„საქართველოში ჩემს წარსულს დავუბრუნდი, რათა ჩემსავე შიშებს შევხვედროდი“, - თქვა გვასალიამ." />

ომი აფხაზეთში და ბნელი 90-იანები. დემნა გვასალიას მიერ მოყოლილი საქართველოს ისტორია

„საქართველოში ჩემს წარსულს დავუბრუნდი, რათა ჩემსავე შიშებს შევხვედროდი“, - თქვა გვასალიამ.

 „საქართველო“, „უფალო, შეგვიწყალე“, „სოხუმი“ – პარიზის პოდიუმზე ამ ქართულენოვანი  წარწერებიანი სამოსით მიმოდიოდნენ მოდელები, რომლებიც მოდური ბრენდის Vetements-ის ახალ კოლექციას წარმოადგენდნენ. მისი დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორია ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია.

 Vetements გაზაფხული-ზაფხულის 2019 წლის კოლექცია ამჯერად დიზაინერის სამშობლოს – საქართველოს ეძღვნებოდა. დემნამ საზოგადოებას თავისი ბავშვობის ისტორია გააცნო. კოლექციის შთაგონების წყარო იყო 90-იანი წლების საქართველო – ის მძიმე დრო, რომელშიც ის გაიზარდა. 

ყურადღების ცენტრშია – საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტი, სამოქალაქო ომი და თანამედროვე საქართველო.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიზაინერი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ დაიბადა სოხუმში, და სამხედრო კონფლიქტის დროს მას და მის ოჯახს, სხვა ქართველებთან ერთად, საკუთარი სახლების დატოვება მოუხდათ. სწორედ ამ მოგონებებმა შთააგონა მას მოდური კოლექციის შექმნა.

ჩვენებას რომ აღწერდა, დემნა გვასალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მოუნდა მოეთხრო ისტორია“, რომელიც „ოჯახსა და ომს“ მიეძღვნებოდა.

მისი თქმით, „მან სცადა, გარკვეულიყო საკუთარ ტრავმაში, რომელიც მან ომისგან დანაწევრებულ საქართველოში გაზრდისას მიიღო, სადაც მის სახლს ბომბავდნენ, მისმა ბებიამ კი სტრესის ნიადაგზე დროებით მახსოვრობა დაკარგა“.

„მე საქართველოში ჩემს წარსულს დავუბრუნდი, რათა შევხვედროდი ჩემსავე შიშებს და მტკივნეულ მომენტებს, რომლებსაც 90-იანი წლების ომის შემდეგ აღარასდროს დავბრუნებივარ“, – თქვა გვასალიამ.

Vetements ასევე დააანონსა დამატებითი პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია ნივთების QR კოდების  სკანირება, რათა ადამიანებმა 1992 წელს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ შეძლონ შეტყობა.

ჩვენება პარიზში ხიდის ქვეშ მდებარე ქუჩაზე შედგა. პოდიუმად ორი საბანკეტო მაგიდა იქცა, სტუმრები კი თეთრ,  გამჭვირვალე ნაჭერგადაკრულ პლასტმასის სკამებზე ისხდნენ.

პოდიუმისთვის საქართველოში 40 მოდელი შეირჩა – მათი უმრავლესობა, როგორც ეს Vetements-ის ჩვენებებზე მიღებულია, პროფესიონალი მოდელი არ არის.

„სვიტშოტები“ და „ჰუდები“ პროვოკაციული წარწერებით, ხალათების მსგავსი „ტრენჩები“, „ბანდიტური“ ტყავის ქურთუკები,  ერთმანეთში არეული კრიმინალური და რელიგიური შინაარსის ტატუები, ვიქტორ ცოის გამოსახულებიანი მაისურა.

კოლექციაში დიდი რაოდენობით არის ქართული ალფავიტი. „ჰუდებს“, „სვიტშოტებსა“ და „ბომბერებს“ – ქართული სიტყვები და ლოზუნგები ამშვენებს – „კმარა“, „ უფალო, შეგვინდე“. უკანასკნელი ფრაზა – ირონიული გზავნილია საქართველოს ეკლესიის სადავო ქმედებებზე.

გვასალია ახლახან თბილისში გამართულ ახალგაზრდების პროტესტსაც გამოეხმაურა და „ღამის კლუბების დაკეტვა“ გაიხსენა. ერთ-ერთ „ბომბერს“ აწერია „We dance together, We fight together“ – ქართველი ახალგაზრდების ლოზუნგი, რომლებიც,  როდესაც მაისში ნარკოდილერებზე ნადირობის საბაბით ღამის კლუბები დაიკეტა, პარლამენტის წინ რეივებს მართავდნენ.

გვასალიას კოლექცია საქართველოს სოციალურ ქსელებში აბსოლუტურ ჰიტად იქცა. ფეისბუკის მომხმარებლები დიზაინერს გულწრფელობისა  და ხსოვნისთვის მადლობას უხდიდნენ.

ეს პერანგი უბრალოდ მოხატული არ არის. საქართველოში ასეთი ტრადიციაა – სკოლადამთავრებული ახალგაზრდები ბოლო ზარის დღეს საზეიმო თეთრ პერანგებზე ერთმანეთს სურვილებს აწერენ, სურვილებს მთელი სამომავლო ცხოვრებისთვის, და შემდეგ ამ სუვენირს მრავალი წლის განმავლობაში სათუთად ინახავენ.  


ასევე წაიკითხეთ