არც ერთი სხვა არჩევნების დროს გარემოსდაცვითი თემები არ ყოფილა ასეთი პრიორიტეტული" />

როგორ აპირებენ თბილისის მერობის კანდიდატები გარემოს დაცვას?

არც ერთი სხვა არჩევნების დროს გარემოსდაცვითი თემები არ ყოფილა ასეთი პრიორიტეტული

21 ოქტომბერს თბილისი ახალ მერს ირჩევს. წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის ის, რომ მერობის ყველა მთავარი კანდიდატი თავის საარჩევნო პროგრამაში ყურადღებას ეკოლოგიის, გამწვანებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემებზე ამახვილებს. საქართველოს საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში გარემოსდაცვითი თემები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული და “მწვანე” თემების ასეთი მასშტაბით შემოჭრა საარჩევნო კამპანიაში საქართველოსთვის სიახლეა, რომელსაც ობიექტური მიზეზები აქვს.

მწვანე საფარის შემცირება, გაუმართავი ავტომანქანების მოძრაობა, დაბალხარისხიანი საწვავი, მშენებლობები სანიტარული ნორმის დაცვის გარეშე  – ამ და სხვა მიზეზების ერთობლიობის შედეგად თბილისში ცხოვრება ყოველდღიურად უფრო და უფრო სახიფათო ხდება ჰაერის დაბინძურების გამო.

ბოლო წლების ისტორიაში პირველად, თითქოს საზოგადოების მხრიდან წამოსული სულისკვეთება,  2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ იგრძნეს პოლიტიკურმა პარტიებმა. NDI-ის მიერ 2017 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით:

  • თბილისელთა 44% გარემოს დაბინძურებას მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებს,
  • 23%-ს კი პარკებისა და გამწვანების საკითხი აღელვებს.
ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზები მწვანე საფარის განადგურება, ასევე – ძველი და გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის აგვისტოში, თბილისში, ჰაერის ანალიზის შედეგად, აზოტის დიოქსიდის და სხვა მავნე ნივთიერებების ჭარბი ოდენობა დაფიქსირდა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ თითქმის ყველა მერობის კანდიდატი თავის საარჩევნო პროგრამით მოსახლეობას ამ პრობლემების მოგვარებას ჰპირდება. რა გეგმები აქვთ ამ მიმართულებით მერობის კანდიდატებს?

ჩვენ ოთხი ყველაზე რეიტინგული კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებები შევისწავლეთ, რომლებიც მათ პროგრამაში მოხვდა:

კახი კალაძე, “ქართული ოცნება”

მმართველი გუნდის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ ეკოლოგია მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

კალაძის აზრით, თბილისის გარემოს ყველაზე მეტად ტრანსპორტი და მშენებლობები აბინძურებს.

“ასევე, მნიშვნელოვანია პარკების, რეკრეაციული ზონების არსებობა-განვითარება, ნარჩენების მართვის საკითხიც გვაქვს მოსაგვარებელი. სიცოცხლით სავსე ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალაქის ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა”, – აღნიშნა კახა კალაძემ თავისი წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას.

ის მიითნევს, რომ თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია:

  • ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება,
  • განახლდეს მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი,
  • განვითარდეს საბაგირო ხაზები და მოხდეს ელექტრომობილების პოპულარიზაცია.

ზაალ უდუმაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა”

ეს კანდიდატი თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზოროდ მოგვევლინა, რომელიც თბილისს საცობებისა და სხვა გარემოსდაცვითი პრობლემებისგან ათავისუფლებს.

ის აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ღია წესით შეირჩევა.

ის პირობას დებს, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას მწვანე ზონად გადააქცევს.

“გამოვისყიდით ყოფილ იპოდრომის ტერიტორიას ცენტრალური პარკის გასაშენებლად. მოვაწყობთ ახალ პარკებს ყოფილი ზოოპარკის და ორთაჭალის “სამთავრობო ქალაქის” ტერიტორიაზე. მოვაწესრიგებთ და გავამწვანებთ სკვერებს და ეზოებს. ასევე, გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს შევარჩევთ ღია წესით, საჯარო კონსულტაციების შედეგად”, – აცხადებს “ნაცმოძრაობის” მერობის კანდიდატი.

