რეპორტაჟი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აივ-დაინფიცირებული რეგიონიდან" />

რუსეთი აივ ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი ცენტრი ხდება

რეპორტაჟი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აივ-დაინფიცირებული რეგიონიდან

რუსეთი, აივ-დაინფიცირების შემთხვევების მხრივ, მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. შიდსით, საშუალოდ, დღეში 87 რუსი იღუპება. რუსეთის მილიონობით მოქალაქე აივ-ინფიცირებულია. პრობლემამ, რომელზეც რუსეთში თვალს ხუჭავენ, ზოგიერთ რეგიონში ეპიდემიის ხასიათი მიიღო.   

ერთ-ერთი ასეთი რეგიონია ირკუტსკის ოლქი. იქ 33, 5 ათასი აივ-დადებითი ადამიანი ცხოვრობს. რეგიონი ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს რუსეთში ინფექციის გავრცელების მხრივ. ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტები ირკუტსკის ოლქში იმყოფებოდნენ და გაარკვიეს, თუ ვინ და როგორ ებრძვის რეგიონში ამ დაავადებას.

ბრძოლა ინფექციასთან სახელმწიფო დონეზე

ირკუტსკში შიდსთნ ბრძოლისა და პროფილაქტიკის ცენტრი 1989 წელს გაიხსნა. თუმცა, დაავადებასთან რეალური ბრძოლით დაკავებულები იყვნენ უცხოური ორგანიზაციები: სოროსის ფონდი, „ექიმები საზღვრებს გარეშე“, ამერიკის წითელი ჯვარი – მათი დახმარება აივ ინფექციასთან ბრძოლის საშუალებას იძლეოდა.

თუმცა, 2012 წელს სიტუაცია შეიცვალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთში მიიღეს „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული ნებისმიერი კომერციული ორგანიზაციის უცხოეთის აგენტად მიჩნევისა და მისთვის უფლებების შეზღუდვის საშუალებას იძლეოდა. მაშინ ირკუტსკიდან წავიდა შიდსისა და აივ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის გაეროს გაერთიანებული პროგრამა – UNAIDS.

აივ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ადგილობრივი ორგანიზაციები

გარდა შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის სახელმწიფო ცენტრისა, რეგიონში დარჩა მხოლოდ პატარა არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც ამ პრობლემით არიან დაკავებული. მაგალითად, „ნავიგატორი“, რომელიც ნარკოდამოკიდებულებისთვის სტერილური შპრიცების დარიგებას ეწევა.

„ნავიგატორი“ გახსნა ალექსეიმ, რომელსაც აივ ინფექცია 90-იან წლებში შეეყარა. მაშინ ის ჰეროინზე იყო დამოკიდებული და იმის გამო დაინფიცირდა, რომ ნახმარი შპრიცი გამოიყენა.  

ალექსეის მიაჩნია, რომ დროა, ყველა გათავისუფლდეს იმ სტერეოტიპისგან, რომ აივ-ინფექცია მხოლოდ მარგინალურ წრეებში არსებობს. მისი თქმით, ირკუტსკში დაინფიცირების შემთხვევათა ორი მესამედი ქალსა და მამაკაცს შორის სქესობრივი კონტაქტის შედეგია.

ირკუტსკის ლგბტ-საზოგადოება

ირკუტსკის ერთადერთ ლგბტ-კლუბ „მინსკში“ პრაქტიკულად ქალაქის ყველა ლგბტ ადამიანი დადის. მისი დამაარსებლების, სტანისლავისა და ევგენის სიამაყის საგანს წარმოადგენს ის, რომ „მინსკიში“ ყველა მიმსვლელს უფასო აივ-ტესტირების საშუალება ეძლევა. მათი თქმით, ჩვეულებრივ აფთიაქში ასეთი ტესტი დაახლოებით 500 რუბლი (8 დოლარი) ღირს, კლუბის მუდმივ წევრებს კი ამ ტესტის გავლა არანაკლებ ოთხ თვეში ერთხელ აქვთ რეკომენდებული.

სტანისლავსა და ევგენის მიაჩნიათ, რომ აივ-ინფექციასა და შიდსთან ბრძოლის მთავრი პრობლემა ქალაქის შიდსის ცენტრთან  კომუნიკაციის შესაძლებლობის არქონაა. წესით, ეს ცენტრი ამ პრობლემის გადაწყვეტის მთავარი ორგანიზატორი უნდა იყოს. ისინი ჰყვებიან, რომ რუსეთში აივ-დაინფიცირების შემთხვევები ჰომოსექსუალებს შორის 18 პროცენტს შეადგენს, თუმცა შიდსის ცენტრის ხელმძღვანელობა უარს აცხადებს, რომ ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლებს ცალკე ლექცია ჩაუტარონ.

რუსეთში, ექიმებს შორისაც კი, ძველებურად გავრცელებულია ჰომოფობია. ბევრი მათგანი ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების მკურნალობაზე შეგნებულად აცხადებს უარს.

სამედიცინო გზით დაინფიცირება

ირინამ თავისი დიაგნოზის შესახებ ორსულობის მეორე თვეს შეიტყო. მისმა ქმარმა უარი განაცხადა დაეჯერებინა, რომ ის სამედიცინო გზით დაინფიცირდა, და ქალი მიატოვა.

ირინამ ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა, ზრდის მას, და პარალელურად, თავის მცირე ბიზნესით არის დაკავებული. ირინა იმ აზრის თვალსაჩინო უარყოფას წარმოადგენს, რომ აივ-ინფექცია მარგინალების დაავადებაა. ის წარმატებული, ლამაზი, კარგი შემოსავლის მქონე ქალია.

„ჩემი დიაგნოზის წყალობით, ფინანსურად ძალიან გავძლიერდი. ხვდები, რომ ცხოვრება დასრულებულია, და შავად წერის დრო აღარ არის. ახლა მე ისევ ბიზნესის სამყაროში ვარ, და შემიძლია ის ვაკეთო, რაც მსურს. მე ირკუტსკის ლეგენდა ვარ. მე ასევე ვიცნობ ჩვეულებრივ ნარკომან ბიჭებს, რომლებსაც ახლა წარმატებული ბიზნესი აქვთ“, – ამბობს ირინა.   

მისი თქმით, თავიდან ამ დიაგნოზის მიღება ადვილი არ იყო, თუმცა შემდეგ ის მისთვის მხოლოდ თვითგანვითარების სტიმულად იქცა.


ასევე წაიკითხეთ