ამას წინ უძღოდა მასობრივი პროტესტი და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ" />

რაულ ხაჯიმბა გადადგომას დათანხმდა, ახალი არჩევნები 22 მარტს გაიმართება

ამას წინ უძღოდა მასობრივი პროტესტი და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ

აფხაზეთის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 9 იანვარს დაწყებული ოპოზიციის მასობრივი ზეწოლის ქვეშ, ხელი მოაწერა გადადგომის შესახებ განცხადებას.

მანამდე, ასეთი რეზოლუცია მიიღო პარლამენტმა, შემდეგ კი მისი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა.

11 იანვარს, ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაასახელა – ის 2020 წლის 22 მარტს გაიმართება.

თუმცა, რაულ ხაჯიმბა უარს აცხადებდა პოსტის დატოვებაზე და ამბობდა, რომ შემხვედრ სარჩელს შეიტანდა სასამართლოში. ასევე, პრეზიდენტის გარემოცვიდან ისმოდა შეთავაზებები იმის შესახებ, რომ მოქმედი პრეზიდენტი მარტის არჩევნებამდე გააგრძელებდა უფლებამოსილების შესრულებას.

12 იანვარს, საღამოს, ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა სოხუმში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან. მათი ნაწილი იქ ფეხით ჩავიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან, ბევრი კი მანქანით მივიდა. ეს ორი შენობა, ერთმანეთისგან, დაახლოებით, ოთხი კილომეტრითაა დაშორებული.

პროტესტის მონაწილეები რაულ ხაჯიმბასგან დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერდა განცხადებას, თუკი ოპოზიცია დაიშლებოდა. ამ შეთავაზებას შეკრებილები აგრესიით შეხვდნენ. ათი წუთის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა.

• მოსაზრება: როდის დასრულდება აფხაზეთში პრეზიდენტების ჩემოგდება

2020 წელს, აფხაზეთში ისევ შტურმით იღებენ პრეზიდენტის სასახლეს. გავიხსენოთ 2014 წლის ანალოგიური შტურმი

რა ხდება აფხაზეთში

გაერთიანებული ოპოზიცია უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირებას მისი გამართვის მომენტიდან, 2019 წლის 8 სექტემბრიდან ითხოვდა. მაშინ, მეორე ტურში, მცირე უპირატესობით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ.

თუმცა, ოპოზიციამ ეს გამარჯვება უკანონოდ მიიჩნია. ხაჯიმბამ მხოლოდ 47 პროცენტი დააგროვა – იმ დროს, როდესაც, კანონით, გამარჯვებისათვის საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა საერთო რაოდენობიდან 50 პროცენტს +1 ხმის დაგროვება.

პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში 9 იანვარს დადგა. ოპოზიციის, დაახლოებით, ათასამდე მხარდამჭერმა თავდაპირველად ალყა შემოარტყეს პრეზიდენტის სასახლეს, შემდეგ კი შიგნით შეიჭრნენ.

10 იანვარს, პროტესტის მონაწილეებს მხარი დაუჭირა პარლამენტმაც, რომელმაც რეზოლუცია მიიღო და მოქმედ პრეზიდენტს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ალტერნატიულ რეზიდენციაში, „სახელმწიფო აგარაკზე“ იმყოფებოდა, უარს ამბობდა რეკომენდაციის გათვალისწინებაზე და აცხადებდა, რომ მზად იყო ოპოზიციასთან დიალოგისთვის.

თუმცა, ოპოზიციამ უარი თქვა დიალოგზე. პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არ დატოვებდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას, სანამ ხაჯიმბა თანამდებობიდან არ გადადგებოდა.

საბოლოოდ, 10 იანვარს, უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის მხარე დაიჭირა, პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება დაამტკიცა და ცესკოს ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