იუსტიციის მინისტრი კი ომბუდსმენს ურჩევს საკუთარი თანამშრომლების ჩაცმულობას მიხედოს" />

ომბუდსმენის და მინისტრის დაპირისპირება: ლომჯარია ამბობს, რომ ციხეებში “მაყურებლები” დაბრუნდნენ

იუსტიციის მინისტრი კი ომბუდსმენს ურჩევს საკუთარი თანამშრომლების ჩაცმულობას მიხედოს

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა მოხსენება, სადაც საუბარი იყო საქართველოს ოთხ ყველაზე მასშტაბურ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე.

კრიმინალური ავტორიტეტების არაფორმალური მმართველობა, ე.წ. “საერთოები” და ძალადობა, რომელსაც,  სახალხო დამცველის თქმით, ციხეებში პატიმრები განიცდიან როგორც ციხის ადმინისტრაციის, ისე უშუალოდ პატიმრების მხრიდან. ანგარიშში საუბარია არაფორმალურ მმართველებზე – ე.წ. “ციხის ავტორიტეტებზე” და კონკრეტულ პატიმრებზე, რომლებიც ციხის ადმინისტრაციის მითითებით ფიზიკურად უსწორდებიან სხვა მსჯავრდებულებს.

სახალხო დამცველის ანგარიში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2019 წელს ჩატარებული მონიტორინგისა და კვლევის შედეგებს ეყრდნობა. 

ანგარიში მიუღებელი აღმოჩნდა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისთვის, რომელიც საპარლამენტო კომიტეტის სხდომას ესწრებოდა და ღია პოლემიკაში შევიდა ომბუდსმენთან. წულუკიანმა ტყუილი და ჭორი უწოდა ანგარიშს, ომბუდსმენს უსაყვედურა ბიძინა ივანიშვილს რატომ არ იცავო და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების ჩაცმულობაც გააკრიტიკა. 

რა წერია სახალხო დამცველის ანგარიშში

მთავარი, რაც აქ წერია არის ის, რომ ქართულ ციხეებს კვლავ კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ. “მაყურებლები” მართავენ.

ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ციხეებში არსებულ სიტუაციას სწორედ კრიმინალური ავტორიტეტები აკონტროლებენ და ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ ციხის ადმინისტრაციასთან.

“ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, მიუხედავად იმისა, რომ დახურული რეჟიმია… შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას,” – აღნიშნავს ომბუდსმენი.

მეორე პრობლემა, რომელიც ანგარიშიდან აშკარად იკვეთება, ეს არის ძალადობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატიმრები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიან.

„აქვს ადგილი გარიყვას, იძულებას, შევიწროებას, რომ მონაწილეობა მიიღონ საერთოს აკრეფვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირიყებიან მათი სოციუმიდან და ექვემდებარებიან ჩაგვრას,” – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ანგარიშის თანახმად, არის შემთხვევები, როდესაც პატიმარმა სამარტოო საკანში ე.წ. დეესკალაციის ოთახში, იქ სადაც მაქსიმალური მოთავსების ვადა 72 საათია, გაატარა 22, 26, 36 და 48 დღე.

„მინდა, ხაზი გავუსვა დეესკალაციის ოთახებში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსების პრაქტიკას, რაც წლებია სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად შეიძლება ჩაითვალოს,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, მონიტორინგმა აჩვენა, რომ დღევანდელ ციხეებში არსებული წესრიგი ძალიან მყიფეა და ადმინისტრაციამ იგი ნებისმიერ დროს შეიძლება დაკარგოს.

თეა წულუკიანის პასუხი

ომბუდსმენის ანგარიშმა იუსტიციის მინისტრის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. თეა წულუკიანმა “ტყუილი, ჭორი და არაპროფესიონალიზმი” უწოდა სახალხო დამცველის ანგარიშს.

მან ომბუდსმენი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და უთხრა, რომ ის “ყველას ომბუდსმენი არ არის”.

მინისტრმა უსაყვედურა სახალხო დამცველს, რომ ის არასოდეს იცავს ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ყველაზე მდიდარ ადამიანსა და პოლიტიკოსს ბიძინა ივანიშვილს, როდესაც მას ლანძღავენ.

“თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი. ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, მაგრამ არც ჩემი ომბუდსმენი ხართ…სხვა მაგალითი სად არის, რომ თქვენ ან პოლიციელი დაიცავით, ან დეპუტატი დაიცავით, ან მინისტრი დაიცავით, ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით, რომელსაც აფურთხებენ, ცემენ, წიხლებს ურტყამენ. ეს არ არის ამ ანგარიშში” – უთხრა წულუკიანმა ლომჯარიას.

მისი თქმით, ომბუდსმენის მიერ მომზადებული ანგარიში არ არის ობიექტური იმ თვალსაზრისითაც, რომ იქ არ არის ასახული ის პროგრესი, რომელიც პენიტენციურმა სისტემამ “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ განიცადა. მაგალითად, მინისტყრი მიუთითებს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში არ იყო ნახსენები ბოსტანი, რომელიც გლდანის ციხეში გაშენდა:

“მერვე დაწესებულებაში ბრძანდებოდით სახალხო დამცველების წარმომადგენლები და ისე როგორ გამოხვედით იქიდან, რომ ვერ დაინახეთ, რომ პატიმრები შრომობენ დიგიტალიზაციის პროექტზე… რომ იქ სადაც ადრე იყო წამების ციტადელი [გლდანის ციხეში], გავაშენე ბოსტანი. ზოგს ეცინება ამაზე, რომ წამების ადგილას ბოსტანი რამ გაგაშენებინაო. დიახ, ჩვენ გავაშენეთ ბოსტანი და ამ ბოსტანში 73 უვადო პატიმარი მუშაობს,” – აღნიშნა მინისტრმა. 

