მეგობარი თუ ოკუპანტი?
მასობრივი პროტესტი თბილისში, რომელიც საქართველოს პარლამენტში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც თავის მხრივ ღიად უჭერს მხარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ორ ქვეყანას შორის ახალი დაპირისპირების საფუძველი და ფართო დისკუსიის დაწყების მიზეზი გახდა იმის თაობაზე, თუ რამდენად უსაფრთხოდ არიან საქართველოში რუსი და რუსულენოვანი ტურისტები.
სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და ცხარე დისკუსია გამოიწვია ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებამ, 8 ივლისიდან რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ და ასევე დავალებამ, რომ სამშობლოში დააბრუნონ რუსი ტურისტები, რომლებიც დროებით იმყოფებიან საქართველოში.
JAMnews გთავაზობთ რუსი და რუსულენოვანი ტურისტების, ასევე, საქართველოში სამუდამოდ საცხოვრებლად გადმოსული რუსების თვალით შეხედოთ მიმდინარე მოვლენებს.
ატმოსფერო ქალაქის ცენტრში
ევგენი და კატია რუსთაველის გამზირიდან 200 მეტრის დაშორებით მდებარე ერთ-ერთ ბარში შევიდნენ, რათა ივნისის ცხელ საღამოს გასეირნების შემდეგ დაისვენონ.
„არა, ჩვენ მიმართ აგრესია არ შეგვხვედრია“, – იცინის ევგენი. ისინი მაგიდასთან ქართველთან – დაწესებულების მეპატრონესთან ერთად სხედან, რომელიც მათ სადეგუსტაციოდ გამოტანილი ღვინოების შესახებ უყვება.
სანამ ბარში შევიდოდნენ, ევგენიმ და კატიამ რუსთაველის გამზირზე გაიარეს, სადაც მორიგი აქციისთვის მიმდინარეობდა მზადება – შეკრება დაიწყეს ადამიანებმა, ძირითადად სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა, მიდიოდა სცენის მოწყობის უკანასკნელი სამუშაოები. კატია გვიჩვენებს ფოტოს, რომელიც გზად მობილური ტელეფონით გადაიღო.
„როდესაც აქედან გავალთ, აუცილებლად გავისეირნებთ უკან, თავისუფლების მოედნამდე“, – ამბობს ევგენი.
• საქართველოს ხელისუფლებამ მომიტინგეთა ერთი მოთხოვნა შეასრულა
• მშვიდობიანი აქციები საქართველოს პარლამენტთან. ფოტორეპორტაჟი
• საპროტესტო აქციის დაშლა თბილისში. რა იქნება შემდეგ? ექსპერტების შეფასებები
რის წინააღმდეგ აპროტესტებენ თბილისში
საპროტესტო აქცია, რომელიც თავდაპირველად დაიწყო საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული ოკუპაციის წახალისების წინააღმდეგ, გაორმაგებული ძალით განახლდა მას შემდეგ, რაც 21 ივნისის ღამით, სასტიკად დაშალეს მომიტინგეები.
პოლიციამ აქციის დასაშლელად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლის მანქანები და რეზინის ტყვიები. მანამდე, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით შეკრებილი მომიტინგეების ნაწილი პარლამენტის შენობაში შეჭრას შეეცადა.
ძალისმიერმა დაშლამ, რომლის შედეგადაც 305 ადამიანი დააკავეს და 240-მა მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება, მეორე დღეს რუსთაველის გამზირზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოიყვანა.
24 ივნისს, საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას დათანხმდა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება და ასევე, უფლებამოსილება შეუჩერეს პოლიციის ათ თანამშრომელს, რომლებიც აქციის დაშლაში მონაწილეობდნენ.
ამის მიუხედავად, პროტესტის მონაწილეები აქციის გაგრძელებას აპირებენ მანამ, სანამ არ მიაღწევენ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას და ასევე, დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას, რომლებიც ახლა პატიმრობაში იმყოფებიან.
სხვა ლოზუნგებთან ერთად, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ისმის: „Russia is occupant“, პუტინ ხ..ლო“ და ა.შ. ეს ტრანსპარანტები არაერთხელ აჩვენეს რუსულ მედიაში, როგორც რუსოფობიისა და იმ რუსების მიმართ არსებული საფრთხის მტკიცებულება, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების 20 პროცენტს შეადგენენ.
