უთქმელად აკეთე, რაც გევალება" />

ალია ჰაგვერდი, ბაქო

უთქმელად აკეთე, რაც გევალება

მაშ ასე, ტელეარხი ANS საბოლოოდ საერთოდ დახურეს. ერთი თვით კი არა, როგორც უნდოდათ, არამედ – სამუდამოდ.

“ფეისბუკის” “ნიუსფიდი” დუღს, მაგრამ არა იმიტომ, რომ “საზოგადოება აღშფოთებულია”, უბრალოდ – ყველა ფრენდი ჟურნალისტია. და მსჯელობენ, როგორ მოიქცნენ – შეწუხდნენ, თუ გაიხარონ… რა უფრო სწორი იქნება?

  ძალიან განზოგადებულად და გამარტივებულად რომ ითქვას, ANS ძველისძველი აზერბაიჯანული ტელეარხია, რომელსაც თავისი რადიო და ვებგვერდი (anspress.com) აქვს. ეს არხი თავიდანვე “სიმართლეს ჩამხშობი” იყო, მოგვიანებით, როგორც ამბობენ, რეკეტს მიჰყო ხელი, ბოლოს კი ბანალურად “ხელისუფლებას მიეყიდა”. ერთი მითხარით, ვინ იდარდებს მის დახურვას?

ეცოდებათ სამსახურდაკარგული პერსონალი – ოპერატორები, დამლაგებლები. ზოგი იმასაც ამბობს, – მეტის ღირსები არიან, აბა რა ეგონათ – როდესაც ბატონი გყავს, უნდა იცოდე, რომ ეს ბატონი ადრე თუ გვიან “მოგინელებს” კიდეცო.

თუმცა, უპატრონო მედიას ჩვენში კიდევ უფრო ადვილად ინელებენ.

ყველაფერი კი იმ ინტერვიუთი დაიწყო, რომელიც დევნილ თურქ პოლიტიკოს გიულენთან ჩაწერეს. ეს ინტერვიუ ეთრში არც გასულა – მხოლოდ მისი ანონსი გავიდა. აბა, რა მოსატანია მოძმე ხალხის ფაქიზ გრძნობებთან  ერთი თავხედი ტელეარხი?

საერთოდ, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები ერთხმად იცავდნენ ეინულ ფატულაევს, ამ “სინდისის პატიმარს”, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ აქაურ კისილიოვად (მე ვიტყოდი, კისილიოვის “ფეხის ფრჩხილად”- ხალხური ნათქვამის თანახმად ) მოგვევლინა, საყოველთაო სოლიდარობამ მკვეთრად იკლო.

 ეს შემთხვევა აზერბაიჯანის საინფორმაციო სივრცის სართო სურათს არ ცვლის – თუნდაც მთელი მედიაჰოლდინგის ამ მიზეზით დახურვაც კი ერთობ სიმპტომურია. და ეს ყველაფერი უფრო განამტკიცებს ჩემს რწმენას, რომ დღეს თითოეული ჩვენგანის – აზერბაიჯანული ჟურნალისტიკის ნარჩენების, რუდემენტებისა და ატავიზმების – ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფებად გაერთიანების დრო არ არის. ყველა თავისთვისაა. ამ რთულ პერიოდს მხოლოდ “წვრილფეხა”, უსახური და მანევრული ჟურნალისტები გადაურჩებიან.

 P.S. არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ ASN სასამართლოს მიმართავს საკასაციო სარჩელით, რომელსაც დააკმაყოფილებენ და ეს ამ “საჩვენებელი” სპექტაკლის დასასრული იქნება. ოღონდაც, ვის ვისთვის და რისი ჩვენება უნდოდა, ამას ვერასდროს გავიგებთ. ან კი, რა განსხვავებაა?

გამოქვეყნდა: 29.07.2016


ასევე წაიკითხეთ