აფხაზეთი ჩაცმის სტილის გაკონტროლებას გეგმავს" />

არა ნახევრად შიშველ ტურისტებს

აფხაზეთი ჩაცმის სტილის გაკონტროლებას გეგმავს

არც ისე დიდი ხნის წინ, მას შემდეგ, რაც თურქეთისა და ეგვიპტის კურორტები რუსებისთვის დაიკეტა და რუბლისა და სხვა პოსტსაბჭოთა ვალუტების ვარდნამ სხვა ქვეყნებში დასვენება თითქმის შეუძლებელი გახადა, ბევრს ეჩვენებოდა, რომ აფხაზეთში ახალი ტურისტული სეზონი აუცილებლად წარმატებულად უნდა ჩაიაროს.

და მართლაც, ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები სრული სვლით მინდინარეობს – შენდება ახალი სასტუმროები, განახლება უტარდება უკვე არსებულ ობიექტებს, მუშავდება ახალი ტურისტული მარშრუტები…

ამასთან, როგორც ჩანს, ზემოთ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დამსვენებლების ასეთ შემოტევას აფხაზეთი ვერ გაუძლებს. რუსეთის საზღვარზე საცობები შეიქმნება და, ამას გარდა, ტურისტებს უნდა აჭამო, ასვა და ასიამოვნო. და მერე მაინც იტყვიან, რომ საშინლად დაისვენეს. ზედმეტი ძალისხმევის გაწევა საერთოდ არაა საჭირო.

ყველაფერი ანგარიშიანი დიასახლისის შემთხვევასავითაა, რომელიც სტუმრებს ელოდება და მაგიდის გაწყობისას ქმრისგან მოულოდნელად შეიტყობს, რომ სტუმრების რაოდენობა ორჯერ მეტი იქნება. ისტერიული ყვირილით „შევრცხვებით!“ იგი ისე, რომ ქმრის პროტესტს ყურადღებას არ აქცევს, სტუმრებთან იწყებს რეკვას და ვახშამს სხვადასხვა მიზეზით აუქმებს ხოლმე.

როგორც ჩანს, ასეთი დიასახლისის როლის მორგებას აფხაზური პარლამენტი ცდილობს, რომელმაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს მითითებით, პირველი აპრილიდან პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა. ამ მხრივ, რუსეთი, ბუნებრივია, გამონაკლისს წარმოადგენს.

სავარაუდოდო, ამის შემდეგ პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ტურისტების ნაკადის კაპიტალური შემცირებისთვის ეს ზომები საკმარისი არაა. და ახლა დამსვენებელთა ტანსაცმლის რეგულაციით დაკავდა. ამჯერად პოლიტიკური სელექციის გარეშე. ახლა კი, ვინც არ უნდა იყო, უკრაინელი, ბელარუსი, რუსი თუ ყაზახი, თუკი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში „შეუსაბამოდ ჩაცმული“ (იგულისხმება შიშველი ტორსით, ან საცურაო კოსტიუმით) გამოცხადდები, მინიმალური ხელფასის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმის გადახდა მოგიწევს.

ამ ინიციატივების ოფიციალური მოტივები სავსებით სერიოზულია. სავიზო რეჟიმის არგუმენტად უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელდება, დრესკოდის შემოტანა კი, პარლამენტის აზრით, ზნეობრიობის განმტკიცებას ემსახურება.

როდესაც დეპუტატები უსაფრთხოებასა და საზოგადოების ზნეობრივ იერზე ფიქრობენ, ჩნდება იმის ცდუნება, რომ მათ ენერგიის სხვა სფეროებში გამოყენების შესაძლებლობებზე მიუთითო. ეს ფსევდოპატრიტული ალიაქოთი აქტიურად განიხილება აფხაზეთის საზღვრებს მიღმა და აფხაზური კურორტებისთვის მძლავრ ანტირეკლამად იქცა. ამას გარდა, ჩემი აზრით, ამ ორმა გადაწყვეტილებამ ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი- სახელმწიფოს უსაფრთხოების სტანდარტი და საზოგადოების ზნეობრივი საფუძვლები ჩაანაცვლა.

აფხაზეთი, რომელის საკუთარ თავს ერთ დიდ კურორტად აღიქვამს, თავისი შემოსავლების უდიდეს ნაწილს სწორედ ამ ტურისტებისგან იღებს. შემოსასვლელში ფეისკონტროლის დაწესება და უშუალოდ აფხაზეთში დრესკოდის დამყარება არა ქვეყნის უსაფრთხოებისა და აფხაზური საზოგადოების ზნეობრივ გამტკიცებას, არამედ რაღაც საპირისპიროს ემსახურება.

ყველა ეს შემზღუდველი ზომა აფხაზეთს ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის. დამსვენებელთა რიცხვის შესაბამისი შემცირება კი ბიუჯეტს და, განსაკუთრებით, ჩვეულებრივი მოქალაქეების ჯიბეებს ბუმერანგის პრინციპით დაარტყამს. როდესაც ქვეყანა ღარიბია და მოქალაქეებს შიათ, მაშინ ელოდე უბედურებას. საუკეთესო შემთხვევაში ადამიანები ჯიგას (ირლანდიური ცეკვა) იცეკვებენ და ოდებს იმღერებენ. უარეს შემთხვევაში კი ზღურბლზე გამოვლენ. პანელი? მე პანელი არ მიხსენებია, თქვენ ახსენეთ.

via GIPHY

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.

გამოქვეყნებულია: 15.04.2016


ასევე წაიკითხეთ