რას ამბობენ რუსები საქართველოში
კატია ბოროდინა თბილისში სწორედ მოვლენების ყველაზე ცხელ პერიოდში ჩამოვიდა და ბილეთიც კი გადაცვალა, რომ საქართველოში ერთი კვირით მეტხანს დარჩეს.
„ვერანაირ „ანტირუსულ“ განნყობებს ვერ ვხედავ და ვერ ვგრძნობ. საქართველოში მიმდინარე პროტესტი მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ და არა კონკრეტული ადამიანების, მნიშვნელოვანია, ეს გვესმოდეს! რა თქმა უნდა, ხშირად ვხედავ პლაკატებს პუტინის გამოსახულებითა და მის შესახებ წარწერებით, მაგრამ ეს არანაირად არ ასოცირდება ჩემთან. ქართველებს ესმით, რომ ყველა რუსი არ აწერს ხელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოქმედებებსა და სიტყვებს“.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, რუსეთის სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ირჩევს საქართველოს მუდმივად ან დროებით საცხოვრებლად. დანიელა შაპოვალი თბილისში საცხოვრებლად მაისში გადმოვიდა და ახლა მზარეულად მუშაობს კაფე „ოვსიანკაში“, რომელიც წელს სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოსულმა რუსებმა გახსნეს.
20 ივნისს, დანიელა სხვა თანაქალაქელებთან ერთად, ასევე გაემართა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
„ცრემლსადენი გაზის გაშვების ზონაში მოვხვდი, ადგილობრივმა ბიჭებმა, ქართველებმა გადამარჩინეს და როდესაც გაიგეს, რომ რუსი ვიყავი, არ დამიჯერეს. საერთოდ არსად მიშვებდნენ, უნდოდათ სახლში გავეშვი, მაგრამ მე არ მინდოდა წასვლა. ასეთი სიყვარული და მზრუნველობა დიდი ხანია არ მინახავს“.
ვლადიმირ რომენსკი, ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი, ბათუმში იმყოფებოდა დასასვენებლად. 21 ივნისს, რედაქციის დავალებით ის უკვე თბილისში იყო.
„მე არაერთხელ შევუთანხმდი ინტერვიუზე პროტესტის მონაწილეებს რუსულ ენაზე. რუსი ჟურნალისტების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ, ესმით, რომ ჩვენი მედიის დიდი ნაწილი სახელისუფლებო პროპაგანდის გამხმოვანებლად იქცა. მაგრამ ქართველები მზად არიან, პატიოსან, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს აუხსნან საკუთარი პოზიცია და ესაუბრონ მიზეზებზე, რის გამოც ითხოვენ ხელისუფლების შეცვლას“.
დამკვირვებლები თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტი არ ატარებს ანტირუსულ ხასიათს, მოქალაქეების დიდი ნაწილი ნეგატიურად არის განწყობილი რუსეთის ხელისუფლების მიმართ, მაგრამ არა უბრალოდ ადამიანების. თუმცა, საერთო ფონზე, გამონაკლისებიც არსებობს.
ნიკიტა იონოვი და მისი მეუღლე, ნატალია ლუგოვსკაია თბილისში საცხოვრებლად სმოლენსკიდან ერთი წლის წინ გადმოვიდნენ.
„არანაირი ცვლილება არ შემიმჩნევია. იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა – ამ დღეებში, ქუჩაში, ჩვენთან ერთი ქალი მოვიდა, ეტყობა გაიგო, რომ რუსულად ვლაპარაკობდით და დაიწყო ფრაზით, „თქვენ იცით, რომ თქვენ – რუსები – ოკუპანტები ხართ?!“. მაგრამ იმდენად, რამდენადაც ბელარუს მეგობრებთან ერთად ვიყავი, მათ უთხრეს, რომ ბელარუსი ოკუპანტი არ არის. ამის შემდეგ ქალმა ბოდიში მოიხადა და გზა გააგრძელა“, – გვიყვება ნიკიტა.
„მაგრამ, რამდენადაც ეს იყო ერთადერთი შემთხვევა რუსულად მოლაპარაკებების მიმართ, მე არ გამომაქვს დასკვნები მთლიანად ქართველ ხალხთან დაკავშირებით“, – დასძენს ნატალია.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 21 ივნისიდან, ქართულმა კინოთეატრებმა შეწყვიტეს რუსულ ენაზე თარგმნილი ფილმების ჩვენება.
შეიძლება, რუსული ენა საქართველოში პრობლემა იყოს?
