"ეს ვაზნები არ კლავს, ეს აგრესიის ნაერთი არ არის, არამედ სილამაზეა, რომელიც ქალებს ამშვენებს", - ოსტატი" />

სამკაულები იარაღისგან, ვინ და რატომ ქმნის მათ

"ეს ვაზნები არ კლავს, ეს აგრესიის ნაერთი არ არის, არამედ სილამაზეა, რომელიც ქალებს ამშვენებს", - ოსტატი

იარაღის სამშვიდობო გზავნილი

«მინდოდა, ვაზნები აგრესიისგან გამეთავისუფლებინა. მათი ენერგეტიკა შევცვალე. ეს ვაზნები ადამიანების დასახოცად არაა გამიზნული. თითოეული ეს დეტალი სრულიად თავისუფალია კონცენტრირებული აგრესიისგან. ეს უბრალოდ სილამაზეა, რომელიც ქალებს შესამკობადაა შექმნილი», — ამბობს არტაკ თადევოსიანი, მხატვარი სომხურ ქალაქ გიუმრიდან.

მისი იდეა – იარაღის სამკაულებად გარდაქმნა – ძალიან მოსწონთ იმ ქალებს, რომლებიც მოდის ტენდენციებს მიჰყვებიან. მაგრამ ხელოვანი დიდი ხნის მანძილზე ეძებდა გარდაქმნის ფორმებს, რომლებსაც თავისი მეუღლის წყალობით მიაგნო.

გამოსავალი გამოუვალი სიტუაციიდან

არტაკ თადევოსიანი და მისი მეუღლე აიარპი გევორგიანი გიუმრიში ცხოვრობენ. ფულის საშოვნელად არტაკი რამდენიმე წლის მანძილზე პერიოდულად ჩადიოდა რუსეთში და იქ კერძო სახლების დიზაინერად მუშაობდა.

«ოჯახს უფროსი სჭირდება, ბავშვს კი მამა, რომელიც მასთან იცხოვრებს», — ამ აზრით დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ ის და მისი მეუღლე ვერ დასაქმდნენ ქალაქში, რომელიც სომხეთის მასშტაბით სიდიდით მეორე დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს.

როდესაც ყველანაირი იმედი გადაეწურათ და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პირადი ნივთების ჩალაგებისა და ქვეყნის დატოვების დრო მოვიდა, მათ ახალი შემოქმედებითი იდეები გაუჩნდათ. აიარპიმ თოჯინების ქსოვა დაიწყო, არტაკმა კი სპილენძის მავთულებისგან სამკაულების დამზადებას მიჰყო ხელი.

ექვსი ფერის 600 ელფერი – როგორ ქსოვენ და აღადგენენ ერევანში ხალიჩებს

• Street fashion. ის, რაც მოდურია, ყოველთვის ძვირი არ არის

«არტაკის სამკაულები სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდებოდა. მან გადაწყვიტა, თავისი ნამუშევრები ქვებით დაემშვენებინა. წარმატებამ კიდევ უფრო გაგვამხნევა და ჩვენი სამკაულების შეძენის მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა», — ამბობს აიარპი.

არტაკი კი იხსენებს, რომ ერთხელ სამხედრო სწავლებების შემდეგ [გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს — JAMnews], ქალაქგარეთ სეირნობისას მან და აიარპიმ მიწაზე მიმოფანტული ვაზნები იპოვეს, შინ წამოიღეს და გადაწყვიტეს, ამ დეტალებით სამკაულები დაემზადებინათ. რაღაც ახლის, არნახულის შექმნა სურდათ. ასე გაჩნდა ეს ნამუშევრები და მათთან ერთად ბრენდი „აი-არი“ (აიარპი და არტაკი). ამჟამად ეს სამკაულები ძალიან პოპულარულია გიუმრიში.

ვაზნების, ტყვიებისა და ნაღმების ნარჩენებისგან არტაკი საყურეებს, ბეჭდებს, სამაჯურებსა და კულონებს ჭედავს. სხვათა შორის, იგი ამ სამკაულებს საკუთარი ხელით დამზადებული ინსტრუმენტებითა და დამხმარე საშუალებებით ქმნის. თავის სარდაფში, რომელიც სახელოსნოდაა გადაკეთებული, ის მწყობრიდან გამოსულ სამხედრო ტექნიკას ადნობს, ღუნავს და ჭრის ხოლმე.

არტაკის ცოლი მისი კონსულტანტიცაა. მეუღლის წყალობით თადევოსიანმა ზუსტად იცის, თუ როგორ გახადოს სამკაული უფრო მოსახერხებელი და რა ტიპის ბიჟუტერიას ანიჭებენ უპირატესობას ქალები. მაგრამ ოსტატი ორნამენტებს დამოუკიდებლად ირჩევს და ცდილობს მათი პირვანდელი სახე და სიმბოლოების მნიშვნელობა არ დაამახინჯოს.