კალაძის მსგავსად, უდუმაშვილიც მიიჩნევს, რომ დედაქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად, ტექდათვალიერების შემოღება აუცილებელია, თუმცა ამის გაკეთებას ეტაპობრივად გეგმავს:

“აუცილებელია ქალაქში იაროს გამართულმა ავტომობილმა. აქაც, ალბათ, არ შეიძლება ხისტი მიდგომა. სრული სტანდარტი რომ დავაწესოთ აქ, რაც ევროკავშირის მოთხოვნებშია ავტომობილებზე, ყველა ის სტანდარტი ხვალვე რომ დააკმაყოფილოს, აქ უნდა გავითვალისწინოთ ძალიან ბევრი ავტომფლობელის სოციალური მდგომარეობა. ალბათ, ეტაპობრივად უნდა მოხდეს გამკაცრება იმ ნორმების, რაც საბოლოო ჯამში იქამდე მიგვიყვანს, რომ ქალაქში იაროს სრულიად გამართულმა ავტომობილებმა, არ შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ ადამიანები”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ელენე ხოშტარია, “ევროპული საქართველო”

“ევროპული საქართველოს” კანდიდატი ელენე ხოშტარია მთავარ აქცენტს მწვანე საფარსა და სარეკრეაციო ზონების გაშენებაზე აკეთებს. უდუმაშვილის მსგავსად, ისიც დებს პირობას, რომ მისი არჩევის შემთხვევაში თბილისს ცენტრალური პარკი ექნება:

“გარდა ცენტრალური პარკისა, აუცილებლად უნდა შევქმნათ სარეკრეაციო სივრცეები, მოვუაროთ მწვანე საფარს, რომელიც ქალაქში უამრავი გაგვაჩნია. მაგალითად, ავჭალაში ვნახე არაჩვეულებრივი მეფუტკრეობის დასახლება, სადაც ყველაფერი ხმება, ამას ჭირდება მოვლა. ამის შემდეგ ის გახდება ადამიანებისთვის ძალიან სასიამოვნო სარეკრეაციო სივრცე. ასევე ხუდადოვის ტყე, ასევე დენდროლოგიური პარკი, არსებობს უამრავი ადგილი, რომელსაც ჭირდება მოვლა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ადამიანებს უნდა შეეძლოთ იქამდე მისვლა. ამ ყველაფერის შემდეგ ჩვენ ყველა ვიცხოვრებთ ქალაქში, სადაც სიტყვა “ვიხრჩობი” და “ჰაერი არ არის” დასრულდება. თბილისში სრულიად შესაძლებელია პენსიონერები არ ტიროდნენ, ადამიანები დასაქმებულები იყვნენ და გვქონდეს სუფთა ჰაერი”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

ალეკო ელისაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი თბილისში დღეს შექმნილ ეკოლოგიურ ვითარებას “კატასტროფულს” უწოდებს და ამ პრობლემის გამოსასწორებლად ყველაზე რადიკალური ზომების მიღებას აპირებს. ის ამბობს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, ქალაქში სიმწვანეს გააოთხმაგებს.

”90 პროცენტით ჰაერი გამონაბოლქვით ბინძურდება. ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამო, რომელიც გაუმართავია, 3-ჯერ არის გოგირდის დიოქსიდის ნორმა გაზრდილი. ამის გამო კატასტროფულად არის გახშირებული სიმსივნური დაავადებები. მტვერთან და გამონაბოლქვთან ბრძოლისთვის აუცილებელია გამართული ტრანსპორტი დადიოდეს ქალაქში. სიმწვანეს რაც შეეხება – სიმწვანე ერთ სულ მოსახლეზე კვადრატული მეტრობით ითვლება და არა ცალობით. თბილისში 80-იან წლებში 12 კვადრატული იყო ერთ სულ მოსახლეზე. დღეს ეს მაჩვენებელი სამ კვადრატულზე ნაკლებია”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი და აღნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქში გამწვანებას გააოთხმაგებს.

სხვა კანდიდატების მსგავსად, ელისაშვილიც ფიქრობს, რომ სამშენებლო რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.

“ოთხი წლის განმავლობაში სავსებით რეალურია, რომ 100 ათასი მანქანა მოაკლდეს ქალაქს. ეს არის 450 ათასი ტონა ნახშირორჟანგის მოკლება ქალაქისთვის, რაც, ნამდვილად, შვება იქნება.  მე გამარჯვების შემთხვევაში არ ვაპირებ ოთხწლიანი და ერთ საარჩევნო ციკლზე გაწერილი პროექტების წარმოდგენას – ქალაქს უნდა ჰქონდეს განვითარების 20 წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად დაისახავს მანქანების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანას, ასევე წაახალისებს ელექტროტრანსპორტის განვითარებას”, – აცხადებს ელისაშვილი.

* ფოტოები აღებულია კანდიდატების ოფიციალური ფეისბუკ-გვერდებიდან


ასევე წაიკითხეთ