კომენტარი: აფხაზეთში მიჩვეულები არიან ფულის მუქთად მიღებას. თუმცა, ასეთი ცხოვრება დასასრულს უახლოვდება, რაც კარგია" />

რითი განსხვავდება აფხაზეთი შვეიცარიისგან?

კომენტარი: აფხაზეთში მიჩვეულები არიან ფულის მუქთად მიღებას. თუმცა, ასეთი ცხოვრება დასასრულს უახლოვდება, რაც კარგია

ფოტო: სერგეი დემიანოვი

ზუსტად ერთი თვის წინათ, შვეიცარიაში, რომელსაც ხშირად ჩვენი განვითარების ორიენტირად მივიჩნევთ, მოქალაქეებმა, რეფერენდუმის გზით, გარანტირებული ყოველთვიური მინიმალური შემოსავლის შემოღების წინადადებაზე უარი თქვეს.

ურნებთან მისული შვეიცარიელების სამოცდათვრამეტმა პროცენტმა პირობით “კომუნიზმში” ცხოვრებაზე უარი განაცხადა.

არადა, დადებითი პასუხის შემთხვევაში, შვეიცარიაში მცხოვრებ ყოველ მოქალაქეს  ყოველთვიურად 2,5 ათასი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის დამატებითი შემოსავალი ექნებოდა – იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას სამსახური.

შვეიცარიელებმა ამ წესის შემოღება იმიტომ კი არ უარყვეს, რომ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფული არ აქვთ. ამ თვალსაზრისით იქ სწორედაც რომ ყველაფერი რიგზეა. მთავარი და, ალბათ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ციურ მანანაზე თქვეს უარი, არის მოსახლეობის (განსაკუთრებით კი – ახალგაზრდობის) მხრიდან პასუხისმგებლობისა და ინიციატივის დაკარგვის პერსპექტივით გამოწვეული შიში.

ანუ კანონის საფუძველზე მუქთად ცხოვრების სურვილი ერთმნიშვნელოვნად უკუაგდეს პრაგმატული მოსაზრებით, და თან – კატეგორიულად. თუ ქვეყნის ყველა მცხოვრები ერთდროულად დაიწყებს ჭერში ბუზების თვლას და თან, ამაში კარგ ფულსაც მიიღებს, ამ ეტალონური შვეიცარიიდან აღარაფერი  დარჩება. ისე დადნება, როგორც შაქარი – ჩაიში.

უცებ წარმოვიდგინე… ღმერთმა არ ქნას, რომ ჩვენს რომელიმე მოქალაქეს ასეთ თემაზე რეფერენდუმის ჩატარების იდეა მოუვიდეს. მაგალითად, ვინმეს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ უწყებებსა და ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მინიმალური ხელფასის ასი ათასი რუბლით განსაზღვრა რომ მოუნდეს; ან, დავუშვათ, ყველა სახის გადასახადის გააუქმების; ან კიდევ უკეთესი – ქვეყნის თითოეული  მოსახლისთვის “ლექსუსის” ჩუქების.  დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში, არავის გაუჩნდებოდა კითხვები არჩევნებზე გამოცხადებასა და კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით.

ალბათ კიდევ ერთხელ დამაბრალებენ სამშობლოს არსიყვარულს, მაგრამ ის, რომ  რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენი სახელმწიფო მოხელეები მოურიდებლად და გეგმაზომიერად აჩვევდნენ მთელ ქვეყანას მუქთახორობის ნარკოტიკის მოხმარებას, და თან ამ გზის სისიწორეში ნებისმიერი ეჭვის შეტანას შეურაცხყოფად აღიქვამდნენ, ცხადია,  აფხაზეთისთვის მძიმე შედეგების გარეშე ვერ ჩაივლიდა.