სხვადასხვა ორნამენტებს ვიყენებ. ხშირად მინიატურებიდან ვიღებ, ან სომხური ასო-ნიშნების ელემენტებსა და სანსკრიტულ სიმბოლოებს ვიყენებ. მატენადარანში [იგულისხმება ძველი ხელნაწერების საცავი, რომელიც ერევანში მდებარეობს— JAMnews] თითოეულ დეტალს ვსწავლობ და ვცდილობ, ჩემი საქმე სხვადასხვა ფორმატებში განვავითარო. რა თქმა უნდა, ბიჟუტერიას ვქმნი, მაგრამ ვცდილობ, განვვითარდე. ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული ნამუშევრის ექსკლუზიურობა. საყურეების თითოეული წყვილი ხასიათითა და ენერგეტიკით უნიკალური უნდა იყოს», — ამბობს იუველირი.

„ნაუ-აგის“ სამკაულები საფრანგეთში

«ამ ადამიანებმა გენოციდი გადაიტანეს, მაგრამ ისინი შორს არიან ძალადობისგან. სომეხი კაცის ხელში იარაღი სამკაულად, ხელოვნების ნაწარმოებად იქცა», — არტაკის თქმით, ყველაზე ხშირად სწორედ ასეთი სიტყვებით აფასებდნენ მის ნამუშევრებს.

რამდენიმე თვის წინ ფრანგულ ქალაქ ბაკარაში მდებარე საგამოფენო დარბაზ Pole Bijou-ში გაიხსნა ინსტალაცია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ას წლისთავს ეძღვნება. ინსტალაცია სახელად „ომში ჯერაც არ დახურულა დამთვალიერებლისათვის. გამოფენაში მონაწილეობის სურვილი 550 ოსტატმა გამოთქვა, მაგრამ მხოლოდ თოთხმეტი მათგანის ნამუშევრები აირჩიეს. შერჩეულ ნამუშევრებს შორის არტაკ თადევოსიანის ქმნილებებიც აღმოჩნდა.

«ძალიან საინტერესო ნამუშევრები იქნა წარმოდგენილი. შთამბეჭდავი ნამუშევარი წარმოადგინა სარა შახაგმა, რომელმაც პალესტინელი პატიმრების ნომრებისგან კოლიე დაამზადა. გამოფენილი იყო ნამუშევრები, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლი ფრანგებისა და გერმანელების სანგრებშია დამზადებული. სხვათა შორის, ზემოაღნიშნული სანგრები დღემდე არსებობს. საინტერესო აღმოჩნდა ვაზნებით დამზადებული კულონი – ნამუშევარი, რომელიც ცნობილმა ბელგიელმა ხელოვანმა, ვურგენ ჰერმანმა წარმოადგინა. და როდესაც შენი ქმნილება ასეთი ნამუშევრების გვერდითა გამოფენილი, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიე», — ამბობს არტაკი.

ამავე ღონისძიებაზე მან მიღო მიწვევა, რომელიც მას  რომლის საფუძველზეც მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კიდევ ერთ გამოფენაში, რომელიც ფრანგულ ქალაქ მეცში მდებარე დარბაზ „ბოტეკაში“ მოეწყობა. ხელოვანი ძალიან ამაყობს ამით, მაგრამ უფრო მეტზე იცნებობს – მას სურს საკუთარი გამოფენები მოაწყოს კონფლიქტურ ქვეყნებსა და რეგფიონებში – მ.შ. ყარაბაღში.

«ხვდები, რომ მეტისმეტად პატარა ადამიანი ხარ იმისთვის, რომ ამ სამყაროში რაიმე შეცვალო, თუმცა, ამავდროულად, იმის საშუალება მაინც გაქვს, რომ რაიმეს შექმნა მაინც ცადო იმ სფეროში, რომელშიც მოღვაწეობ – იმისათვის, რათა ხალხი ერთი წუთით მაინც დაფიქრდეს. შეუძლებელია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს, მაგრამ  მაინც ცდილობ, შექმნა რაიმე ისეთი, რაც ძალადობას აღკვეთს და უფრო მეტ ადამიანს მოუწოდებს მშვიდობისკენ».

ცოლ-ქმარი უკვე აღარ ეძებს სამკაულებისათვის საჭირო „ნედლეულს“ იმ ადგილებში, სადაც სამხედრო სწავლებები მიმდინარეობდა. მასალებს ნაცნობები და მათთვის უცნობი ადამიანები, მონადირეები და პოლიციელები აწვდიან. ხალხი სამშვიდობო მოწოდების გავრცელებაში ეხმარება ხელოვანს, რომელიც იარაღისგან სამკაულებს ამზადებს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