წულუკიანი უარყოფს ციხეებში “მაყურებლების” არსებობას. ამასთან მინისტრმა მოუწოდა სახალხო დამცველს, რომ თუკი ის დანაშაულის ნიშნებს ხედავს ციხეებში, მაშინ უნდა მიმართოს პროკურატურას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება “მაყურებლებს”.

“ქალბატონო ნინო,  თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი, თქვენ ხართ სახალხო დამცველი და შესაბამისად, თუკი დაგიბარებენ პროკურატურაში თქვენ ან თქვენს თანამშრომლებს, ვინც ეს ანგარიში შეადგინა, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, დაასახელოთ ე.წ მაყურებელი პატიმარი, გვარი სახელი, ვინ ვის მოსთხოვა, იმიტომ რომ თქვენ გარჩევებსაც აღწერთ. თუ აღწერთ, ე.ი შეესწარით ან თუ არ შეესწარით, ე.ი ვიღაცამ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია. თქვენ არ გაქვთ უფლება, დაფაროთ დანაშაული, ამიტომ მე მოველი, რომ ითანამშრომლებთ გამოძიებასთან”, – თქვა თეა წულუკიანმა.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ვიდეოჩანაწერების ჩვენებაც მოაწყო, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების პატიმრებთან შეხვედრებს ასახავს.

ერთ-ერთ ჩანაწერზე ჩანს, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი თავისუფალ რეჟიმში ურთიერთობს პატიმართან – დადის მის საკანში, პატიმარი უდუღებს ყავას, აცვია ჯინსები და ახურავს ბერეტი. ეს ყველაფერი იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა მინისტრისთვის, რომ მან “სავალალო მაგალითი” უწოდა ამ შემთხვევას და პარლამენტის სხდომაზე წარმოადგინა, როგორც კომპრომატი სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის წინააღმდეგ:

“ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და ოთხი საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის რეჟიმში…ასეთ თანამშრომლებს ნუღარ გამოგვიგზავნით, რომელსაც, სხვათა შორის, დახეული ჯინსი აცვია… ბასკური ბერეტი რატომ უნდა ეხუროს სახალხო დამცველის წარმომადგენელს?! ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში” – განაცხადა მინისტრი. 

(ვიდეოში წითელი ისრით არის მონიშნული სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი)

ლომჯარიას თქმით, ამ ვიდეოში მან ვერაფერი უკანონო ვერ დაინახა, თუმცა მას გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ იყო დაარქივებული ზაფხულში გადაღებული ვიდეო ამდენი ხნის განმავლობაში მაშინ, როდესაც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ციხის ადმინისტრაცია საკანში გადაღებულ სხვა ვიდეოებს არ აძლევს იმ მოტივით, რომ მათი დაარქივება არ ხდება.

ამ ვიდეოს საჯაროდ ჩვენების გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა რვა გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ისინი იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ  სახალხო დამცველის წარმომადგენლის კადრების გასაჯაროება უკანონო ქმედება იყო, რომელიც “ერთი მხრივ, უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს, მეორე მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. მივიჩნევთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს,” – წერია განცხადებაში.

პოლიტიკოსების შეფასებები

პარლამენტში გამართულ დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ, ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო მუშაობას.

თუმცა, პარლამენტს მიღმა გაკეთებულ კომენტარებში ოპოზიცია მინისტრ წულუკიანის გამოსვლას მწვავე კრიტიკით პასუხობს.

მათი თქმით, იმის მაგივრად, რომ მინისტრი იმ პრობლემებით შეწუხებულიყო, რაც სახალხო დამცველის მოხსენებაში იყო და დისკუსია გაემართათ ამ ყველაფერზე, წულუკიანმა ისაუბრა, თუ როგორ უნდა იცავდეს სახალხო დამცველი მთავრობას და ივანიშვილის რეპუტაციას.
“უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“  ლიდერმა გიგა ბოკერიამ, –  ისიც კი არ იცის, არ გაუგია და არ დაინტერესებულა, რომ სახალხო დამცველის ფუნქცია არსად მსოფლიოში, ნორმალურ ქვეყნებში, არ არის ივანიშვილის, ზოგადად ხელისუფლების და უფრო ფართოდ, პოლიტიკოსების რეპუტაციის დაცვა. ეს საყვედურად წაუყენა, რატომ არ იცავთ ჩვენს რეპუტაციასო”. 

“თეა წულუკიანმა გვაყურებინა ვიდეო, სადაც ომბუდსმენის აპარატის უსაყვარლესი თანამშრომელი უბრალოდ ფორმალურად კი არ ატარებს მონიტორინგს, თანაბრად აგრძნობინებს თავს პატიმარს, დროს ატარებს მასთან, მეგობრულია, არ თაკილობს ტუალეტში შესვლას. აღფრთოვანებული ვუყურებდი ამ დახეულჯინსებიან ბიჭს,” – დაწერა თავის ფეისბუკ-გვერდზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. 

 

• კანონის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს უფლება აქვთ შევიდნენ ციხეებში ნებისმიერ დროს და მოინახულონ პატიმრები. 

• უკანასკნელ წლებში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის გაუარესებაზე არა მხოლოდ სახალხო დამცველი, არამედ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც საუბრობს. ამ უკანასკნელის 2018 წლის ვიზიტის ამსახველ ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს შორის გახშირებული ძალადობის შემთხვევებსა და ე.წ. მაყურებლების გავლენაზე. 


ასევე წაიკითხეთ