რუსეთის პროპაგანდისტული მედია საქართველოში ახალ კონფლიქტს წინასწარმეტყველებს " />

“აჭარა თურქული რეგიონი ხდება” – რუსეთის პირველი არხის ანტითურქული რეპორტაჟი

რუსეთის პროპაგანდისტული მედია საქართველოში ახალ კონფლიქტს წინასწარმეტყველებს

რუსეთის პირველმა არხმა საქართველოს სიუჟეტი მიუძღვნა სათაურით “ქართული აჭარა თურქული რეგიონი ხდება”.

აქ თავმოყრილია ყველა ის ანტითურქული სტერეოტიპი, რომლებსაც წლებია საქართველოში ავრცელებს რუსული პროპაგანდა და მისი მხარდამჭერი ქართული მედია.

• მეგობარი თუ ოკუპანტი?

• როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებზე?

ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემის «Толстой. Воскресенье» -ს წამყვანი რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი და კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი პიოტრ ტოლსტოი თავის ტექსტში ამბობს, რომ მაშინ როცა ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოში რუსი ტურისტების მიმართ მტრულ განწყობებს აღვივებენ და საქართველოში რუსეთს “ოკუპანტს” უწოდებენ, თურქეთმა ფაქტობრივად მიიტაცა აჭარა. ეს კი, მისი თქმით, საქართველოში ახალი კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს.

“იზრდება დაძაბულობა ჯერ კიდევ საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილ რეგიონებს შორის,” – ისმის ასეთი ფრაზა გადაცემის წამყვანის საკადრო ტექსტში.

სიუჟეტი ეხება იმას, თუ როგორ კარგავს თბილისი ბათუმზე კონტროლს, რადგან რელიგიისა და დიდი ფულის წყალობით ანკარამ აქაურობა თითქმის დაისაკუთრა.

“თურქულმა დესანტმა უკვე გადმოლახა საქართველოს საზღვარი,” – ნათქვამია სიუჟეტში.

სიუჟეტი აჭარაშია გადაღებული და მისი ავტორი ეთნიკური ქართველი გიორგი ოლისაშვილია.

სიუჟეტის ავტორი ცდილობს აჩვენოს თუ როგორ დაკარგეს ქართველებმა ბათუმი:

“ქუთაისის ქუჩა ბათუმში სწრაფად მზარდი თურქული კვარტალია. აქ ათობით თურქული კაფეა, რომლებიც ერთი და იგივე მარტივი სქემით მუშაობენ: კაფეს მფლობელი თურქეთშია, დირექტორი – თურქი, კლიენტები – თურქები. და მხოლოდ მომსახურე პერსონალია ადგილობრივი მოსახლეობა”. 

დაკარგეს აჭარის რეგიონის სტრატეგიული ობიექტები:

“ბათუმის აეროპორტი თურქეთის შიდა აეროპორტისგან არაფრით გამოირჩევა. აშენებულია თურქული კომპანიის მიერ, იყენებს თურქული კომპანია და თურქებს აქ ჩამოსასვლელად საზღვარგარეთის პასპორტი არც სჭირდებათ”.

თუ როგორ იქცა ბათუმი თურქებისთვის აზარტული თამაშების პოლიგონად:

“ანკარამ დიდი ხანია აკრძალა სამორინეები, ამიტომ თურქების ნაწილი აჭარაში კაზინოებს აშენებს, მეორე ნაწილი კი, სათამაშოდ ჩამოდის. კონსერვატიული თურქებისთვის ბათუმი შავი ზღვის ლასვეგასია”.  

ცალკე დრო ეთმობა “სოკოებივით მომრავლებული მეჩეთების” თემას:

“ლამის ახალ სასტუმროებზე მეტი აჭარაში მეჩეთები იხსნება, რომლებიც თურქული ფულით შენდება. რეგიონის მოსახლეობის მესამედი – ქართველი-მუსლიმები არიან”.

ასევე, სიუჟეტის ავტორი წუხს, რომ თურქებმა საქართველოში უცხო მომსახურებებიც შემოიტანეს:

“მთავარი მეჩეთის მინარეთთან იმ დაწესებულებების ქსელია, რომლებთანაც საქართველო ადრე არასოდეს ასოცირდებოდა. თურქებმა ტაილანდიდან მასაჟისტი ქალები გამოიწერეს,” – ამბობს რეპორტიორი.

სიუჟეტის ავტორი შეახსენებს აჭარლებს, რომ ეს რეგიონი 300 წელი თურქეთის დაქვემდებარებაში იყო და მხოლოდ რუსეთის დამსახურებით დაუბრუნდა საქართველოს.

