ვიზალიბერალიზაციიდან 10 თვის თავზე, პირველი გაფრთხილება უკვე მიღებულია" />

ევროკომისიის პირველი დასკვნა: ემუქრება თუ არა საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმება?

ვიზალიბერალიზაციიდან 10 თვის თავზე, პირველი გაფრთხილება უკვე მიღებულია

საქართველოში ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის თავზე ევროკომისია პირველ დასკვნას აქვეყნებს.

დასკვნა 20 დეკემბერს გამოქვეყნდა, 23 იანვარს კი იგი ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში მოქმედმა სავიზო ჯგუფმა განიხილა.

დასკვნაში რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზეა საუბარი, თუმცა მდგომარება არც ისეთი საგანგაშოა, რომ ე.წ. “შეჩერების მექანიზმი” ამოქმედდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს და ევროპის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლას საფრთხე ამ ეტაპზე  არ ემუქრება.

ევროკომიისისგან რეკომენდაციებთან ერთად ოფიციალურმა თბილისმა გაფრთხილებაც მიიღო. დასკვნაში ორ მთავარ პრობლემაზეა საუბარი:

1. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა.

2. კვლავ გამოწვევად რჩება ევროპაში ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების ჩართულობა და მონაწილეობა. ევროპელი ექსპერტების მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს და  ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გადახედვის საფრთხე საქართველოს არ ემუქრება.

“საქართველოს მიღწევები და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან პოზიტიურად შეფასებული და ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ შეჩერების მექანიზმის რომელიმე პუნქტი საქართველოსთან მიმართებაში ამოქმედდება”, – აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ გულორდავა

თუმცა, დასკვნაში მოყვანილ ფაქტებში საშიშროებას ხედავენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ექსპერტები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, სავალდებულო რეფორმები დროულად განახორციელონ.

“ეს დასკვნა იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, ნაკლებად საგანგაშო უნდა გახდეს კრიმინალური მდგომარეობა. ანუ, უნდა შეიქმნას ყველა პირობა, რომ ადამიანებმა არ მოისურვონ ქვეყნის დატოვება”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნინო კალანდაძე.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე კი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის ამ მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა არის ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, “რაც უკვე 25 წელია ვერ მოახერხა საქართველოს ვერცერთმა ხელისუფლებამ” – ამბობს შარაშენიძე.

•  საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდა, რაც პარალელურად ძალაში შევიდა მიგრაციის  გასაკონტროლებლად შემუშავებული სპეციალური მექანიზმი – ე. წ. “შეჩერების მექანიზმი”. 

•  ამ მექანიზმის ამოქმედებით ევროკავშირმა თავი დაიზღვია – თუკი საქართველოდან რომელიმე ევროპულ ქვეყანას მიგრანტთა დიდი ნაკადი მიაწყდება, გაიზრდება თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვი, ან ევროპაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები უკანონო ქმედებებით შეაწუხებენ ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას, ევროკავშირს შეუძლია ვიზალიბერალიზაცია შეაჩეროს ან მის პირობებს გადახედოს.


ასევე წაიკითხეთ