"შეიძლება იტყუებიან, მაგრამ რუსები უკეთ გადმოსცემენ ინფორმაციას,“ - ამბობენ ჯავახეთსა და ქვემო ქართლში" />

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებზე?

"შეიძლება იტყუებიან, მაგრამ რუსები უკეთ გადმოსცემენ ინფორმაციას,“ - ამბობენ ჯავახეთსა და ქვემო ქართლში

სტენსილი ჯავახეთში, ერთ-ერთი სახლის ფასადზე. ფოტო: აგნეშკა ზიელონკა

საიდან იღებს ინფორმაციას ეთნიკურად არაქართველი საქართველოს ათასობით მოქალაქე?

რა იციან მათ ევროპის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ? ვინ და რა ფორმით აწვდის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს ანტიდასავლურ გზავნილებს და როგორ მუშაობს პროპაგანდა? – კვლევა, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა საქართველოს ორ რეგიონში – ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩაატარა, ამ კითხვებზე სცემს პასუხს.

ამ ორ რეგიონში კომპაქტურად ცხოვრობს ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა. უმრავლესობამ სახელმწიფო ენა – ქართული არ იცის.

საქართველოში სულ 233 ათასი ეთნიკური აზერბაიჯანელი და 168,1 ათასი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, რაც საერთო ჯამში საქართველოს მოსახლეობის თითქმის 11 პროცენტია. მათმა უმეტესობამ სახელმწიფო ენა – ქართული არ იცის. 

მთავარი, რაც კვლევის შედეგად გამოჩნდა არის ის, რომ წლების შემდეგაც ამ რეგიონებში არაფერი შეცვლილა – ინფორმაციის მისაღებად ისინი რუსულ არხებს უფრო ხშირად უყურებენ, ვიდრე ქართულს; ხოლო ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად აქ კვლავ “ოდნოკლასნიკები” რჩება.

ინფორმაციის წყაროები

უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას ძირითადად რუსული არხებიდან იღებენ – ყველაზე დიდი წილი რუსეთის პირველ არხზე მოდის, რასაც რუსული RT და როსია 1 მოსდევს.

ქართულ არხებს აქ თითქმის არავინ უყურებს. ოპოზიციური ,,რუსთავი 2“-ის და პროსახელისუფლებო “იმედის“ მიმართ ნდობა აქ თანაბარია.

• საიდან იღებენ ინფორმაციას საქართველოში მცხოვრები მუსლიმები?

• ვინ და როგორ ავრცელებს საქართველოში კრემლის გზავნილებს

• 25 ფოტო ჯავახეთიდან, რომელიც ამ მხარეს კიდევ უფრო შეგაყვარებთ

• აზერბაიჯანული ნაღმები საქართველოში

რესპონდენტები იმასაც ჩივიან, რომ ცენტრალური მედია ძალიან ცოტა დროს უთმობს რეგიონის პრობლემების გაშუქებას.

დაბალია საზოგადოებრივი მაუწყებლის სანდოობაც. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მხოლოდ 16 პროცენტი უყურებს და ეს მაშინ, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები ეთნიკური უმცირესობების ენებზეცაა წარმოდგენილი, მაგალითად, პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომელიც აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ონლაინ-რადიო და ინტერნეტ-ტელევიზია, ასევე საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

ფაქტია, რომ ეს გადაცემები ვერ აკმაყოფილებენ სრულად ეთნიკური უმცირესობების მოთხოვნებს და საზოგადოებრივი მაუწყებელი სათანადოდ ვერ ასრულებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით.

ფოკუსჯგუფის მონაწილეებმა ქართული და რუსული სატელევიზო არხების გარდა, ინფორმაციის წყაროებად სომხურენოვანი, აზერბაიჯანული და თურქულენოვანი მედია დაასახელეს.

რას ისმენენ საქართველოს მოქალაქეები რუსული არხებიდან?

როგორც გამოკითხულები ამბობენ, რუსულ ტელეარხებზე ერთ-ერთი მთავარი გზავნილია სირიის კონფლიქტში აშშ-ის წარმოჩენა, როგორც ძალადობისა და ტერორიზმის ხელშემწყობი ძალის. გზავნილები შემდეგი სახისაა:

  • კოალიცია აშშ-ს მეთაურობით ძალადობას, კონფლიქტებს და ტერორიზმს ახალისებს;
  • ქიმიური თავდასხმა სირიაში ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმის პასუხისმგებლობა კი არა, აშშ-ს და კოალიციის პროვოკაციაა;
  • აშშ სირიაში ჰუმანიტარულ დახმარებას აფერხებს;
  • აშშ არასანდო პარტნიორია;
  • ამერიკა ახალისებს გადატრიალებებს, ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში.

