საქართველოს პრეზიდენტს კვლავ აკრიტიკებენ. ამჯერად შეწყალების პოლიტიკის გამო" />

როგორ მოხვდნენ შეწყალებულთა სიაში პოლიციელისა და სტუდენტის მკვლელობაში ბრალდებულები?

საქართველოს პრეზიდენტს კვლავ აკრიტიკებენ. ამჯერად შეწყალების პოლიტიკის გამო

სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის ორი მძიმე მკვლელობაში ბრალდებული პირია

ორი კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საიდუმლოა, თუმცა ირკვევა, რომ მათ შორის ორი მძიმე მკვლელობაში ბრალდებული პირია: ერთმა 22 წლის პოლიციელი მოკლა, მეორემ – 18 წლის სტუდენტი. 

______________

ისტორია პირველი: 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ ,,ვეგასში”, 22 წლის პოლიციის ოფიცერი თარაშ მუკბანიანი მისივე ტაბელური იარაღით მოკლეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის 12 წელი მიუსაჯა რამაზ დევაძეს.

თავდაპირველად დევაძემ და მისმა მეგობრებმა კლუბში მყოფ აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მოქალაქეებთან დაიწყეს ჩხუბი.

პოლიციელმა მუკბანიანმა მათ დამშვიდება სთხოვა, რის შემდეგაც დევაძემ და მისმა მეგობრებმა მუკბანიანს სასტიკად სცემეს. დევაძემ პოლიციელს ტაბელური იარაღი წაართვა და თავში გასროლით ადგილზე მოკლა.

ხუთწლინახევრის შემდეგ პოლიციელის მკვლელი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.

• ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ახალი პრეზიდენტი?

ისტორია მეორე: 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, საღამოს შვიდ საათზე თბილისის ცენტრში, პეკინის გამზირზე 18 წლის დავით ოთხმეზური დანით მოკლეს. 12 წლის შემდეგ ამ მკვლელობისთვის ასლან ბეჟანიძე გაასამართლეს.

გამოძიების თანახმად, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურისთვის მობილური ტელეფონის წართმევას ცდილობდა.

ბეჟანიძე 12 წლის განმავლობაში ემალებოდა სამართალდამცავებს. ის მხოლოდ 2016 წლის მარტში დააკავეს და 6 წელი და 9 თვე ციხე მიუსაჯეს.

სამწლინახევრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ბეჟანიძე შეიწყალა.

ეს მხოლოდ ორი გახმაურებული შემთხვევაა, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებზე საჯაროდ გახდა ცნობილი.

 

“არ გეტყვით რატომ”

28 აგვისტოს, მარიამობას, პრეზიდენტმა 34 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთა სია და მათი ვინაობა საიდუმლოა. თავდაპირველად ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ მათ შორის იყო რვა ქალი და ერთი არასრულწლოვანი.

თუმცა, მიუხედავად სიის კონფიდენციალურობისა, ამ ორმა ისტორიამ მედიაში მაინც გაჟონა.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთა შეწყალების ფაქტებს საზოგადოებამ პრეზიდენტის მორიგი მკვეთრი კრიტიკით უპასუხა.

თუმცა, ამჯერად, ზურაბიშვილის კრიტიკას ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

“ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. არ შეიძლება პრეზიდენტმა ან ნებისმიერმა ადამიანმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს,“ – თქვა  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების კომენტირებისას.

„მიუღებელი“ უწოდა ამ ფაქტს თბილისის მერმა კახი კალაძემ.

შს მინისტრმა ვახტან გომელაურმაც იგივე სიტყვა იხმარა პოლიციელის შეწყალების კომენტირებისას.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს აქვს ერთპიროვნული უფლება შეიწყალოს ნებისმიერი მსჯავრდებული, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მოხდილი სასჯელის ვადისა.

ასევე, პრეზიდენტი არ არის ვალდებული განმარტოს, თუ რა კრიტერიუმებით ისარგებლა მან პატიმრის შეწყალებისას.

ჟურნალისტებთან ურთიერთობაში ისედაც ხისტი სალომე ზურაბიშვილი კანონის ამ ჩანაწერს საკმაოდ „ეფექტურად“ იყენებს:

“რატომ შევიწყალე ამას ნამდვილად არ გეტყვით. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და ყველა იურისტმა და არაიურისტმა იცის ეს კარგად. ეს თემა გახდა უეცრად სალაპარაკო მაშინ, როდესაც აქ ამდენია სალაპარაკო და პოზიტივი,“ – უთხრა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს 29 აგვისტოს.

ხოლო, მას შემდეგ, რაც პოლიციელის მკვლელის შეწყალების გამო პრეზიდენტი უმრავლესობის წარმომადგენლებმა და ასევე მთავრობის წევრებმაც გააკრიტიკეს, პრეზიდენტმა ტონი შეცვალა და თქვა, რომ „გამოდის ინიციატივით, შეწყალების სისტემა დაიხვეწოს“.

ჟურნალისტების კითხვებს შეწყალების თემასთან დაკავშირებით არ პასუხობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

შეწყალების საკითხთა კომისიის ვებ-გვერდზე კი, ბოლო განახლებული ინფორმაცია 2018 წლით ოქტომბრით თარიღდება, როდესაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო. [შეწყალებულ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა იყო ექს-პრეზიდენტ მარგველაშვილთანაც. მის მიერ შეწყალებულმა რამდენიმე ადამიანმა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მძიმე დანაშაული ჩაიდინა_JAMnews]

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მძიმე მკვლელობებში ბრალდებულ პირთა შეწყალების უკან, შესაძლოა, კორუფციული ან სხვა სახის ინტერესები იდგეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ „სხვა ადამიანები პრეზიდენტზე ზემოქმედებას ახდენენ და მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაში არწმუნებენ“.

დეპუტატი აცხადებს, რომ საქმეში გამოძიება უნდა ჩაერთოს, რომელიც შეისწავლის, ვინ დგას ამ ყოველივეს უკან.


ასევე წაიკითხეთ