სომხეთის ყველაზე ახალგაზრდა ქალაქის წარსული, აწმყო და გაურკვეველი მომავალი" />

მეწამორი – ატომური სადგური

სომხეთის ყველაზე ახალგაზრდა ქალაქის წარსული, აწმყო და გაურკვეველი მომავალი

საბჭოთა წარმოების ყავისფერი “მოსკვიჩიდან” მამაკაცი გადმოდის და ჩემკენ მოემართება; ფართოდ იღიმება, ხელს მიწვდის და ამბობს: “გამარჯობა, მე ფელიქსი ვარ, ატომური სადგურის ერთ-ერთი თანამშრომელი. მე გელაპარაკეთ ტელეფონით. როგორ იმგზავრეთ? ერევნიდან მეწამორამდე ტრანსპორტი აღარ დადის.” პასუხის ნაცვლად, მივუთითებ ტაქსიზე, რომელიც თანდათან გვშორდება.

68 წლის ფელიქს მარტიროსიანმა მეწამორის ატომურ სადგურში 44 წელიწადი გაატარა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი გამოსხივების ნეიტრალიზაციით იყო დაკავებული. სიარულის დროს ოდნავ კოჭლობს. ამბობს, რომ ეს ატომურ სადგურზე მრავალწლიანი მუშაობის შედეგია, რასაც ჩერნობილში სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობით გამოწვეული პრობლემებიც დაემატა.

ფელიქსის ძველი “მოსკვიჩით” ჩავდივართ სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე ახალ და მნიშვნელოვან ქალაქში, რომელიც ერევნიდან 36 კილომეტრითაა დაშორებული. ეს ქალაქი, უფრო სწორად კი აქ მოქმედი ელექტროსადგური, ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის 40%-ს იძლევა. სამი ორთქლისმფრქვეველი გამაგრილებელი კოშკი, რომლებიც ქალაქის ყველა წერტილიდან მოჩანს, დიდი ხანია, ქალაქის სიმბოლოდ იქცა.

 ფელიქსი ენერგეტიკოსების ქალაქს თანაგრძნობით სავსე მზერით უყურებს და შემდეგ ამბობს, – ერთ დროს მშრომელი მეწამორისგან მხოლოდ  მოგონებებიღა დარჩა. არადა, სულ რაღაც 30 წლის წინათ აქ ყველას ჰქონდა სამუშაო.

ფელიქსი ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონს მაჩვენებს და მეუბნება: თავის დროზე აქ დროებითი საცხოვრებლებისგან შემდგარი კვარტალი იყო, სადაც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩამოსული სპეციალისტები ცხოვრობდნენ.

“ატომური სადგურის მშენებლობის პარალელურად, ქალაქის მშენებლობაც დაიწყო. მეწამორი უზარმაზარ სამშენებლო მოედანს ჰგავდა. სადგურის თანამშრომლებს ერთმანეთის მიყოლებით აკმაყოფილებდნენ საცხოვრებელი ფართით. 1972 წელს მეც მივიღე ბინა,” – ამბობს ფელიქსი, რომელიც ორი ვაჟის მამაა და ექვსი შვილიშვილის პაპა.

1969 წელს ენერგეტიკოსებმა და მშენებლებმა სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს ჩაუყარეს საფუძველი. იმავე წელს დაარსდა ქალაქი მეწამორი. 1970 წელს ახალმა ქალაქმა პირველი მოსახლეები მიიღო. მეწამორში 32 ეთნოჯგუფის წარმომადგენლები დასახლდნენ. ისინი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩამოვიდნენ.

ფელიქსის ერთ-ერთი  თანმხლები, 70 წლის იურა ინვიიანი, რომელიც 35 წელიწადს მუშაობდა მეწამორის ატომურ სადგურში, იხსენებს, რომ 25-ე და 26-ე შენობებში საერთო საცხოვრებლები იყო. ერთში ქალები ცხოვრობდნენ, მეორეში კი – მამაკაცები.

“1978 წელი მახსენდება. საღამოობით ვცეკვავდით ხოლმე… ჩვენთან მურმანსკელი ქალები ჩამოვიდნენ სამუშაოდ – მარუსია, საშა, კატია… ბევრი მათგანი აქ გათხოვდა. [საბჭოთა კავშირის] დაშლის შემდეგ ზოგიერთი წავიდა, მაგრამ ზოგი რუსი დღემდე მეწამორში ცხოვრობს,” – ამბობს ინვიიანი.

