მოლდოვის ყოფილ არაფორმალურ მმართველს კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ" />

აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქს სანქციები დაუწესა

მოლდოვის ყოფილ არაფორმალურ მმართველს კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ

მოლდოველი ოლიგარქი ვლად პლახოტნიუკი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა მოლდოველი ოლიგარქის, ვლად პლახოტნიუკის წინააღმდეგ. მას უარი ეთქვა ამერიკულ ვიზაზე კორუფციაში მონაწილეობისა და მოლდოვაში დემოკრატიული ინსტიტუტების ხელყოფის გამო.

“ეს გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ შეერთებული შტატები არ მოითმენს კორუფციას და მხარს უჭერს მოლდოველ ხალხს მის წინააღმდეგ ბრძოლაში. სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს ამ ზომების გამოყენებას ამ რეგიონში და მთელ მსოფლიოში კორუმპირებული მოხელეების პასუხისგებაში მიცემის მხარდასაჭერად,”  – დაწერა ტვიტერში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა  მაიკ პომპეომ.

რატომ გადააყენეს მოლდოვის „ანტიოლიგარქიული“ მთავრობა მხოლოდ 5 თვიანი მუშაობის შემდეგ

როგორ იცვლებოდა ხელისუფლება მოლდოვაში 

სახელმწიფო მდივნის თქმით, პლახოტნიუკი, რომელიც საჯარო თანამდებობას იკავებდა, ”მონაწილეობდა კორუფციულ ქმედებებში, რაც ძირს უთხრიდა კანონის უზენაესობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას”.

მოლდოვური გამოცემა ZGD- ს ინფორმაციით, პლახოტნიუკის გარდა, სანქციები მისი მეუღლის ოქსანა კილდესკუს, სრულწლოვანი შვილის ტიმოთეი პლახოტნიუკისა და არასრულწლოვანი შვილის წინააღმდეგაც ამოქმედდა.

ვლად პლახოტნიუკი. REUTERS/Valentyn Ogirenko

მოლდოვის “დემოკრატიული პარტიის” ყოფილი ლიდერი ვლად პლახოტნიუკი ფაქტობრივად აკონტროლებდა ხელისუფლების ყველა ორგანოს და არაფორმალურად მართავდა მოლდოვას 2019 წლის ივნისამდე, როდესაც პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა და დემოკრატიული პარტიის მთავრობა გადააყენა. პლახოტნიუკმა ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის ზუსტად არ არის ცნობილი.

2019 წლის ოქტომბერში მოლდოვის სასამართლომ პლახოტნიუკზე დაპატიმრების ორდერი გასცა, იგი  დიდი მასშტაბით  ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.

ZGD- ს ცნობით, გაქცეული ოლიგარქი თავშესაფრის მოპოვებას უკრაინასა და შეერთებულ შტატებში წარუმატებლად ცდილობდა.


ასევე წაიკითხეთ