სიღარიბის გამო? იმიტომ, რომ ცნობილები გახდნენ? ამერიკელ პროფესორს სხვა ვერსია აქვს" />

ვიდეო: რატომ ხდებიან ისლამური ექსტრემისტები?

სიღარიბის გამო? იმიტომ, რომ ცნობილები გახდნენ? ამერიკელ პროფესორს სხვა ვერსია აქვს

ხარუნ ულა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის პროფესორი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი პანკისში მოგზაურობის შემდეგ თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

ვიდეოს ქვეშ – თარგმანი ქართულ ენაზე

“რა უბიძგებს ადამიანებს, გახდნენ რელიგიური ექსტრემისტები – თვითმკვლელი-ექსტრემისტებიც კი?

როგორც ადამიანთა უმრავლესობას, მიმაჩნია, არსებობს ორი მთავარი პასუხი – სიღარიბე და უმეცრება.

პირველი გულისხმობს, რომ სიღარიბე, რომლიდან გამოსავალიც თითქოს არ ჩანს, აღვიძებს სიბრაზეს და უკმაყოფილებას მათ მიმართ, ვისაც მეტი აქვს. თუ ადამიანი არჩევანის წინაშე დგას – წამებულად მოკვდეს, თუ მათხოვრად, პირველი პერსპექტივა აშკარად იმარჯვებს.

რაც შეეხება გაუნათლებლობას, ღარიბებს არ აქვთ სათანადო განათლების მიღების საშუალება და ამიტომ, მათი მართვა იოლია. ჭკვიანი ადამიანები მათ ეჭვებსა და ცრურწმენებზე თამაშობენ.

ექსტრემისტის ხელში მოხვედრილი გაუნათლებელი და ღარიბი ახალგაზრდას გონებაზე ზემოქმედება, ან მისი იდეოლოგიური დამუშავება სიძნელეს არ წარმოადგენს. მსოფლიოში სიღარიბეს და გაუნათლებლობას რა დალევს, და ამიტომ ამ საქმეში ბევრი ადამიანის  ჩათრევა შეიძლება. აი, ასე ხსნიან ტერორიზმის წარმოშობას.

შემდეგ გავემგზავრე პაკისტანში, და რეალურად ვიცხოვრე იმ სამყაროში, საიდანაც ექსტრემისტთა რიგები ივსება. რასაც იქ შევეჯახე, ჩემს მოლოდინს სრულიად არ ემთხვეოდა.

ვინც ექსტრემისტი ხდებოდა, სიღარიბესთან ცოტა რამ აკავშირებდათ, გაუნათლებლობასთან კი – მით უფრო. შევხვდი ადამიანებს, რომლებმაც  რელიგიური ექსტრემისტობა გადაწყვიტეს და მზად იყვნენ, თავი გაეწირათ თავიანთი საქმისათვის; მათი უმეტესობა საშუალო ფენის წარმომადგენელი იყო და ბევრ მათგანს უმაღლესი განათლებაც ჰქონდა. ისინი არც ღარიბები იყვნენ და არც გაუნათლებლები, პირიქით – ძირითადად, კარგად ნაკვები და ნაკითხი წევრები ჰყავდათ.

თუკი სიღარიბე და უმეცრება არ უბიძგებს ადამიანებს ექსტრემიზმისაკენ, მაშინ რაშია საქმე?

ერთ-ერთი მოტივია საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნების სურვილი და წესრიგისკენ სწრაფვა. პაკისტანში ჯერ კიდევ ბატონობს ქაოსი და კორუფცია. ისლამისტები სთავაზობენ ყველა პრობლემის მკაფიო გადაწყვეტას: აი, როგორ შეიცვლება ყველაფერი, თუ თქვენ ამ წესებს დაემორჩილებით; ოღონდაც სწორედ ამ წესებს!

მეორეა – გარდაქმნის სურვილი. ძველი, კორუმპირებული წყობა უნდა დაემხოს, რაც მხოლოდ ძალისმიერი საშუალებებითაა შესაძლებელი. და აქ კვლავ ჩნდება ექსტრემისტი, რომელიც მმართველობის ახალ ფორმას ჰპირდება, თან თავს მსხვერპლად წარმოაჩენს და ახალგაზრდებს არწმუნებს, რომ მათ არ აკისრიათ პასუხისმგებლობა ქვეყნის მძიმე მდგომარეობის გამო – აქამდე სხვებმა მიიყვანეს. ამ საწამლავს ბევრი სიამოვნებით ყლაპავს. რა თქმა უნდა, ამ იდეებს ხშირად სთავაზობდნენ თავიანთ მიმდევრებს ტირანები და დემაგოგები – ლენინი, მუსოლინი, ჰიტლერი თუ ბინ ლადენი.

