აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უპასუხა " />

სოხუმი: თბილისთან პირდაპირი დიალოგი შესაძლებელია, თუკი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უპასუხა

აფხაზეთი საქართველოსთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად არის – იმ პირობით, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის საკითხით დაიწყება. ამის შესახებ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესს“ განუცხადა.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დროს საქართველოს მხრიდან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სრულ გაუგებრობას ვაწყდებით, ასევე კატეგორიულ უარს ვიღებთ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტის მიღების თაობაზე. ჩვენი თვალსაზრისით, ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებებისთვის ამ დოკუმენტის მიღება შეიძლება კარგ საფუძვლად იქცეს… რუსეთის ფედერაციისა და სხვა საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით“, – თქვა კოვემ.

დაურ კოვეს კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადების საპასუხოდ  გაკეთდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში რეალურ პრგრესს მიაღწიოს.  

კვირიკაშვილმა თქვა, რომ ის მზად არის, პირადად მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში და საქართველოს მხარეც ოსებთან და აფხაზებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად არის.

„პრობლემა ისაა, რომ ამ ინიციატივის რეალიზაციისთვის საჭიროა სანდო პლატფორმა, რომელსაც მთელი ეს პროცესი დაეყრდნობა. შეიძლებოდა, რომ ასეთ პლატფორმად ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება ქცეულიყო.  

გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას გამოვლენს და თავისი განცხადებების პრაქტიკულ რეალიზაციას შეუდგება“, – განაცხადა კოვემ.

პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები , აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ  JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს.  JAMnews უფლებას იტოვებს, პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები წაშალოს, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად იქნება შეფასებული

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