ულიანა ვანდიშევა თბილისში შვიდი წლის წინ გადმოსახლდა, რათა საკუთარი სარესტორნო პროექტის გახსნით დაკავებულიყო. დღეს ის მუშაობს, როგორც კვებისა და სასმელების სპეციალისტი.
„ცოტა ხნის წინ, ერთი კომპანიის მთავარ ოფისში ვმუშაობდი და ისე მოხდა, რომ ხელმძღვანელს ჩემი ამ თანამდებობიდან გათავისუფლება მოუწია, ვინაიდან კლიენტებს ჰქონდათ პრობლემები, რომ რუსულენოვანი გოგონა პასუხობდა ტელეფონს და საქმიან მიმოწერას რუსულ ენაზე აწარმოებდა. მაგრამ, ამის მიუხედავად, როდესაც რუსთაველზე ეს ამბები მოხდა, პირველი ადამიანი, რომელმაც დამირეკა და ჩემი მდგომარეობით დაინტერესდა, სწორედ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო“.
2017 წელს, დინა რამაზანოვამ, თავის კოლეგასთან, ალექსანდრ ნოვიკოვთან ერთად, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, ღვინის ბარი DADI გახსნა. პროტესტის დაწყებისას დინა თბილისში, სამსახურში იმყოფებოდა.
„გარკვეული დაძაბულობა ნამდვილად გაჩნდა. იმ ადამიანებმა, რომლებიც ადრეც უკმაყოფილოები იყვნენ ქვეყანაში რუსების ყოფნით, უფრო ღიად დაიწყეს ამის გამოხატვა, უფრო მამაცები გახდნენ ბოლოს განვითარებული მოვლენების ფონზე. ისინი კი, ვინც არ ურევს ერთმანეთში პირადსა და პოლიტიკას, ვინც ფიქრობს და უფრო ფართოდ ხედავს სურათს, ამ თემაზე არაფერს ამბობენ და მხარს გვიჭერენ. ჯერჯერობით რთული სათქმელია, როგორი გავლენა ექნება ბიზნესზე, თუმცა, ყველა შემთხვევაში, DADI-ის აუდიტორია – პირველ რიგში ტურისტები არიან, როგორც რუსეთიდან, ისე მთელი მსოფლიოდან, ის კი ძალიან დიდია“.
ანტიკაფე „ციფერბლატიც“ თბილისში, რუსეთიდან ჩამოსულმა ადამიანებმა გახსნეს.
პაოლო გვასალია, რომელიც „ციფერბლატში“ მუშაობს, 21 ივნისის ღამეს, საპროტესტო აქციის დაშლისას, მუცელში დაიჭრა.
„ჩემი ჭრილობა იმასთან შედარებით, რაც აქციის სხვა მონაწილეებმა მიიღეს – ზღაპარია“, – ამბობს პაოლო.
„ციფერბლატში“ ყოველდღიურად ძალიან განსხვავებული ადამიანები მოდიან – როგორც ადგილობრივები, ისე ჩამოსულები, მათ შორის, რუსეთიდან.
„არ შემიმჩნევია, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქეს გამოევლინოს აგრესია რუსეთის მოქალაქისადმი. ეს არ არის ბრძოლა მოქალაქეებს შორის, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა სახელმწიფოებს შორის, რომელიც არ შეეხება ჩვეულებრივ, მშვიდობიან მოქალაქეებს და არ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ადამიანებს შორის“, – ამბობს პაოლო.
მიუხედავად საქართველოში მყოფი რუსულენოვანი ტურისტების გამოხმაურებისა, რუსული მედიის რეპორტაჟები უშედეგოდ არ ჩაივლის. მაგრამ საქართველოში ბევრი მიიჩნევს, რომ რუსი ტურისტების ნაკადის შემცირება მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.
ალექს ტატევოსიანი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. როგორც სხვა ქალაქელები, ამ დღეებში, ისიც საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას.
„რაც შეეხება რეისების გაუქმებას, დაზარალდებიან მხოლოდ რუსები. დიახ, ექნება მცირე ნეგატიური გავლენა ქართულ ეკონომიკაზე, მაგრამ არც ისე სერიოზული, რომ მას ვერ გავუძლოთ. მიმაჩნია, რომ ამის შემდეგ, ტუროპერატორები გაზრდიან მომსახურების ხარისხს და აქცენტს გააკეთებენ დასავლეთის ბაზარზე, რაც ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს მხოლოდ გააუმჯობესებს“.