შედეგად, ჩვენ მუქთახორობა აფხაზური რეალობის ბუნებრივ და საციცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტად ვაქციეთ, და ამით დავაკნინეთ მოქალაქის სტატუსი, მათ შორის – იმ მოქალაქისაც, რომელმაც საკუთარი ხალხის თავისუფლება იარაღით დაიცვა; დავაკნინეთ და ბავშვური თვისებების ელექტორალურ ერთეულამდე დავიყვანეთ. ბავშვი კი გამუდმებით სასწაულებს მოითხოვს. უნდა და მორჩა!

თუმცა, ეს ჯადოსნური რესურსი უკვე ამოწურულია. ცხოვრების ასეთ რეჟიმში გაგრძელება აფხაზური სახელმწიფოებრიობის პერსპექტივებზე ხელის აღებას ნიშნავს.

პრეზიდენტი ხაჯიმბა ამას ხვდება. სხვა შემთხვევაში, რეფორმების გატარებას არ დაიწყებდა. დიახ, ეს რეფორმები შეფერხებულია, თუმცა, არა იმიტომ, რომ პრეზიდენტმა უცებ გადაიფიქრა. სულაც არა. უბრალოდ წინააღმდეგობაა დიდი.

როდესაც მიმდინარე წელს ქვეყანაში შემოტანილ საქონელზე დღგ დაწესდა, თითქმის მთელი ქვეყანა ფეხზე დადგა, – რატომ უნდა გადავიხადოთ გადასახადებიო?!

ერთმა ნაცნობმა ბიზნესმენმა სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ასეთი გზავნილი გამოაქვეყნა: “აპრილიდან ვავრცელებ განცხადებებს ვაკანსიებთან დაკავშირებით. საბოლოოდ უკრაინელებიც დავიქირავე, რუსებიც, და აფხაზეთის მოქალაქეებიც… მაგრამ არა ადგილობრივები. უცხოელები სამუშაოს არსებითი მომენტებით ინტერესდებიან, ჩვენებს კი მისალამებაც არ აქვთ ხოლმე დასრულებული, უკვე ხელფასთან დაკავშირებულ კითხვებს სვამენ. როდესაც ვპასუხობ, რომ მათი ხელფასის ოდენობა გამომუშავებაზე იქნება დამოკიდებული, მაშინვე უგზოუკვლოდ იკარგებიან”.

ეს ბიზნესმენი მივიდა  სავავალო დასკვნამდე, რომელსაც მე, პრინციპში, ვეთანხმები – ჩვენ, ისე, რომ ვერც კი შევამჩნიეთ, შევქმენით გარემო, რომელშიც  უმუშევარი ადამიანი წლების განმავლობაში სხვისი მოწეული სიგარეტის ნამწვებით კმაყოფილდება, ელოდება, ვიდრე ტელეფონზე თანამოსაუბრე თავად გადმოურეკავს, ბენზინს მათხოვრობს, მაგრამ მაინც ადვილ სამუშაოს ელოდება – იზოლირებული კაბინეტით, რბილი სავარძლით, კონდიციონერითა და მაღალი ხელფასით. და მისთვის სულაც არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ საიდან მოდის ეს ხელფასი.

უახლოეს კვირადღეს აფხაზეთში ჩატარდება რეფერენდუმი, რომელიც პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ნდობის მანდატს განსაზღვრავს. ზოგს სჯერა – იმისათვის, რომ ბედნიერებამ დაისადგუროს, ხაჯიმბას მოშორებაა საჭირო.

მაგრამ, სამწუხაროდ, არავითარი რეფერენდუმი არ გვიშველის, თუ ხელებდაკაპიწებულები შრომას არ დავიწყებთ. თუკი ისე არ  მოვიქცევით, როგორც თავის დროზე იქცეოდნენ და დღემდე იქცევიან შვეიცარიელები.

 

 

 

ინალ ხაშიგი, აფხაზი ჟურნალისტი და რედაქტორი

 

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.

გამოქვეყნებულია: 08.07.2016


ასევე წაიკითხეთ