რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ გამყოფ ხაზთან" />

გამყოფი ზოლი. საუკუნის მეოთხედი აფხაზეთის ომის შემდეგ

რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ გამყოფ ხაზთან

ტექსტი, ფოტო და ვიდეომასალა, მომზადებულია JAMnews-ის პარტნიორი უკრაინული ტელეკომპანია „ჰრომადსკოეს“ მიერ  

“აქ არაფერი იცვლება. ყველაფერი ერთ ადგილზეა გაჩერებული. მთავრობები იცვლება, აქ კი კარგი არაფერი ხდება”, — ასე აღწერს ტერენტი კვარაცხელია საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ მდგომარეობას.

ტელერნტი კვარაცხელიას პატარა კაფე აქვს ენგურის ხიდთან. უკვე საუკუნის მეოთხედი სრულდება, რაც ამ დე-ფაქტო საზღვართან დაიწყო მუშაობა. საზღვართან, რომელიც აფხაზეთს დანარჩენი საქართველოსგან ჰყოფს.

ოფიციალურად ამ ზონას „გამყოფ ხაზს“ უწოდებენ. 2017 წელს 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური ომის დაწყებიდან 25 წელი შესრულდება.  უკვე საუკუნის მეოთხედია, რაც  ეს კონფლიქტი „გაიყინა“ და სტატუს კვო არ იცვლება.

მაგრამ ნუთუ აქ მართლა არაფერი ხდება? იქნება, ამ რეალობაში მცხოვრები ადამიანები, უბრალოდ, ვერ ამჩნევენ ცვლილებებს? „ჰრომადსკოეს“ჟურნალისტებმა  აფხაზეთსა და საქართველოს დანარჩენ ნაწილს შორის არსებულ გამყოფ ზოლთან ოთხი დღე გაატარეს, რათა საკუთარი თვალით ენახათ,  რა ხდება „გაყინულ ზონაში“.

 

გამყოფი ზოლი და საზღვარი 

სოფელ რუხში მოქმედ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან სამხედროები არ ჩანან. შესაძლოა, აქვე არიან, მაგრამ მათი ყოფნა არ იგრძნობა. არც ადამიანების რიგი ჩანს და არც მანქანების. აქ თავისუფლად დასეირნობენ ძროხები. ცხენებშებმული ურემი თანდათან ივსება ხალხით. ეს ერთგვარი კოლექტიური ტაქსია, რომლის მარშრუტი ფაქტობრივი „საზღვრის“ ერთ მხარეს იწყება, ბოლო გაჩერება კი მეორე მხარესაა. ამ საცხენოსნო ტრანსფერს, ძირითადად, მოხუცები იყენებენ, ან დაღლილი მგზავრები, რომლებსაც “საზღვრის” გადაკვეთა ეჩქარებათ.

მდინარე ენგურზე გადაჭიმული ხიდი ერთადერთი გზაა, რომლითაც რიგითი მოქალაქეები ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად სარგებლობენ. არსებობს კიდევ ლაკუბირხუას ტექნიკური გამშვები პუნქტი, თუმცა ამ პუნქტით  ენგურჰესის მომსახურე პერსონალი სარგებლობს.

ენგურის ხიდი, რომლის გავლითაც აფხაზეთისა და საქართველოს სხვა ნაწილების მოსახლეები გამყოფ ხაზს კვეთენ

ეუთოს დამკვირვებლების მონაცემებით, ყოველდღიურად ენგურის ხიდს დაახლოებით 1000 ადამიანი კვეთს. ეს რიცხვი უმნიშვნელოდ გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2017 წლის მარტში აფხაზურმა მხარემ მანამდე არსებული ოთხი საკონტროლო გამშვები პუნქტიდან ორი დახურა. ამჟამად ნაბაკევისა და ოტობაიას გამშვები პუნქტები აღარ ფუნქციონირებს.

აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ენგურზე გადმოდიან, ძირითადად ზუგდიდის ბაზარში ვაჭრობენ – ყიდიან ან ყიდულობენ. ამასთან, გამყოფ ხაზს ის ბავშვებიც კვეთენ, რომლებიც აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მაგრამ ქართულ მხარეს სწავლობენ. ადრე ბავშვები ყოვედღიურად გადადიოდნენ საზღვარს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ორი გამშვები პუნქტი დაიკეტა,  მშობლები ცდილობენ, საკუთარი შვილები ხუთი სამუშაო დღით ქართულ მხარეს მცხოვრებ ნათესავეთან დატოვონ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთის პროცედურა 15 წუთიდან ერთ საათამდე დროს მოითხოვს.

ჩვენ აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს ვაჩერებთ, რომლებიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან და ვეკითხებით, აწყდებიან თუ არა ისინი პრობლემებს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას. ისინი გვპასუხობენ,   რომ ენგურის ხიდს უპრობლემოდ კვეთენ.  ეს „უპრობლემობა“ ქართული მხარის გააზრებულ პოლიტიკის ნაწილია. ასეთი მიდგომა აირჩია თბილისმა სეპარატისტული რესპუბლიკის მიმართ.

ენგურის ხიდი ერთადერთი ადგილია, სადაც ქართულ მხარეს აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებთან  აქვს ურთიერთობა. შესაბამისად, საქართველოსთვის ეს გამყოფი ზოლი ერთგვარ  კონტაქტის ზოლს წარმოადგენს. ქართული მხარე აფხაზური ნომრების მქონე ავტომობილებს მარტივად ატარებს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქალაქეებისგან დამატებით დოკუმენტებს არ ითხოვს. აფხაზეთის დამოუკიდებლობა გაეროს მხოლოდ ოთხმა წევრმა-სახელმწიფომ – რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ (წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანმა ჯუჯა სახელმწიფომ, რომელშიც დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს) აღიარა.

ქართულ მხარეს, პოლიციის პუნქტის გვერდით “ლიბერთი ბანკის” „მოძრავი ფილიალი“ დგას. აქ, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ, პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს იღებენ — განსაკუთრებული რიგების გარეშე, ენგურის ხიდზე გადმოსვლისთანავე. ეს პრაქტიკა აქ არავის უკვირს და არც „საპენსიო ტურიზმად“ აღიქმება.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლების პერსპექტივიდან ყველაფერი სხვაგვარადაა. ეს ზონა არა გამყოფი ზოლი, არამედ „სახელმწიფო საზღვარია“. აფხაზური მხარის წარმომადგენლები და რუსი სამხედროები, რომლებიც ენგურის ხიდის მეორე მხარეს დგანან, გამშვებ პუნქტს ბევრად უფრო მკაცრად აკონტროლებენ – ქართულ მანქანებს არ ატარებენ და საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელებს ვიზებს სთხოვენ.

დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეებს აფხაზეთში შესვლა (და, შესაბამისად, გამოსვლა) მხოლოდ ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით შეუძლიათ. ჩვენ შევეცადეთ აფხაზეთში საქართველოს მხრიდან შევსულიყავით (როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითხოვს) და გადავწყვიტეთ, ვიზები ჟურნალისტების სტატუსით მიგვეღო, თუმცა, უარი მივიღეთ.

გალში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველია. მათი უმრავლესობა ქართულ პასპორტებს ინარჩუნებს.

კიდევ ერთი საკონტროლო გამშვები პუნქტი ქართულ სოფელ ხურჩაში მდებარეობს. მისი გავლით აფხაზურ სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ბევრად უფრო მოკლე დროში შეუძლიათ მოხვდნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა, 2017 წელს აფხაზურმა მხარემ ეს  პუნქტი დახურა. ადგილობრივები ღობის მეორე მხარეს აღმართულ შენობაზე მიუთითებენ. ამბობენ, რომ იქ რუსი სამხედროები ცხოვრობენ.

ტაქსის მძღოლი ენვერ პერტაია დახურულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დგას და მხრებს იჩეჩავს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ აქ დრო გაჩერდა.