მეორე მტერი ქვეყანა რუსულ ტელეარხებზე დიდი ბრიტანეთია. აქ სამი ძირითადი გზავნილი გამოიკვეთა: 1) სკრიპალების მოწამვლის საქმე, 2) ბრიტანული სპეცსამსახურები ადამიანებს ფიზიკურად ანადგურებენ და 3) ლონდონი ფულის გათეთრების ქალაქია.

რაც შეეხება ევროკავშირთან დაკავშირებულ გზავნილებს, მთავარი მიგრაციის კრიზისია. ევროკავშირის ლიბერალური პოლიტიკა დემონურად და ქსენოფობიურადაა წარმოჩენილი, ხოლო მიგრანტები კრიმინალებად და ტერორისტებად მოიხსენიებიან.

მესამე ქვეყანა, რომელსაც რუსულ არხებზე ხშირად ახსენებენ უკრაინაა. უკრაინის თემასთან დაკავშირებით რუსული ტელეარხები დამნაშავედ დასავლეთს ასახელებენ. გზავნილებში იკვეთება შემდეგი: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ამერიკული პროექტია და უკრაინის სახელმწიფოებრიობა გამოგონილია.

რუსულ არხებზე დასავლეთთან დაკავშირებული გზავნილებია: დასავლეთი ახალისებს ძალადობას/კონფლიქტებს, დასავლეთი კრიზისშია, დასავლეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს და საფრთხეებს ხელოვნურად ქმნის. იგი ებრძვის ტრადიციულ იდენტობას და ამკვიდრებს მიუღებელ ღირებულებებს.

პოპულარულია ჯორჯ სოროსის ფიგურა, როგორც მსოფლიოში ხავერდოვანი რევოლუციების ხელშემწყობისა, რომელიც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევა.

ამ ყველაფრის საპირისპიროდ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რუსულ არხებს უყურებენ, ისმენენ რომ რუსეთი ტერორიზმთან მებრძოლი ძალაა, რომელსაც მსოფლიოში უძლეველი სამხედრო უპირატესობა აქვს და მისი როლი მსოფლიო უსაფრთხოებაში გადამწყვეტია.

სჯერათ თუ არა ინფორმაცია, რომელსაც რუსული არხებით ისმენენ?

არც ამ მხრივ არის სახარბიელოდ საქმე.

მაგალითად, გამოკითხულთა 60 პროცენტს სჯერა დეზინფორმაციის ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რომელსაც რუსული არხები წლებია ავრცელებენ. [რუსები ავრცელებენ “ინფორმაციას”, რომ ამერიკელების მიერ საქართველოში გახსნილი ლუგარის ლაბორატორია, რომელიც რეალურად სამეცნიერო კვლევებს ატარებს, საშიში ადგილია, საიდანაც სხვადასხვა დაავადებები და ეპიდემიები ვრცელდება_JAMnews].

• ლუგარის ლაბორატორია საინფორმაციო ფრონტის წინა ხაზზე 

ასევე გამოკითხულებს სჯერათ, რომ “ამერიკა აღმოსავლეთში ტერორისტებს უჭერს მხარს”.

რესპონდენტთა უმრავლესობა ასევე დარწმუნებულია, რომ რუსული ბაზარი უფრო სტაბილურია, ვიდრე ევროკავშირის.

ნახევარზე მეტმა (56,2%) ასევე სანდოდ მიიჩნია ცრუ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს.

ჯავახეთში გამოკითხულები (46%) ასევე დარწმუნებულები არიან, რომ ნატოში შესვლის შემდეგ საქართველოში თურქეთის ჯარი შემოვა.

ყველაზე ნაკლებად სარწმუნო ყარსის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია აღმოჩნდა, რომლის თანახმად,  2020 წელს ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის, რასაც შედეგად თურქეთის მიერ აჭარის დაბრუნება მოჰყვება.

კვლევის ფარგლებში მედია მონიტორინგი 2018 წლის 1 მაისიდან 15 ნოემბრამდე განხორციელდა. კვლევისთვის შერჩეულ 8 ფოკუს ჯგუფში 64 ადამიანი მონაწილეობდა.

მედიის განვითარების ფონდი ( MDF) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიმართულებაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა, ასევე მრავალფეროვანი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარება. ეს ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს  რუსული “რბილი ძალისა” და რუსული პროპაგანდის კვლევის საქმეში.


ასევე წაიკითხეთ