24 საათზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ათასობით ახალგაზრდა ქუჩაშია. პრემიერი კვირიკაშვილი დუმს" />

თბილისის ცენტრში კარვები იშლება. რამდენიმე ათასი ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს

24 საათზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ათასობით ახალგაზრდა ქუჩაშია. პრემიერი კვირიკაშვილი დუმს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილია რამდენიმე ათასი ახალგაზრდა, რომლებიც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილისა და შს მინისტრ გახარიას გადადგომას ითხოვენ.

საღამოსთვის მიტინგზე, სადაც ძირითადად ახალგაზრდები არიან შეკრებილები, დიჯეი გამოჩნდა – ჩართეს ელექტრონული მუსიკა. მიტინგი მუსიკისა და ცეკვის ფონზე გაგრძელდა.

ასევე საღამოს თერთმეტი საათისთვის პარლამენტთან კარვების გაშლა დაიწყეს. ძლიერი წვიმისა და ქარის მიუხედავად, საღამოსთვის პარლამენტთან უფრო მეტი ხალხი მივიდა.

____________________

აქცია  პარლამენტის შენობის წინ 15.00 საათზე დაიწყო. ეს არის პასუხი იმ ანტინარკოტიკულ სპეცოპერაციაზე, რომელიც 12 მაისს პოლიციამ თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში  ჩაატარა.

12 მაისს ღამის პირველ საათზე პოლიციამ თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში ანტინარკოტიკული რეიდი მოაწყო. შს აცხადებს, რომ რვა ნარკორეალიზატორი დააკავა.

პოლიციის განცხადებით, ნარკორეალიზატორების გამოვლენა და გამოძიება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შსს აცხადებს, რომ კლუბებში მოწყობილ სპეცოპერაციას, წინ უძღოდა რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა , რომელთა დროსაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღო თბილისში გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შემდეგ. გარდაცვალებამდე ეს ადამიანები სხვადასხვა ღამის კლუბში იყვნენ. 

თვითმხილველთა თქმით, პოლიციამ სპეცოპერაციის დროს ადამიანებზე იძალადა. სამართალდამცავებმა  60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, თუმცა ყველა მათგანი, გარდა ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულებისა, მეორე დილითვე გაათავისუფლეს. 

სტიქიური აქციები თბილისში 12 მაისის ღამესვე დაიწყო. კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიიდან ახალგაზრდებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. 

მოვლენებს მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდა საქართველოს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებული ადამიანები პოლიციამ არა კლუბში, არამედ მის ფარგლებს გარეთ დააკავა, ამიტომ სახალხო დამცველი შს სამინისტროსგან ითხოვს დასაბუთებულ პასუხს, თუ რატომ გახდა აუცილებელი ღამის კლუბებში ამ ფორმით შესვლა და მასშტაბური რეიდის ჩატარება.

12 მაისს, დღის პირველ ნახევარში, პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა იყო შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა და იმ პოლიციელების დასჯა, რომლებმაც ღამის კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ადამიანებზე იძალადეს. აქციის მონაწილეებმა ასევე მიმართეს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, რომ საღამოს ათ საათამდე გაეკეთებინა განცხადება და შეეფასებინა პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია.

“რატომ მოგვექცნენ ასე, ჩვენ გვჭირდება პასუხი,” – მიმართეს მათ პრემიერს.

ახალგაზრდების თხოვნას კვირიკაშვილი არ გამოეხმაურა. მასშტაბური სპეცოპერაციის და აქციის დაწყებიდან თითქმის 24 საათის თავზე, პრემიერის პრესსამსახურმა უთხრა გამოცემა “ლიბერალს”,  რომ “დღეს პრემიერი განცხადების გაკეთებას არ გეგმავს”. ამის შემდეგ, მომიტინგეთა მოთხოვნებს უკვე პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნაც დაემატა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. პარლამენტის შენობასთან მიიტანეს კარვები – მომიტინგეები კარვების ქალაქის გაშლას აპირებენ.

“ეს უკვე არ არის ნარკოპოლიტიკაზე აქცია. ეს არის აქცია, რომ ჩვენ არ ვიცხოვროთ ჩრდილოეთ კორეაში”, – განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა ტელეინტერვიუში.

“გუშინ პარასკევი საღამო იყო და ძალიან თავისუფლად შეიძლებოდა კლუბში ვყოფილიყავი. ხშირად დავდივარ “ბასიანზე” – მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ საუკეთესო განტვირთვაა. რას ვაშავებ იმით, თუ ცოტას დავლევ და ვიცეკვებ? რატომ უნდა შემომივარდეს შეიარაღებული პოლიცია და რატომ უნდა გამომათრიოს გარეთ?” – ამბობს 27 წლის ნინო.

“რუსეთში იქცევიან ასე – უვარდებიან ხალხს ღამის კლუბებში და აქციებზე აკავებენ. თუ ახლა არ ამოვიღეთ ხმა, ხვალ მივიღებთ ისეთივე ავტორიტარულ ქვეყანას, როგორც რუსეთია”, – აღნიშნავს 39 წლის ირაკლი. 

 

თბილისის მერის პოზიცია

თბილისის მერი კახა კალაძე ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას და პარლამენტთან მიმდინარე პროცესებს საღამოს ათის ნახევარზე გამოეხმაურა.

კალაძის პოზიციას აქციის მონაწილეები უფრო ადრე ელოდნენ. ყველაზე ხშირად ფეისბუკმომხმარებლები სწორედ მას მიმართავდნენ და პოზიციის დაფიქსირებას თხოვდნენ. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. გარდა იმისა, რომ კახა კალაძე იმ ქალაქის არჩეული მერია, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, იგი ხელისუფლების იმ ნაწილს ეკუთვნის, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეა. მან რამდენჯერმე ღიად განაცხადა, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ კანონმდებლობა უფრო ლიბერალური უნდა გახდეს. ასევე,  კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება თბილისში ღამის ცხოვრების და ღამის ეკონომიკის განვითარება იყო, რაც ღამის კლუბების მუშაობის ხელშეწყობასაც გულისხმობდა.

“ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება და მამოძრავებელი არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე” – თქვა თბილისის მერმა თავის განცხადებაში. 

“მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ღამის ეკონომიკა და კლუბური ცხოვრება განვითარდება და ჩვენგან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა…. თუმცა,  ჩვენ გვიკვდება ჩვენი დები და ძმები და მე დარწმუნებული ვარ რომ ის ახალგაზრდები, ვინც ახლა პარლამენტთან არიან, დაგვიდგებიან გვერდზე, რომ ერთად შევებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. მე გთავაზობთ ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს”, – განაცხადა კახი კალაძემ. 

მან შს მინისტრის და პრემიერის გადადგომის მოთხოვნის შესახებ დასმულ კითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკაზე მმართველი გუნდი მუშაობს და ამ პროცესში ახალგაზრდებს ჩართვისკენ მოუწოდებს.

კითხვაზე, როგორ აფასებს კლუბში შეჭრის ფაქტს, თბილისის მერმა განაცხადა, რომ “ფორმა შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს. თუმცა, ერთ რამეში ვთანხმდებით, რომ ნარკორეალიზატორებს ჩვენ ყველა ერთად, ერთიანი ძალებით უნდა ვებრძოლოთ”.

კალაძის თქმით,  დაკავებული იყო რვა სავარაუდო რეალიზატორიდან ორი გაათავისუფლეს და პატიმრობაში მხოლოდ ექვსი რჩება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