“ცხოვრება გართულდა. ყოველთვის ერთად ვცხოვრობდით. ეს წლები ერთმანეთის გასვენებებსა და ქორწილებში უპრობლემოდ დავდიოდით. ახლა კიდევ ვეღარ გადავდივარ. შესაბამისი დოკუმენტები არ მაქვს, რომ აფხაზურ მხარეს გადავიდე. ვისაც დოკუმენტები აქვს, ის შემოვლითი გზით დადის. მეორე მხარეს რომ მოხვდე, აფხაზური პასპორტია საჭირო. ვინ შემიშვებს იქ ქართული საბუთებით?” — ამბობს ენვერი. ის თავისი ავტომობილის გვერდით დგას. მას ვეღარ გადაჰყავს მგზავრები ერთი მხარიდან მეორეზე. ადრე ტაქსის მძღოლობას კარგი შემოსავალი მოჰქონდა.

მიტოვებული კიოსკები და ჯიხურები სოფელ ხურჩაში მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე. ეს ობიექტი აფხაზებმა დახურეს

სწორედ ხურჩის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოკლეს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია. მკვლელობა აფხაზმა „მესაზღვრემ”, რაშიდ ქანჯი-ოღლიმ ჩაიდინა. შემთხვევა 2016 წლის მაისში მოხდა. ოთხოზორიას აფხაზურ მხარეს, ნათესავებთან პროდუქტების გადატანა უნდოდა.  გამშვებ ზოლთან აფხაზ “მესაზღვრეებთან” მოლაპარაკებას ცდილობდა, მაგრამ, საბოლოოდ, მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. ქანჯი-ოღლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და აფხაზეთში დაბრუნდა. საქართველოში ის დაუსწრებლად გაასამართლეს და თოთხმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამ საქმემ განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია იმ თავხედობისა და უტიფრობის გამო, რომელიც დამნაშავემ გამოიჩინა. ქანჯი-ოღლიმ გამყოფი ზოლი გადმოკვეთა და პირდაპირ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სათვალთვალო კამერების წინ მოკლა საქართველოს მოქალაქე. ქართული მხარის მტკიცებით, ოთხოზორია კონფლიქტის თავიდან აცილებას ცდილობდა.

 

ხიდი არსაით და აფხაზეთის დენის საფასური

ერთი მხრივ, აქ ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვის შედარებით ლიბერალური რეჟიმი მოქმედებს. თუმცა, მეორე მხრივ, ვაჭრობა და ტვირთების გადაზიდვა იმ წითელ ხაზს წარმოადგენს, რომელსაც საქართველო არ კვეთს. ოფიციალური თბილისი სეპარატისტულ რეგიონთან ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობის დამყარებაზე უარს ამბობს. თუმცა, როდესაც კამერა გამოვრთეთ, ადგილობრივებმა კონტრაბანდასა და „შავ ხვრელებზე“ დაიწყეს საუბარი.

დანგრეული ხიდი, რომელზეც ერთ დროს აფხაზეთიდან საქართველოს დანარჩენი ნაწილისკენ რკინიგზის ხაზი მიემართებოდა

ქართული სოფელი განმუხურის მახლობლად ხიდის ნანგრევები მოჩანს. ოდესღაც ეს გზა სხვა ქვეყნებისკენ მიემართებოდა, ამჟამად კი – არსაით. ადგილობრივი ხელისუფლების პრინციპული გადაწყვეტილებით, ამ კონსტრუქციის რეაბილიტაცია არ განხორციელდა. ადრე ამ ხიდზე რკინიგზის ხაზი გადიოდა, რომელიც აფხაზეთს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებდა. ამ გზით აფხაზეთში მოყვანილი ციტრუსები სომხეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში ჩაჰქონდათ. დღეს კი აფხაზურმა თხილმა ან ფორთოხალმა მთელი სამხრეთი კავკასია უნდა მოიაროს, სომხეთში რომ მოხვდეს. ასეთ პირობებში აფხაზებმა საექსპორტო პროდუქციას მიმართულება შეუცვალეს და ახლა ძირითადად მხოლოდ რუსეთში გააქვთ თავიანთი პროდუქტი.

საქართველოში მიაჩნიათ, რომ აფხაზეთთან სარკინიგზო კავშირის აღდგენა მისი „ხელისუფლების“ ლეგიტიმურობის აღიარების ტოლფასია. ყოველ შემთხვევაში, ბოლო დრომდე ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით არავინ დავობდა.

