ექსპერტები აფრთხილებდნენ, რომ ამ ვალის აღება არ ღირდა " />

მოსკოვი აფხაზეთს „სარკინიგზო“ კრედიტის დასაფარად კიდევ 10 წელს აძლევს

ექსპერტები აფრთხილებდნენ, რომ ამ ვალის აღება არ ღირდა

ფოტო: დმიტრი  სტატიანოვი, JAMnews

უახლოეს დღეებში რუსეთის  სახელმწიფო დუმა აფხაზეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე საგანგებო ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენს – იმ უზარმაზარი კრედიტის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთის რკინიგზის რემონტისთვის გაიცა – აფხაზეთს ვალის დასაბრუნებლად კიდევ 10 წელი მიეცემა.

ამ კრედიტთან დაკავშირებული ისტორია გამოცანებით არის სავსე – 2010 წელს, წინასწარი ანალიზის გარეშე, არცთუ გასაგები მიზეზებით ორი მილიარდი რუბლი (დაახლოებით $ 35 მილიონი) ვალად აიღეს.

ექსპერტები რკინიგზის აღსადგენად კრედიტის აღების იდეას თავიდანვე ეჭვქვეშ აყენებდნენ. ამბობდნენ, რომ თავად ეს გზა – ჩიხია, ადგილობრივი წარმოება სუსტი, ამიტომაც ძალიან მცირე პერსპექტივა არსებობს, რომ ის გადაზიდვის და მგზავრების ისეთი მოცულობით  დაიტვირთოს, რომ ამით კრედიტი დაიფაროს. ექსპერტები ასევე აფრთხილებდნენ, რომ ასეთი თანხის საკრედიტო პროცენტებიანად დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა, თუკი რკინიგზა სერიოზულ შემოსავალს არ მოიტანდა.  

ყველა ეს პროგნოზი გამართლდა; როდესაც ვალის დაბრუნების დრო დადგა – გაირკვა, რომ აფხაზეთისთვის ეს ტვირთი დაუძლეველია. 2017 წლის გაზაფხულზე მოსკოვი დათანხმდა, რომ კრედიტის დაფარვა კიდევ ექვსი წლით გაეხანგრძლივებინა ( ანუ 2029 წლამდე), ასევე ამ წლების განმავლობაში დაგროვილი პროცენტებიც ჩამოეწერა. საბოლოოდ კრედიტის წლიური გადასახადი შემცირდა  –  316 მილიონი რუბლის ნაცვლად, აფხაზეთს ყოველ თვე 109 მილიონი რუბლი (დაახლოებით $ 2, 5 მილიონი) უნდა გადაეხადა.   

თუმცა, აფხაზეთის ბიუჯეტისთვის ეს თანხაც დაუძლეველია და პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მაშინ პირადად სთხოვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვალის ჩამოწერა – პუტინი დაპირდა, რომ დაფიქრდებოდა.

და აი, საბოლოოდ ვალი სრულად არ ჩამოაწერეს, თუმცა გადახდის ვადა ათი წლით გააგრძელეს. ახლა კრედიტის დაბრუნება 2032 წლამდე უნდა მოხდეს.

აფხაზეთის პარლამენტმა, რასაკვირველია, კრედიტის რესტრუქტურიზაციას უკვე ერთხმად დაუჭირა მხარი. მოსალოდნელია, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმაც იგივეს გააკეთებს და ეს მხოლოდ ფორმალური საკითხია.

JAMnews წერდა იმის შესახებ, რომ დღის წესრიგში ისევ არ დგას პასუხისმგებლობის მათთვის დაკისრების საკითხი, ვინც 2010 წელს ამ კრედიტის აღებას ხელი მოაწერა. ჩვენ ასევე გიამბეთ აფხაზი ჟურნალისტის ანტონ კრივენიუკის ისტორია, რომელმაც სარკინგზო კრედიტის ჩანაფიქრს იმთავითვე აფერა უწოდა, და მას აფხაზეთში ამისთვის მალევე  სისისხლის სამართლის საქმის აღძვრით მიუზღვეს სამაგიერო. კომენტარი, რომელსაც აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს:

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.


ასევე წაიკითხეთ