აკრძალვა პოლიტიკურ ლიტერატურას ეხება" />

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ციხეში წიგნის წაკითხვის უფლებას არ აძლევენ

აკრძალვა პოლიტიკურ ლიტერატურას ეხება

ჟურნალისტ აფგან მუხტარლის, რომელიც პატიმრობის ვადას იხდის, პოლიტიკური ლიტერატურის კითხვასა და, ახლობლებთან და მეგობრებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ. ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა NİDA-ს წარმომადგენელმა სამირ ასადლიმ განაცხადა, და დასძინა, რომ მუხტარლი აპირებს, სასამართლოს მიმართოს.

„ყოველ ჯერზე ჩვენ მისთვის წიგნები მიგვაქვს, მაგრამ მათ უკან გვიბრუნებენ“, – ამბობს ასადლი.

პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთერთობის განყოფილების უფროსი მეჰმან სადიგოვი ამას უარყოფს. მისი თქმით, ქვეყნის კანონმდებლობით, პატიმრებისთვის ისეთი წიგნების გაცემა იკრძალება, რომელთა შინაარისიც მიმართულია ეროვნული, რელიგიური და რასობრივი შუღლის გაღვივებისკენ, ასევე – პორნოგრაფიული ლიტერატურისაც. დანარჩენი წიგნების მიღება მსჯავრდებულებისთვის შეუფერხებლად შეიძლება.

ჟურნალისტი აფგან მუხტარლი აზერბაიჯანის მთავრობის მწვავე კრიტიკოსად არის ცნობილი და რამდენიმე წლის განმავლობაში, 2017 წლის 29 მაისამდე, ის საქართველოში ცხოვრობდა, ვიდრე თბილისის ცენტრიდან გაიტაცებდნენ და უკვე მეორე დღეს ბაქოში აღმოჩნდებოდა, კონტრაბანდისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. შედეგად მას თავისუფლების ექვსი წლით აღკვეთა მიესაჯა.

ამ შემთხვევას უზარმაზარი რეზონანსი და საერთაშორისო სკანდალიც კი მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ამ გატაცებაში მონაწილეობას ედება ბრალად, საკუთარი მოქალაქეებისა და აზერბაიჯანელების წინაშე თავის მართლება მოუხდა, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია კი მუხტარლის მიმართ სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდა. მაგრამ, ჟურნალისტი, რეალურად ჯერ ისევ პატიმრობაში იმყოფება. ახლა, როდესაც ოპოზიციური პარტიის „რესპუბლიკური ალტერნატივას“ ლიდერმა ილგარ მამედოვმა პირობითი თავისუფლება მიიღო, შესაძლებელია, რომ აფგან მუხტარლის მსოფლიოში „ყველაზე ცნობილი“ აზერბაიჯანელი პოლიტპატიმარი ეწოდოს.


ასევე წაიკითხეთ