საქართველო აფხაზეთიდან ტვირთებს არ ატარებს და არც სარკინიგზო ხაზს აშენებს, მაგრამ სწორედ თბილისი (და არა მოსკოვი) ფარავს იმ ხარჯებს, რომლებიც აფხაზეთისათვის ელექტროენერგიის საწარმოებლადაა საჭირო. ამასთან, საქართველო რუსეთიდან იმპორტირებული დენის ფასსაც იხდის. ამის საჭიროება მაშინ იქმნება, როდესაც ენგურის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე ეცემა, ან უშუალოდ ჰესი ჩერდება რეაბილიტაციის მიზნით.
 მდინარე ენგურზე მდებარე ამ უზარმაზარ ჰიდროელექტროსადგურს ქართველები და აფხაზები ერთად მართავდნენ – როგორც ომის დროს, ისე ომის შემდგომ პერიოდში.

ენგურჰესის რკალისებური კაშხალი. გაყინული კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო და აფხაზეთი ამ სადგურს ერთობლივად იყენებენ

ენგურჰესის გარეშე, აფხაზეთი ან საერთოდ ელექტროენერგიის გარეშე დარჩებოდა, ან მთლიანად რუსეთიდან იმპორტირებულ დენზე იქნებოდა დამოკიდებული. აფხაზეთის გარდა, ენგურჰესი ელექტროენერგიით დასავლეთ საქართველოსაც უზრუნველჰყოფს.

 

დევნილთა დასახლება

ზუგდიდში ნახევრად დანგრეული სახლი დგას, რომელშიც არც წყალია, და არც საკანალიზაციო სისტემა. უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც აქ აფხაზეთიდან დევნილი ადამიანები ცხოვრობენ. ამ ჯურღმულის ბინადრების შემოსავლები მეტწილად დევნილებისთვის განკუთვნილი დახმარებით (45 ლარით) და სოციალურად დაუცველი ადამიანების შემწეობით (160 ლარით,) განისაზღვრება. აქ მცხოვრები ადამიანები უკვე 24 წელია, რაც ახლად აშენებულ ბინებს ელოდებიან.

ჩვენ ღარიბული სახლის სადარბაზოში შევდივართ. პირველ სართულზე, ბინის ღია კარიდან დამწვრის სუნი გამოდის. მაგრამ იქ მცხოვრებთ ეს სუნი არ აწუხებს. ისინი მშვიდად უსხედან მაგიდას და რაღაცას განიხილავენ. სხვა ბინაში ვიხედებით, იქ სახელმწიფოსგან ახალი ბინების მიღებას ზეიმობენ.

ვარაუდობენ, რომ საქართველოს კიდევ 30 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ აფხაზეთიდან და სამხრეთი ოსეთიდან დევნილი 273 411 ადამიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს და მათი ყველა ძირითადი სოციალური პრობლემა მოაგვაროს. ოფიციალური მონაცემებით, სწორედ ამდენ ადამიანს აქვს ამჟამად იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა გვიყვება, როგორ ხდება დევნილების ბინით დაკმაყოფილება: “ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებლების მშენებლობისთვის საჭირო თანხები იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ გაიღო. გარდა ამისა, ამ მიზნისთვის თანხები ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიცაა გამოყოფილი. მაგრამ ეს რესურსები, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის”…

სახელმწიფოსგან ბინის მიღების უფლება ყველას არ აქვს. იძულებით გადაადგილებული პირები ანკეტებს ავსებენ. შემდეგ ხდება მათი ანკეტების განხილვა და  პასუხების შეფასება სპეციალური ქულებით. თუკი ოჯახი ქულების მაქსიმალურ რაოდენობას დააგროვებს, სახელმწიფო ბინის გამოყოფის ვალდებულებას იღებს. ქულების ნაკლები რაოდენობის შემთხვევაში, ოჯახი მხოლოდ ფულად კომპენსაციას იღებს.

“სახელმწიფო ეხმარება დევნილებს, მაგრამ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს. კონფლიქტის აქტიური ფაზიდან საუკუნის მეოთხედი გავიდა, თუმცა პრობლემები არ ილევა,” – ამბობს იაგო ფასანძე. იაგომ დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დევნილებს ეხმარება. ომის დროს მისი ოჯახიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა აფხაზეთი.

