შსს-მ დემონსტრანტები გააფრთხილა, რომ ძალადობაში მონაწილეები დაისჯებიან " />

თბილისში სიტუაცია იძაბება – აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობენ. ვიდეო

შსს-მ დემონსტრანტები გააფრთხილა, რომ ძალადობაში მონაწილეები დაისჯებიან

თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობენ. აქციის მონაწილეებმა შენობის ეზოში შესვლა მას შემდეგ სცადეს, რაც ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ წაუყენა.

მან პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვა.

მრავალათასიანი აქცია თბილისის ცენტრში მას შემდეგ შეიკრიბა, რაც საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ჩატარდა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან წაიყვანა.

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მომხდარს “პროტოკოლური შეცდომა” უწოდეს.

მედიის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები.

დაპირისპირების ადგილზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებიან.

როგორც “რუსთავი-2”-ს მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, ან პოლიციელები გაატარებენ დემონსტრანტებს, ან “ხალხი საკუთარი უფლებით ისარგებლებს”. “ჩვენ ვაპირებთ ხალხს დავუბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დემონსტრანტებს ძალადობრივი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ ყველა კანონიერ უფლებას გამოიყენებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ “რუსთავი-2”-ს განუცხადა, რომ “შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, და მოწოდება ასეთი შეტევისკენ, რითაც არ უნდა დასრულდეს, სათანადოდ იქნება შეფასებული და ყველა დამნაშავე დაისჯება”, – განაცხადა გახარიამ.

მან მოუწოდა მოქალაქეებს პატივი სცენ პოლიციელებს, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებენ.

პარლამენტის შენობაში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა. შენობას ჟურნალისტებს ატოვებინებენ.


ასევე წაიკითხეთ