 

ფოტო ვებგვერდიდან HAEKSHIN construction company

ბოლო 25 წლის განმავლობაში სომხეთში მომხდარი ცვლილებები მეწამორზეც აისახა. ამჟამად ქალაქში 10 665 ადამიანი ცხოვრობს და ატომურ სადგურზე მოსახლეობის მხოლოდ 20 %-ია დასაქმებული. მეწამორის მერი, რობერტ გრიგორიანი აღნიშნავს, რომ ქალაქი ატომურ სადგურს არ ეკუთვნის და 1992 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარი ორგანოები აქვს.

ფელიქსი მანქანას ქალაქის ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან აჩერებს. აქ საზოგადოებრივი ორგანიზაცია “იმედის მეწამორის” ახალგაზრდა თანამშრომლები შეიკრიბნენ. თავის დროზე მათი მშობლები ატომურ სადგურში მუშაობდნენ. მათ ჯერ კიდევ ახსოვთ ის დრო, როდესაც მათი ქალაქი ინტერნაციონალური და აქტიური იყო.

28 წლის მეწამორელი ვარდტიტერ ოგანესიანი განათლებით ლოგოპედია. იგი აღიარებს, რომ ენატრება  მეწამორის მატარებლის გუგუნი. იმ მატარებელს  დილაობით ატომური სადგურის ის თანამშრომლები მოჰყავდა, რომლებიც არმავირსა და და მეზობელ სოფლებში ცხოვრობდნენ.

“ყოველ დილით ველოდებოდით იმ გუგუნს. როდესაც მატარებელი სადგურში ჩერდებოდა, ხალხის დიდი ნაკადი ატომური სადგურისკენ მიეშურებოდა ხოლმე. ახლა ამ ყველაფერს ისე ვიხსენებ, როგორც ფილმის კადრებს. იყო ამაში რარაც რომანტიკული. მინდა, რომ ახლაც ასე იყოს. მატარებელი ქალაქის მთავარი არტერია იყო, ახლა კი, სამწუხაროდ, აღარ არის.”

38 წლის აიკანუშ არუთიუნიანი სოციალურ პედაგოგად მუშაობს. მას  კარგად ახსოვს დიდი ყვითელი ფორთოხალი და “კოკა-კოლა”, რომელიც საბჭოთა პერიოდში მხოლოდ მეწამორში იშოვებოდა.

“ჩემი მშობლები ატომურ სადგურზე მუშაობდნენ და ჩვენ, სხვების მსგავსად, ვიყენებდით ბარათებს, რომლებსაც ატომური სადგურის თანამშრომლებს ურიგებდნენ. ამბობდნენ, რომ ყველა ეს პროდუქტი – კარაქი, ხორცი, კონსერვები და თევზი მოსკოვიდან ჩამოჰქონდათ. იმდენად ბევრი გვქონდა ყველაფერი, რომ ნათესავებსაც კი ვურიგებდით. შეგვეძლო, 80-90 რუბლად გვეყიდა ჯინსი, რომელიც საკომისიო მაღაზიებში 200 მანეთი ღირდა. ასევე, “სალამანდრას”  ცნობილი ფეხსაცმლის შეძენაც შეგვეძლო.”

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინათ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე მეწამორი განსაკუთრებული სტატუსის მქონე ქალაქი იყო და ცხოვრების მაღალი დონით გამოირჩეოდა, რასაც ამჟამინდელ მეწამორზე ვერ ვიტყვით.

“მეწამორი მოზაიკას ჰგავდა – აქ  სხვადასხვა ეროვნების ინტელექტუალები იკრიბებოდნენ. ეს იყო შემკრები, ჭრელი ქალაქი. სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები ამ ქალაქში ინტეგრირდებოდნენ და ვითარდებოდნენ. რუსებმა, უკრაინელებმა და ბელარუსებმა საკუთარი კულტურა ჩამოიტანეს. მენატრება ის ინტელექტუალური ატმოსფერო, რომელიც მაშინ სუფევდა,” – ამბობს აიკანუში.

ტომური სადგურის პირველი ენერგობლოკი 1976 წელს გაუშვეს, მეორე კი – 1980 წელს. პროექტის მიხედვით, ბლოკების ექსპლუატაციის ვადა 30 წლით განისაზღვრა. 1988 წელს, სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ უსაფრთხოების საკითხმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა. 1989 წელს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით,  ატომური სადგურის ენერგობლოკების ექსპლუატაცია შეჩერდა. ელექტროსადგურების გაჩერებას ეკოლოგებიც მოითხოვდნენ. თუმცა, 1995 წლის ნოემბერში ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად  მეორე ენერგობლოკი ხელახლა ამოქმედდა.