“სახელმწიფო გადმოსახლებულებს სახლებს უშენებს, თუმცა ეს დროში გაწელილი პროცესია. ამავე დროს, დევნილებს ათასი სხვა პრობლემაც აქვთ. მაგალითად, ბევრს წამლები სჭირდება. ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციას ყველას  დახმარების საშუალება არ აქვს”, – ამბობს იაგო.

მედიცინა გამყოფ ზოლზე

გამყოფ ზოლში ერთ უცნაურ შემთხვევას აქვს ადგილი. აფხაზური ნომრების მქონე სასწრაფო დახმარების მანქანა ქართულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს უახლოვდება. ამავდროულად, იმავე ობიექტთან ქართული სასწრაფო დახმარების მანქანაც ჩერდება და აფხაზი მედიკოსები ქართველ კოლეგებს საკაცეზე მწოლიარე მამაკაცს გადასცემენ. აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის, ხშირად, ეთნიკურ აფხაზებსაც, საქართველოში ურჩევნიათ მკურნალობა. აქ მათთვის სპეციალური სამედიცინო-სადაზღვევო პროგრამა მოქმედებს და სამედიცინო მომსახურების დონეც უფრო კვალიფიციურია.

ამჟამად საქართველოს ხელისუფლება სოფელ რუხში მრავალპროფილიან კლინიკას აშენებს, რომელიც ღია იქნება აფხაზებისთვის. საქართველო არ ამხელს იმ აფხაზი პაციენტების მონაცემებს, რომლებიც მკურნალობის კურსს ქართულ საავადმყოფოებში გადიან. გაუთქმელობის მიზეზი ამავე პაციენტების პირადი უსაფრთხოებაა. ჟურნალისტებისთვის არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმ ადამიანების რაოდენობის შესახებ, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ, მაგრამ მკურნალობის კურსს საქართველოში გადიან.

“აფხაზეთის მოსახლეობისთვის სპეციალური სამედიცინო პროგრამა მოქმედებს: ისინი ყველაფერს უფასოდ იღებენ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროგრამები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს ხალხი შემოვირიგოთ. მაგრამ მეორე მხარე ასეთ მზაობას არ გამოხატავს. აფხაზებს ვგულისხმობ, და არა რუსებს. ეს რუსეთის პოლიტიკაა”, — განმარტავს ზუგდიდის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა.

 შერიგება

“ხალხი უნდა დავიბრუნოთ – ეს არის მთავარი”, – ამბობს გიორგი თოდუა. მედიცინა, საზღვრის თავისუფლად გადაკვეთის შესაძლებლობა, სოციალური შემწეობები, აფხაზეთისათვის ელექტროენერგიის იმპორტის ხარჯის გადახდა – შეუძლია თუ არა ამ ყველაფერს რუსეთისა გავლენისა და მნიშვნელობის დაძლევა, ან ნეიტრალიზება?

აფხაზეთმა და რუსეთმა  საერთო საჯარისო დაჯგუფება შექმნეს. ამჟამად აფხაზეთის ტერიტორია სხვადასხვა ტიპის რუსული სამხედრო ობიექტებითაა მოფენილი. ამას გარდა, რუსეთი სეპარატისტული რესპუბლიკის სუბსიდირებას ახდენს და აფხაზეთის ტერიტორიაზე პროპაგანდას ეწევა.

ომიდან 25 წლის შემდეგ საქართველო მივიდა დასკვნამდე, რომ ფსონი ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებაზე უნდა გააკეთოს, რუსეთი კი, უფრო ტერიტორიაზე ფოკუსირდება. თუმცა, არცერთი მხარის გამარჯვება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ დევნილები (განსაკუთრებით კი ისინი, ვისი ნათესავები საქართველოს მხარეს იბრძოდნენ) ოდესმე საკუთარ სამშობლოს და სახლ-კარს დაუბრუნდებიან. ამ ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს სახლში დაბრუნების დაუსრულებელი, „გაყინული“ პროცესი.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორს ეკუთვნის, და შესაძლოა, რედაქციის პოზიციას არ ემთხვეოდეს
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