JAMnews-ის ვიდეორგოლი: განმარტება და დემონსტრაცია" />

რატომ უბერავენ ბავშვებს ცხვირში აზერბაიჯანელი სახალხო მკურნალები?

JAMnews-ის ვიდეორგოლი: განმარტება და დემონსტრაცია

ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, გული ერევა, ახველებს და ცხვირი ექავება. ძველად აზერბაიჯანში ყველა ეს სიმპტომი იმის ნიშანი იყო, რომ მშობელს ბავშვი ჩოფჩუსთან უნდა მიეყვანა. ამ ტიპის სახალხო მკურნალები დღესაც აქტიურად მოღვაწეობენ. ჩოფჩუ ბავშვს მთელი ძალით უბერავს სულს ნესტოებში და ამ გზით ცდილობს, ყელიდან მოაცილოს „ჩოფი“ – საჭმლის ნარჩენები (ან რაიმე სახის „ნაგავი“ – ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება ბავშვს გადაეყლაპოს), რომლებიც ავადმყოფს ნუშისებრ ჯირკვლებში გაეჭედა.

ამჟამად ჩოფჩუს „ეფექტიანობის“ შესახებ ორი განსხვავებული მოსაზრება არსებობს და ბოლომდე არცერთი მათგანი არაა დამტკიცებული. არსებობენ ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეს სახალხო მედიცინის შეუსწავლელი ფენომენია, რომელსაც ტრადიციულ მედიცინაზე უფრო მძლავრი ეფექტი გააჩნია; სხვები კი მიიჩნევენ, რომ ჩოფჩუ წმინდა წყლის აფერაა.

რაც შეეხება კანონმდებლობას, უნდა აღინიშნოს, რომ ჩოფჩუების საქმიანობა არ იკრძალება, ანუ ასეთი პრაქტიკა აღმკვეთ ღონისძიებებს არ ითვალისწინებს. განსხვავებით მკითხაობისგან, რომელიც, ოფიციალური რეგულაციების თანახმად, თაღლითობად მიიჩნევა.

ჩოფჩუები რეგიონებში უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ვიდრე ქალაქებში. ბაქოს მიმდებარე სოფლებში არაერთი ასეთი მკურნალი მოღვაწეობს და იმ სერვისზე, რომლებსაც ისინი სთავაზობენ მომხმარებელს, საკმაოდ დიდი მოთხოვნა ფიქსირდება. უნდა ითქვას, რომ აქ ძალიან მარტივია ჩოფჩუს პოვნა – ყოველთვის მოიძებნება მაღაზიის გამყიდველი ან ტაქსის მძღოლი, რომელიც მკურნალის რეზიდენციამდე მისასვლელ გზას მიგასწავლით.

ერთ-ერთი ასეთი მკურნალი სოფელ შუველანში ცხოვრობს. უკვე ოცდაათი წელია, რაც 51 წლის ლეილა იბადოვა ამ საქმითაა დაკავებული (ანუ „ჩოფები გამოჰყავს“). ეს მათი ოჯახური ხელობაა, რომელიც უკვე მეხუთე თაობას გადაეცემა. ყველაფერი კი ლეილას დიდი ბებიით დაიწყო, რომელიც წარმოშობით ირანელი იყო. იბადოვას ვაჟიც ჩოფჩუა. ლეილა იმედოვნებს, რომ მისი შვილიშვილებიც ამ საქმეს გააგრძელებენ.

ლეილა იბადოვა დარწმუნებულია, რომ ჩოფჩუობა უბრალოდ ნიჭია და ამ საქმის სწავლა შეუძლებელია. იგი მეტწილად ბავშვებს ეხმარება, მაგრამ აცხადებს, რომ ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე მის პაციენტებს შორის საგრძნობლად იმატა მოზრდილი ადამიანების რაოდენობამ. იგი ამბობს, რომ ისეთი ავადმყოფების განკურნებაც კი შეუძლია, რომლებსაც ექიმები საოპერაციოდ ამზადებენ – მას დახმარების თხოვნით რუსი და თურქი პაციენტებიც კი მიმართავენ.

ლეილა იბადოვა ამაყობს მეწარმის მოწმობითა და იმით, რომ გადასახადებს იხდის. ამას გარდა, მისი სიამაყის საგანს წარმოადგენს ადგილობრივი მედიაორგანიზაციისგან მიღებული დიპლომი. ლეილას თქმით, ზემოაღნიშნულმა მედიაკომპანიამ მისი საქმიანობა ექიმების დახმარებით შეისწავლა.

ექიმი გაიბ ალიევი ამბობს, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, არსებობს იმის ალბათობა, რომ ბავშვის ყელში მდებარე მსხლისებურ ჩანთებში უცხო სხეულები ჩარჩეს. მაგრამ სტატისტიკურად ასეთი ალბათობა ვერც კი შეედრება იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ჩოფჩუების კარებთან რიგებად ეწყობიან ხოლმე: «ამასთან ბავშვის ზრდასთან ერთად მსხლისებური ჩანთები სწორდება და ამის ალბათობა მცირდება. ცალსახად ვერ გეტყვით, რა ხდება ჩოფჩუების სეანსებზე. გაურკვეველია, მართლა რაღაცას იღებენ ცხვირის ღრუდან, თუ ეს უბრალოდ ილუზიონისტის ფანდია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ თემაზე ტელეარხ Discovery Science-ისთვის სამეცნიერო-პოპულარული ფილმის გადაღება შეიძლება.

სოციალურ ქსელებში ამ პროცესის აღმწერი რამდენიმე მოკლე ვიდეორგოლი ვნახე და, სიმართლე გითხრათ, ნანახი ვიდეომასალის დიდმა ნაწილმა უარყოფითი შთაბეჭდილება შემიქმნა. თუმცა, საუკუნეების წინ აღმოჩენილი და ჩვენამდე მოღწეული ამ ფენომენის უხეშად უარყოფის ნაცვლად კარგი იქნება, თუკი უკეთესად შევისწავლით მას.

მე პირადად ნამდვილად არასდროს წავიყვან ჩემ შვილს ჩოფჩუსთან”.


ასევე წაიკითხეთ