი გამოსავალი არ არის. “კურჩენკოს ფული” ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჯობია ყველა ეჭვი თავიდანვე გაიფანტოს. მიხეილმა უნდა უპასუხოს კითხვებს –  ჰქონდა თუ არა მას კონტაქტი კურჩენკოსთან? მიიღო თუ არა რაიმე დაფინანსება რუსეთის ფედერაციისგან? დუმილი, ლოზუნგები და პასუხებისგან თავის არიდება დაუშვებელია. დღეს უკრაინა რუსეთთან ომშია და ნებისმიერი უპასუხო კითხვა, ეჭვი ან ფაქტი, რომლის ახსნაც არ შეიძლება, დამღუპველი იქნებოდა”.

კიდევ ერთი დეპუტატი, ბორისლავ ბერეზა წერს:

“სააკაშვილის ზოგიერთი თანამებრძოლი, მას შემდეგ რაც დამწვრის სუნი იგრძნეს, კითხულობენ საიდან მოჰქონდა სააკაშვილს ფული. და ადრე რატომ არ უჩნდებოდათ ეს კითხვა? არ აინტერესებდათ, რა ჯდება კარვების ქალაქის საკვებით მომარაგება, მისი გათბობა და მთელი ეს აქტივობები? ძალიან საინტერესოა ამ კითხვებზე რეალური პასუხის მოსმენა და არა მორიგი ისტერიკის. ახლა ყველა ელოდება პასუხებს. ისინიც კი, ვინც ცოტა ხნის წინ სააკაშვილთან იდგა სცენაზე”.

პოლიტოლოგი, პოლიტიკურ კვვლევათა და კონფლიქტოლოგიის კიევის ცენტრის ხელმძღვანელი მიხაილ პოგრებენსკი ამბობს, რომ სააკაშვილს ხელისუფლება ებრძვის, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს:

“მე ვერ წარმომიდგენია, რომ სააკაშვილს ფული აეღო იანუკოვიჩისგან. ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მიმართ საზოგადოებას არავითარი ნდობა არ აქვს, ისევე როგორც არც თავად სააკაშვილის მიმართ არ აქვთ ნდობა. ცხადია, რომ სააკაშვილს ფულის აღების გამო არ ებრძვიან. პოროშენკოს ბევრი მეგობარი დღევანდელ ხელისუფლებაში, ფულს ყველასგან განურჩევლად იღებს, თუმცა მათ წინააღმდეგ საქმეს არავინ არ აღძრავს… უცებ გამოიგონეს მიზეზი, რომ სააკაშვილი თურმე სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა. სასაცილოა. არა მგონია, სააკაშვილი ციხეში ჩასვან. მაქსიმუმ შიდაპატიმრობას მიუსჯიან, რომ ხალხი არ გამოიყვანოს ქუჩაში”.

სააკაშვილი უარს აცხადებს პროკურატურაში გამოცხადებაზე. ის მოუწოდებს პროკურატურის წარმომადგენლებს, რადას წინ გაშლილ კარვების ქალაქში მივიდნენ და იქ დაკითხონ.

“ჩვენ მოთმინების დიდი უნარი გვაქვს. ადრე თუ გვიან მას მოუწევს გამოძიებისთვის პასუხების გაცემა”, – უპასუხა მას გენერალურმა პროკურორმა ლუცენკომ.

დასავლელი პოლიტიკოსების რეაქცია

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას… ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობა უკრაინის ხელისუფლებასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვეთანხმებით ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ”, – განაცხადა ჰიზერ ნოიერტმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა ტვიტერზე დაწერა:

“მე, რა თქმა უნდა, ველოდები მეტ ფაქტებს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებების მიმართულებით. ის, რაც დღეს უკრაინის ხელისუფლებამ ამ კუთხით წარმოადგინა, არც ისე კარგი იყო”

ევრომაიდანის მხარდამჭერი პოლიტიკოსი, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი უკრაინის ხელისუფლების უფრო მკაცრი კრიტიკით გამოვიდა:

“ახალი ამბები უკრაინიდან დამაფიქრებელია. პოლიტიკური დაკავებები რადიკალურად შეარყევს ქვეყნის ავტორიტეტს დასავლეთში. ეს უსაფრთხოების პრობლემაც არის”.

ესეც კარლ ბილდტის კიდევ ერთი ტვიტი:

“სააკაშვილის დაკავება იმ მოტივით, რომ ის ვიღაც რუსეთის აგენტია, ძალზე დილეტანტურად გამოიყურება. ვინ დაიჯერებს ამ ისტორიას?”

_____________

სააკაშვილი და მისი მომხრეები კვლავ რადასთან არიან შეკრებილები. იქვე მოქმედებს კარვების ქალაქიც, რომელიც აქ ჯერ კიდევ ოქტომბერში გაშალეს.

დილის შვიდ საათზე აქ სამართალდამცველები გამოჩნდნენ და შტურმით კარვების დაშლა დაიწყეს, თუმცა მალევე უკან დაიხიეს. შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე ადამიანი დაზარალდა.


ასევე წაიკითხეთ