რატომ არ მონაწილეობენ პრეზიდენტები, ტრამპი და პუტინი მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში" />

მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. ინტრიგები გრძელდება

რატომ არ მონაწილეობენ პრეზიდენტები, ტრამპი და პუტინი მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში

პოლონეთში, მეორე მსოფლიო ომის დაწყების საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. 80 წლის წინ, ამ ქვეყანას ჰიტლერის გერმანია დაესხა თავს.

სად და როგორ აღნიშნავენ 

პირველმა, 1 სექტემბერს ეს თარიღი პოლონეთის ქალაქმა ველიუნმა აღნიშნა – 1939 წელს მან ყველაზე ადრე მიიღო საჰაერო დარტყმა.

შემდეგ, მონაწილეებმა და სტუმრებმა ვარშავაში გადაინაცვლეს.

ყველაზე დასამახსოვრებელი გახდა გერმანიის პრეზიდენტის, შტაინმაიერის გამოსვლა, რომელმაც, BBCის ცნობით, პოლონეთს პატიება სთხოვა „ნაცისტური ტირანიის“ გამო.

სამგლოვიარო ღონისძიებები ერთდროულად იმართება მთელ პოლონეთში, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დაკარგა.

• მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე – როგორ აღნიშნავენ მას კავკასიაში

• ფოტორეპორტაჟი: პარიზში საზეიმოდ აღნიშნეს პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავი

ვინ ჩავიდა და არ ჩავიდა 

მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, პოლონეთში ორმოცი სახელმწიფოს მეთაური ჩავიდა. მაგრამ ყველამ გაამახვილა ყურადღება ორი საკვანძო ფიგურის არყოფნაზე – აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების.

პრეზიდენტმა ტრამპმა პოლონეთში ვიზიტი, რამდენიმე დღით ადრე გააუქმა. მან ეს იმით ახსნა, რომ ძლიერი ქარიშხალი „დორიანის“ მოახლოების გამო, აშშ-ში მისი ყოფნა აუცილებელი იყო. მის ნაცვლად ამერიკას ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი წარმოადგენს.

• პოლიტიკური კონტექსტი პუტინის ავსტრიული ვოიაჟიდან

პრეზიდენტ პუტინის არმონაწილეობა – დაგეგმილი იყო. მის დაპატიჟებაზე პოლონეთმა უარი განაცხადა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული აღნიშნოს ტრაგიკული მოვლენების წლისთავი ისტორიული სიმართლის სულისკვეთებით. 

„მსოფლიომ მაინც ვერ გაითავისა მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოსკოვი მსოფლიოს ახალი სამხედრო კატაკლიზმებით ემუქრება.

დუდამ თქვა, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოსა და უკრაინას და ამ ორი ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპირება მოახდინა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, არ დაუშვან მეორე მსოფლიო ომის გამეორება და ამისათვის, „გადამწყვეტი რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ სამხედრო აგრესიაზე“. 

„ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ზოგიერთი სახელმწიფო იმპერიალიზმისკენ მიისწრაფვის, მათ შორის, ევროპაში. ჩვენ მოწმენი ვართ საზღვრების გადახედვის მცდელობების, სხვა სახელმწიფოებზე თავდასხმისა და მათი ტერიტორიების დაპყრობის“, – თქვა მან.

ვარშავაში, მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ მემორიალთან. 1 სექტემბერი, 2019. Reuters/Jacek Marczewski/Agencja Gazeta

რა ხდება კულისებში

საიუბილეო ღონისძიებების კულისებში, მშფოთვარე დიპლომატიური მუშაობა მიმდინარეობს.

უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენა გახდა გაზით ვაჭრობის სფეროში აშშ-ს, პოლონეთსა და უკრაინას შორის სამმხრივ მემორანდუმზე ხელმოწერა.

პოლონეთი მიისწრაფვის იმისკენ, რომ თხევადი გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდეს აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთისთვის. 

ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, 2021 წლიდან უკრაინა დაიწყებს თხევადი გაზის მიღებას პოლონეთიდან და ეს შეამცირებს მის დამოკიდებულებას რუსეთიდან მიღებულ გაზზე.

შეხვედრა გაიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „აგრძელებს უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას“.

თუმცა, მიმომხილველები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ, ამავე დროს, პრეზიდენტმა ტრამპმა ბრძანა შეჩერებულიყო უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გაწევა სამხედრო სფეროში – „სახსრების ხარჯვის შესწავლის მიზნით“.


ასევე წაიკითხეთ