პაკისტანში ცხოვრებისას ერთხელ თავად გავხდი ამგვარი ‘გონების მოწამვლის’ მოწმე. მრავალრიცხოვან მკვლელობათა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირის მკვლელობის შემდეგ საშუალო ფენის წარმომადგენელ ოჯახს ვესაუბრებოდი. მცირე ბიზნესის მფლობელი მამა და ექთანი დედა, რომლებმაც თავიანთ ვაჟს შესაფერისი ცხოვრების პირობები შეუქმნეს და მას არაფერი აკლდა, გაოცებით მიამბობდნენ რამდენიმე დღის წინათ ოჯახთან ერთად ვახშმობისას მათი ვაჟის ნათქვამს – ‘ის მოკლული სიკვდილის ღირსი იყოო’. თურმე იმიტომ, რომ რელიგიურ უმცირესობათა სახელით ლაპარაკობდა. მშობლები გაკვირვებას ვერ მალავდნენ – როგორ შეეძლო მათ ვაჟს, განათლებულსა და კარგად აღზრდილ ადამიანს, ასე ეფიქრა? და ეს მეტისმეტად სახასიათო ისტორიაა.

მაშ, რა უნდა მოვუხერხოთ ამ ექსტრემიზმს?

უპირველესად, უნდა გავთავისუფლდეთ ცრუ წარმოდგენებისგან, თითქოს ყველაფერი სიღარიბის და გაუნათლებლობის ბრალია.

მეორე – წინ აღვუდგეთ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს. ავხსნათ, თუ რა არის მათი დაპირებული ‘უკეთესი გზა’  სინამდვილეში –  მეტი სიკვდილი, მეტი ტანჯვა და მეტი სიღარიბე. ანუ ახალგაზრდობამ მეტი სიცხადით უნდა დაინახოს, რას წარმოადგენენ ეს ექსტრემისტული დაჯგუფებები. მხოლოდ მაშინ შემცირდება მათი რიცხვი.

მესამე – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა უნდა შეწყვიტონ ექსტრემისტების თავისუფლებისთვის მებრძოლებად წარმოჩენა. ამგვარი რიტორიკა დამახასიათებელია პაკისტანისნაირი ქვეყნებისთვის.

მეოთხე – მშობლებსა და პედაგოგებს არ უნდა ეგონოთ, რომ მათი შვილები და აღსაზრდელები მათსავით უარყოფენ რელიგიურ ექსტრემიზმს. საშუალო ფენის წარმომადგენელი მშობლები და პედაგოგები ფხიზლად უნდა იყვნენ და ბავშვებს ზომიერი პლურალისტური ფასეულობები ჩაუნერგონ.

მეხუთე – პოლიტიკოსებმა უნდა შეწყვიტონ საკუთარ პრობლემებში დასავლეთის დადანაშაულება და წინ აღუდგნენ ქრონიკულ კორუფციას, რომელიც შიგნიდან ანგრევს ისეთ ქვეყნებს, როგორიც პაკისტანია.

მეექვსე და ყველაზე მთავარი – ისლამის რელიგიურმა მოღვაწეებმა თავი უნდა დაანებონ ხალხის გაბრიყვებას, ან, რაც უარესია, ე.წ.  იმ ‘წამებულ’ მუსლიმთა განდიდებას, რომლებიც ისლამის სახელით უდანაშაულო ადამიანებს, მათ შორის, მუსლიმებს ხოცავენ. ეს რელიგიური ლიდერები ამ მკვლელებს საუკუნო სატანჯველით უნდა ემუქრებოდნენ და არა სამოთხეს ჰპირდებოდნენ. პაკისტანისა და სხვა ქვეყნების ხალხებს, სადაც მუსლიმები ჭარბობენ,  უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად აქვთ. მაგრამ, ექსტრემიზმი მხოლოდ აუარესებს საქმეს ყველგან და ყოველთვის.

სიღარიბე და ტანჯვა კი არ იწვევს რელიგიურ ექსტრემიზმს,  პირიქით – რელიგიურ ექსტრემიზმს მივყავართ სიღარიბის, ტანჯვისა და სიკვდილისკენ.

მე ჰარუნ ულა ვარ, ჯორჯთაუნის საერთაშორისო სკოლის ადიუნქტ-პროფესორი, პრეიგერის უნივერსიტეტისთვის”.


ასევე წაიკითხეთ