“თუმცა თბილისში, სადაც მოქმედმა ხელისუფლებამ რუსეთი საქართველოს მტრად გამოაცხადა, ამჯობინებენ ეს ფაქტი არ გაიხსენონ,” – აღნიშნულია სიუჟეტში. 

ავტორს თურქეთის შემადგენლობაში არსებული ძველი ქართული ეკლესიებიც არ დაავიწყდა. კადრში ძველი ეკლესიის ნანგრევები ჩანს. რესპოდენტი ჰყვება, რომ ამ ეკლესიის გარშემო ბოსტანი იყო გაშენებული და ეკლესიის კედელზე დიდი გოგრა ეკიდა.

“ეს მე-12 საუკუნის ქართული ეკლესიის ნანგრევებია. აქ ადრე თამარ მეფე ლოცულობდა. ახლა ეს თურქეთია. და ეს მაშინ, როდესაც თავიანთი კულტურის დამკვიდრებას თურქები ძალზე ყურადღებით ეკიდებიან”. 

ჟურნალისტმა სარფის პლაჟიც მოინახულა:

“სასაზღვრო ტერმინალიდან ას მეტრში თურქებმა მეჩეთი ააშენეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი თურქული ქალაქი აქედან მხოლოდ ხუთ კილომეტრშია. დინამიკები ისე არის დამონტაჟებული, რომ მოლის ხმა საზღვრის აქეთა მხარეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ესმით”.

სიუჟეტის ბოლოს აჭარის “გათურქების” ისტორიაზეა საუბარი.

ყველაფერი სააკაშვილის ეპოქით და ვარდების რევოლუციით დაიწყო, ჰყვება სიუჟეტის ავტორი: “სააკაშვილამდე თურქული ბიზნესი საქართველოში არ ყოფილა”.

მისი თქმით, თურქულ ინტერესებს საქართველოში სააკაშვილის დედა და თურქი ოპოზიციონერის ფეთულაჰ გიულენის მეგობარი, თურქოლოგი გიული ალასანია ლობირებდა.

“გიული ალასანია ფეთულაჰ გიულენის არა მარტო მეგობარი, არამედ საყვარელი ქალი იყო,” – ამბობს სიუჟეტის გმირი არნო ხიდირბეგაშვილი – ანტითურქული და ქსენოფობიური შინაარსით გამორჩეული გაზეთის “ასავალ-დასავალის” რედაქტორი, რომელიც ტიტრში მოხსენიებულია როგორც პოლიტოლოგი.

“ჩვენ რუსეთის ოკუპაციაზე ვლაპარაკობთ, არადა ქართული მიწების ნამდვილი ოკუპანტი თურქეთია,” – ამბობს ხიდირბეგაშვილი.

სიუჟეტში მოყვანილია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტააიპ ერდოღანის პოზიცია, რომ თითქოს ის არ არის წინააღმდეგი თურქეთმა ოსმალეთის იმპერიის საზღვრები აღადგინოს.

“აჭარის მიმართ ანკარაс ინტერესს აღვივებს ის ორ მილიარდ ნახევარი დოლარი, რომელიც ანკარამ ბათუმში ჩადო და მოსახლების 15 პროცენტი – თურქული დიასპორა ორმაგი მოქალაქეობით,” – ასკვნის ჟურნალისტი.

სიუჟეტის რესპონდენტია ასევე ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ასლან სმირბა, რომელიც ამბობს:

“ისინი [თურქები] ყველანი გასაყრელია აქედან”.

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გამწვავდა. 

ამის მიზეზი გასული თვის ბოლოს განვითარებული მოვლენები გახდა: საქართველოში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლის სხდომაზე დასასწრებად ჩამოვიდა.  გავრილოვი, როგორც ასაბლეის პრეზიდენტი, თავად უძღვებოდა სხდომას საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან და აუდიტორიას რუსულად მიმართავდა. ამ ფაქტმა გააღიზიანა როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები და ათასობით რიგითი მოქალაქე, რომლებიც უკვე 12 დღეა პარლამენტის შენობასთან მართავენ აქციებს. შიდა საკითხებთან და ხელისუფლებასთან არსებულ პრეტენზიებთან ერთად, აქციის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგია “რუსეთი ოკუპანტია”.

ამ “ანტირუსული გამოსვლების” პასუხად ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა გააუქმა და რუს ტურისტებს მოუწოდა საქართველოში არ იმოგზაურონ. 


ასევე წაიკითხეთ