ფელიქსი ამბობს, რომ მისი მეგობრები უკვე შეიკრიბნენ და ჩვენ გველოდებოდნენ. მივეშურებით ფელიქსის აგარაკისკენ, რომელიც ქალაქსა და ატომურ სადგურს შორის მდებარეობს.

“აქ ჩვენი აგარაკებია. საბჭოთა პერიოდში ეს ნაკვეთები სახელმწიფომ ატომური სადგურის თანამშრომლებს დაურიგა. ჩვენ აქ სახლები ჩავდგით და ბაღები გავაშენებთ. ბევრი ჩვენი თანამშრომელი ზაფხულს აქ ატარებს. შეხედეთ – იქით ქალაქია, მეორე მხარეს კი ატომური სადგურია,” – ამბობს ფელიქსი.

ერთ რიგად ჩამწკრივებული სახლების წინ ხეხილის ბაღებია გაშენებული. “მოსკვიჩის” ძრავი თანდათანობით ჩუმდება. მოვედით. ფელიქსის აგარაკის ეზოში უკვე გველოდებიან მისი კოლეგები.

ზოგიერთი მათგანი უკვე აღარ მუშაობს ატომურ ელექტროსადგურზე. აღიარებენ, რომ საუკეთესო წლები საბჭოთა კავშირში გაატარეს, ბოლო 25 წელი კი მათთვის გადარჩენისა და მეტნაკლებად უზრუნველი ცხოვრებისათვის ბრძოლის პერიოდად იქცა.

62 წლის დოზიმეტრისტი ოვსეფ დანიელიანი, უკვე 40 წელია, რაც ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობს. იგი სადგურის პირველი და მეორე ბლოკების ამუშავებაში მონაწილეობდა. ამჯამად მისი ვაჟიც დოზიმეტრისტად მუშაობს.

“35 წელი განსაკუთრებულად საზიანო პირობებში ვიმუშავე. ამჟამად ჩემი ხელფასი 200 ათასი დრამია ($421). ორი წლის შემდეგ პენსიაზე გავალ და ყოველთვიურად მხოლოდ 40 ათას დრამს მივიღებ ($84). ამ თანხით უნდა გადავწყვიტოთ უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა. და ეს მაშინ, როდესაც აქ დავკარგეთ ჯანმრთელობა. რუსეთში ჩვენნაირი ვეტერანები, ჩვეულებრივი პენსიის გარდა, ინვალიდების შემწეობასაც იღებენ,” – ამბობს აღშფოთებული დანიელიანი.

ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ საბჭოთა პერიოდში ხელფასების მიღებისას საშემოსავლო გადასახადის თანხა არ ექვითებოდათ, ელექტროენერგიის გადასახადს 50%-იანი ფასდაკლებით იხდიდნენ და ყოველ წელს ატომური სადგურის პროფკავშირების ხარჯზე ისვენებდნენ. ყველა დანანებით აღნიშნავს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობამ მათ ბევრი პრივილეგია წაართვა. არადა, თითოეული მათგანი განსაკუთრებულად საზიანო პირობებში მუშაობდა და მეორე, ან მესამე ჯგუფის ინვალიდია.

“ფული შეცვალეს და ჩვენი ხელფასებიც შიცვალა. თუკი საბჭოთა პერიოდში  ყოველწლირად 1300 მანეთის ოდენობის შემწეობას ვიღებდი, რადგან ამ სამუშაოს გამო, მეორე ჯგუფის ინვალიდად ვიქეცი. ამას გარდა, ხელფასსაც ვიღებდი 120 მანეთის ოდენობით. 1300 მანეთით კი ჩემი ოთხსულიანი ოჯახი უპრობლემოდ ისვენებდა ყირიმში. ახლა კი მხოლოდ პენსიას ვიღებ 80 ათასი დრამის ($166) ოდენობით,” – ამბობს 70 წლის ინვინიანი, რომელიც სადგურზე უფროს ოსტატად მუშაობდა.

მეწამორელი მამაკაცები, სხვა სომხური ქალაქების მცხოვრებთა მსგავსად, ფულის საშოვნელად რუსეთში ჩადიან ხოლმე. ატომური სადგურის ბევრი თანამშრომელი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩადიოდა ირანსა და რუსეთში – ადგილობრივ ატომურ სადგურებზე სამუშაოდ.

ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან პოსტსაბოთა სივრცის სხვა ატომური სადგურებიდან დღეს ყველაზე დაბალ ხელფასებს სომხური ატომური სადგურის თანამშრომლები იღებენ.

