სოფლისთვის ახმატ-იურტის სახელის დარქმევა „ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნით“ გადაწყდა" />

რამზან კადიროვის მშობლიურ სოფელს სახელი მისი მამის საპატივცემულოდ შეუცვალეს

სოფლისთვის ახმატ-იურტის სახელის დარქმევა „ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნით“ გადაწყდა

ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მშობლიურ სოფელ ცენტაროის (არაოფიციალური ადგილობრივი სახელწოდება – ხოსი-იურტი) სახელი მისი მამის, ახმატ კადიროვის საპატივცემულოდ შეეცვალა. ამიერიდან მას ახმატ-იურტი ერქმევა. როგორც  „კავკაზსკი უზელი“ იუწყება, ფაქტი სახელის შეცვლის თობაზე თავად რამზან კადიროვმა დაამტკიცა, და აღნიშნა, რომ სოფლის მცხოვრებლებმა ეს გადაწყვეტილება თავყრილობაზე თავად მიიღეს.

ახმატ კადიროვი რუსეთის შემადგენლობაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე რესპუბლიკის – ჩეჩნეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2003-2004 წლებში იკავებდა. ის 2004 წლის 9 მაისს ტერაქტის შედეგად მოკლეს.

• შეშინებული მშობლები შვილებზე უარს ამბობენ – ჩეჩნეთში უკვე არამხოლოდ უფლებადამცველებსა და ლგბტ თემის წარმომადგენლებს დევნიან, არამედ – მოზარდებსაც

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა თავის ტელეგრამ-არხზე სოფლისთვის სახელის შეცვლა ისტორიული მიზეზებით განმარტა – იმით, რომ სოფელი სწორედ კადიროვების წინაპრების დაფუძნებულია.

„ეს არ იყო ხოსი-იურტის ქუჩებში უბრალოდ გამოსული მოსახლეობის სპონტანური აქცია, რომლებიც სოფლისთვის ახმატ-იურტის სახელის დარქმევას ითხოვდნენ. გუშინ, 21 მაისს ახალ ამბებში ამ თემაზე მასალა გავიდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო, როდესაც უბრალო სოფლელი ადამიანების კოლონა დროშებზე ახმატ კადიროვის გამოსახულებით სოფლის გზაზე მიაბიჯებდა, თაღზე კი უკვე სოფლის ახალი სახელწოდება იყო გამოსახული, თუმცა მისთვის ოფიციალურად სახელი არავის შეუცვლია“, — აღნიშნა  „კავკაზსკი უზელთან“ საუბარში ჩეჩნეთის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „აბუბაკარის“ წარმომადგენელმა.  

ახმატ კადიროვის სახელი ჩეჩნეთში არაერთხელ არის უკვდავყოფილი – ამ სახელს რესპუბლიკის მრავალი ქალაქისა და რაიონული ცენტრის მოედნები და ქუჩები ატარებს. გარდა ამისა, მისი სახელი ჰქვია მეჩეთს „ჩეჩნეთის გული“, რესპუბლიკურ ფონდს, სახელმწიფო გვარდიის პოლკსა და საფეხბურთო კლუბს, რომელსაც მანამდე „თერგი“ ერქვა. გროზნოს ცენტრში, ახმატ კადიროვის პროსპექტზე შენდება 400-მეტრიანი კოშკი, რომელიც „ახმატ-ტაუერად“ არის წოდებული.

„სოფლისთვის ახმატ კადიროვის საპატივცემულოდ სახელის შეცვლა ჩეჩნეთში კადიროვების კულტის დანერგვას ნიშნავს“, – მიაჩნია ანალიზისა და კონფლიქტების აღკვეთის ცენტრის დირექტორს ეკატერინა სოკირიანსკაიას.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