გაერთიანების პირობა - ოპოზიციონერი ალხას კვიცინიას გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი ყოფილი პრეზიდენტი, ალექსანდრ ანქვაბი გახდება " />

აფხაზური ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაერთიანდა

გაერთიანების პირობა - ოპოზიციონერი ალხას კვიცინიას გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი ყოფილი პრეზიდენტი, ალექსანდრ ანქვაბი გახდება

აფხაზური ოპოზიცია ზუსტად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაერთიანდა, რომელიც 8 სექტემბერსაა დანიშნული. ყოფილი პრეზიდენტისა და გავლენიანი პოლიტიკოსის, ალექსანდრ ანქვაბის გუნდმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ მხარს ოპოზიციონერ კანდიდატს, ალხას კვიცინიას უჭერს.

მისი გამარჯვების შემთხვევაში, ანქვაბი პრემიერ-მინისტრი გახდება – სწორედ ეს გახდა ორი გუნდის გაერთიანების წინაპირობა.

ამით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსი საგრძნობლად გაიზარდა.

• აფხაზეთის არჩევნებში რუსეთმა ფავორიტი განსაზღვრა?

• ქართველები აფხაზეთში გვარებს იცვლიან და, ამასთან ერთად, ეროვნებასაც

ორმა კანდიდატმა, რომლებიც მეორე ტურში გავიდნენ – კვიცინიამ და მოქმედმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ – ხმათა თითქმის ერთნაირი რაოდენობა დააგროვეს პირველ ტურში, რომელიც 25 აგვისტოს გაიმართა – შესაბამისად, 18,929 და 20,544 ხმა.

სწორედ ამიტომ, მეორე ტურის ბედი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, ვის გადასცემს ხმებს პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ოლეგ არშბა, რომელიც საპრეზიდენტო რბოლაში მესამე ადგილზე გავიდა და პირველ ორთან საკმაოდ ახლოს მდგომი ხმათა რაოდენობა მოაგროვა: 18,668 ხმა.

არშბა და კიდევ ერთი კანდიდატი, ოლეგ ბარციცი ყოფილი პრეზიდენტის, ანქვაბის მიერ დაყენებული პირები არიან. ის 66 წლისაა და ასაკის გამო ვერ მოახერხა აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მისი, რომელიმე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ანქვაბი პრემიერ-მინისტრი უნდა გამხდარიყო და ორივე კანდიდატის გუნდი ამაზე ღიად ლაპარაკობდა.

არჩევანი იმასთან დაკავშირებით თუ ვის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს ანქვაბი – ძალიან მარტივი იყო: მას, ვინც პრემიერ-მინისტრის პოსტს შესთავაზებდა. მოქმედი პრეზიდენტის შემთხვევაში ეს საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა. ოპოზიციონერ კანდიდატთან მოლაპარაკებები (ვაჭრობა, როგორც ამ პროცესს ზოგიერთი ექსპერტი უწოდებს) კი მთელი ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 აფხაზეთი: როგორ დავიწყოთ ბიზნესი ნულიდან და არ ჩავიწვათ

• სოხუმში ისტორიის სახელმძღვანელოების სასამართლო პროცესის მეორე ეტაპი იწყება

ექსპრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი თავის მომხრეებს 4 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში შეხვდა. ოფიციალურად ღონისძიებას უწოდეს „ოლეგ არშბასა და ოლეგ ბარციცის მომხრეების შეკრება“.

იქ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება აუკრძალეს. არც მომხრეებს მისცეს განვითარებული მოვლენების ტელეფონით გადაღების უფლება, მით უმეტეს, პირდაპირი ეთერის გაშვება სოციალურ ქსელებში.

განიხილეს, ორი ვარიანტიდან, რომელი უნდა ამოერჩიათ ამ კანდიდატების მომხრეებს მეორე ტურში: ხმა მიეცათ ალხას კვიცინიასთვის თუ ხმა მიეცათ „ყველას წინააღმდეგ“.

ძალიან ბევრი გამომსვლელი სწორედ მეორე ვარიანტს უჭერდა მხარს – „ყველას წინააღმდეგ“. მათი თქმით, ეს იყო იმ საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა პოზიცია, სადაც გამარჯვება ოლეგ არშბამ მოიპოვა.

ალექსანდრ ანქვაბმა მომხრეებს მოუსმინა, მაგრამ მისი მოსაზრება საპირისპირო იყო:

„ყველას წინააღმდეგ ხმის მიცემა, სწორი არ მგონია“, – განაცხადა ანქვაბმა.

ლეონიდ ლაკერბაიამ, ოლეგ არშბას ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელმა, ანქვაბის მთავრობის ექსპრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდი ოპოზიციონერი კოლეგებისგან, პარტია „ამცახარასგან“ შეთავაზებებს პირველი ტურის დასრულებისთანავე ელოდა, მაგრამ მხოლოდ 2 სექტემბერს გაიმართა ორმხრივი შეხვედრა.

„ბურთი „ამცახარას“ მხარესაა. ჩვენ ველით პასუხს კითხვაზე, მზად არიან ანქვაბის პრემიერ-მინისტრად სანახავად თუ არა“, – განაცხადა ლეონიდ ლაკერბაიამ.

და აი, პასუხი გაცემულია – ორი ოპოზიციური გუნდი ზუსტად მეორე ტურის წინ გაერთიანდა.

აფხაზეთის კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ოპონენტზე მეტი ხმა უნდა მოაგროვოს და ასევე უფრო მეტი, ვიდრე „ყველას წინააღმდეგ“ მიცემული ხმები იქნება.

ბარიერი 25%-ია.

თუკი გრაფა „ყველას წინააღმდეგ“ ხმათა უმრავლესობას მიიღებს – არჩევნების არშემდგრად ჩაითვლება.

არჩევნები იმ შემთხვევაშიც არშემდგრად ჩაითვლება, თუკი ორი კანდიდატი ხმათა ზუსტად ერთი და იმავე რაოდენობას დააგროვებს – იმის მიუხედავად, რამდენ ხმას მიიღებს გრაფა „ყველას წინააღმდეგ“.

მოკლედ ამ არჩევნების მთავარი მოქმედი პირების შესახებ

რაულ ხაჯიმბა, 61 წლის. აფხაზეთის მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც ეს პოსტი 2014 წელს, მეოთხე მცდელობით დაიკავა. ის აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატია 2019 წელსაც. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იყო ვიცეპრეზიდენტი. დიდი ხნის განმავლობაში მას აფხაზეთში „მუდმივ ოპოზიციონერად“ მიიჩნევდნენ. მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობს.

ალხას კვიცინია, 50 წლის. პოლიტიკური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარე 2015 წლიდან. 2019 წლის არჩევნებში აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატი.

ალექსანდრ ანქვაბი, 66 წლის. 2011 წელს აფხაზეთის პრეზიდენტი გახდა ვადამდელ არჩევნებზე მას შემდეგ, რაც მოულოდნელად გარდაიცვალა აფხაზეთის მეორე პრეზიდენტი, სერგეი ბაღაფში. 2014 წლის 1 ივნისს, ქვეყანაში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ტალღაზე ის თანამდებობიდან გადადგა. 2017 წლის მარტში პარლამენტის დეპუტატი გახდა.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