სატელევიზიო ანძის მიმდებარე ტერიტორიაზე შვიდი მეტრი სიღრმის ბზარები გაჩნდა " />

ბაქოში მეწყერის საფრთხის გამო 80 ოჯახია ევაკუირებული

სატელევიზიო ანძის მიმდებარე ტერიტორიაზე შვიდი მეტრი სიღრმის ბზარები გაჩნდა

ბაქოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება სატელევიზიო ანძის რაიონიდან, სოფელ ბაილის ტერიტორიიდან, 390 ადამიანის, ანუ 80 ოჯახის ევაკუაციის შესახებ.

მცხოვრებთა უმეტესობა ნათესავებთან გადაბარგდა. დანარჩენები განათავსეს სკოლებში, დროებით თავშესაფარში, სადაც კვებით უზრუნველყოფილნი იქნებიან.

მეწყერსაშიში ზონა მდებარეობს სატელევიზიო ანძის სამხრეთ-აღმოსავლეთით 200-250 მეტრში. აქ წარმოიშვა სიღრმით 7 მეტრის, სიგანით კი ერთ მეტრზე მეტი ბზარები. ტერიტორია შემოსაზღვრულია, მას მეთვალყურეობს პოლიცია, ჟურნალისტებისთვის შესვლა აკრძალულია.

ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ამტკიცებს, რომ მეწყერის გააქტიურების მიზეზი გახდა ატმოსფერული ნალექები და მშენებლობა ფერდობის ქვედა ნაწილში, სადაც ფერდობი ვერტიკალურად ჩაჭრეს, – წერს “თურანი”. სოფელ ბაილის მოსახლეობა ეჭვით შეხვდა ამ განცხადების პირველ ნაწილს, რადგან წლევანდელი ზამთარი წინა წლების ზამთრებთან შედარებით გაცილებით თბილია, არც ძლიერი წვიმები ყოფილა და არც თოვლი.

მინისტრთა კაბინეტმა ხუთშაბათს მეწყერის საშიშროებასთან დაკავშირებით ჩაატარა საგანგებო თათბირი. შეიქმნა სიტუაციაზე დაკვირვების ოპერატიული შტაბი. ნიადაგი მყარდება, მონტაჟდება ხიმინჯები. ეკოლოგიის სამინისტროს ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ ტელეანძას საფრთხე არ ემუქრება.

 „ბზარის სიგანე დამეწყრილ ზონაში მეტრს აღწევს, სიღრმე – 7 მეტრს. დამეწყრილ ზონაში განთავსებული შუქურები ამ პროცესების დინამიკას ადასტურებს. მეწყერის გააქტიურების პროცესი ემუქრება სახლებს, რომლებიც განლაგებულია ფერდობის ქვედა ნაწილში“ –  განუცხადა სააგენტო “თრენდს” ეკოლოგიის სამინისტროს პასუხისმგებელმა მუშაკმა რაფიკ გასანოვმა.

მე -19 საუკუნის შუა წლებში ბაილის ზონაში 14 მეწყერი დაფიქსირდა, იტყობინება აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია.

მეწყერის ჩამოწოლის ყველაზე ძლიერი შემთხვევა 2000 წლის მარტში მოხდა, როცა 350 მეტრი სიგანის და 450 მეტრი სიგრძის მიწა მოწყდა ფერდობს, დაგორდა და გაანადგურა შენობები, ასევე მოსპო კომუნიკაციები.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