“ბევრი ჩვენი ამხანაგი რუსეთშია წასული სამუშაოდ. ისინი მშვენიერი სპეციალისტები არიან. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთში წავიდნენ, მაღალი ხელფასებია. იქ ატომური სადგურების თანამშრომლები 1200 დოლარს იღებენ. აქ ატომური სადგურის თანამშრომლების ხელფასი 80-100 ათას დრამია ($168-210). რუსეთში ჩერნობილის კატასტროფისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის პროცესის თითოეულ მონაწილეს თავისუფალი გამოყენებისათვის ორ მილიონს აძლევენ. იმ პროცესებში ჩვენც ვმონაწილეობდით, და იქ მიღებული გამოსხივების შედეგებს დღემდე ვებრძვით. ყოველწლიურად სულ უფრო გვიუარესდება ჯანმრთელობა, მაგრამ არავინ გვაქცევს ყურადღებას,” – ამბობს დოზიმეტრისტი ოვსეფიანი.

66 წლის მიშა ნაზარიანი ამბობს, რომ 2010-2014 წლებში ირანში მუშაობდა. იგი ენერგობლოკის მშენებლობაში მონაწილეობდა. მიშას თვეში 2000 დოლარს უხდიდნენ.

“ვმუშაობდით ბუშერში, რომელიც თეირანიდან 1300 კილომეტრში მდებარეობს. ყველაზე ცხელი ადგილია იმ ქვეყანაში. ასამდე სომეხი ვიყავით – ის სპეციალისტები, რომლებიც ადრე ატომურ ელექტროსადურში ვმუშაობდით. გული მწყდება, რომ ის სამუშაო დასრულდა. თუ კიდევ იქნება მსგავსი შესაძლებლობა, აუცილებლად გამოვიყენებ.”

სომხეთის ყველაზე ახალგაზრდა ქალაქის მოსახლეობა იმედებს მეწამორის  ძველი ატომური სადგურის ექსპლუატაციის გაგრძელებაზე, ან ახლის აშენებაზე ამყარებს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ახალგაზრდობამ ქალაქი არ დატოვოს.

ა.წ. თებერვალში მოსკოვში ხელი მოეწერა შეთანხმებას “სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელებისათვის საჭირო სამუშაოების დაფინანსების მიზნით, სომხეთის ხელისუფლებისათვის კრედიტის გამოყოფის შესახებ.” ამ დოკუმენტის შესაბამისად, რუსული მხარე სომხეთს 270 მილიონ ამერიკული დოლარის ოდენობის შეღავათიან კრედიტს გამოუყოფს, და  30 მილიონ დოლარსაც გადასცემს გრანტის სახით.

არსებული ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადების გახანგრძლივება სომხეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, დრო მოიგოს ახალი ატომური სადგურის მშენებლობისათვის სახსრების გამონახვისთვის.

გარკვეული დროის წინ სომხეთის ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, ერვანდ ზახარიანმა განაცხადა, რომ ახალ ატომური სადგური არა 1000, არამედ 600 მეგავატის სიმძლავრის უნდა იყოს. მისი თქმით, პატარა სადგური უფრო მოქნილი რეჟიმით იმუშავებს და მისი საერთო ქსელში ჩართვაც უფრო ადვილი იქნება.

წინასწარი გამოთვლებით, 1000 მეგავატის სიმძლავრის სადგურის მშენებლობა დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი დაჯდება. 600 მეგავატის სიმძლავრის სადგური, შესაძლოა, 2,5-3 მილიარდი დოლარი დაჯდეს, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდის იმის ალბათობას, რომ სომხეთის ხელისუფლება საჭირო თანხის შოვნას შეძლებს.

ფელიქს მარტიროსიანის აგარაკზე ატომური სადგურების შესახებ დაწყებული საუბარი ვეღარაფრით სრულდება. გული აქ მრჩება, მაგრამ შეკრებილ საზოგადოებას ვემშვიდობები. ფელიქსი მეუბნება, – ტაქსის გაჩერებამდე გაგაცილებო. “მხოლოდ ის მინდა, რომ მეწამურში სამსახური იყოს – რომ ჩვენი შვილები ქალაქიდან არ წავიდნენ, ჩვენთან დარჩნენ,” – ამბობს დამშვიდობების წინ ფელიქსი.

ტაქსი დედაქალაქისკენ მიემართება. უკან რჩება მეწამორი, რომელიც სულ უფრო მცირდება, მაგრამ შორიდან შუქურებივით მოჩანს “ასაკში შესული” ატომური სადგურის სამი კოშკი, რომლებიც მაინც გვახსენებს, რომ ეს დაწესებულება ისევ მუშაობს.

გამოქვეყნდა:  16.11.2016

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