უფლებადამცველები ექსტრადიციას უკანონოდ მიიჩნევენ" />

აზერბაიჯანელი რელიგიური აქტივისტი თურქეთმა ბაქოს გადასცა

უფლებადამცველები ექსტრადიციას უკანონოდ მიიჩნევენ

მოძრაობა „მუსლიმური ერთობის“ აქტივისტი, ანარ ჯაბაროვი გასულ კვირას თურქეთში დააკავეს და ბაქოს გადასცეს. ახლა ის პოლიციის განყოფილებაშია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, წარუდგინეს თუ არა ბრალი. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ექსტრადიცია უკანონოა და პოლიტიკურ დევნას უკავშირდება.

2015 წელს „მუსლიმური ერთობა“ ექსტრემიზმში დაადანაშაულეს და მისი ბევრი წევრი სასჯელს საპატიმროში იხდის.

• აზერბაიჯანში მუსლიმი ქალები დისკრიმინაციას უჩივიან

• თალიშელი აქტივისტი რუსეთმა ბაქოს გადასცა

ანარ ჯაბაროვი სტამბოლში საბუთებთან დაკავშირებული პრობლემის გამო დააკავეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი თურქეთში აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოს გადასცეს. ამის შესახებ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, „კავკაზსკი უზელი“ იტყობინება.

როგორც საიტი წერს, 22 მარტს, ჯაბაროვი ნაცნობს დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ის ბაქოში ჩაიყვანეს. მოგვიანებით მათ გაარკვიეს, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ განყოფილებაში ჰყავდათ დაკავებული.

იმის გამო, რომ ახლა აზერბაიჯანში სადღესასწაულო დასვენებაა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისგან კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა.

ანარ ჯაბაროვი აზერბაიჯანიდან 2015 წელს მას შემდეგ წავიდა, რაც „მუსლიმური ერთობის“ აქტივისტების მასობრივი დაკავებები დაიწყო. თავიდან ის რუსეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი თურქეთში გადაინაცვლა.

რატომ დააპატიმრეს „მუსლიმური ერთობის“ წევრები

2015 წლის ნოემბერში, ბაქოსთან ახლოს, ნარდარანის დასახლებაში, რომელიც ცნობილია თავისი რელიგიურობით, ძალოვნებმა „მუსლიმური ერთობის“ წევრების დასაჭერად სპეცოპერაცია ჩაატარეს. ამასთან, სროლისას დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის, ორი პოლიციელი. ოფიციალური ვერსიით, პოლიციამ ამ გზით გაანეიტრალა ექსტრემისტები, რომლებიც აზერბაიჯანში, კონსტიტუციური წყობილების დამხობას გეგმავდნენ.

„მუსლიმური ერთობის“ ლიდერსა და ათობით მომხრეს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს განზრახ მკვლელობის, არეულობის ორგანიზებისა და ექსტრემიზმის ბრალდებით. განსასჯელები წარდგენილ ბრალს უარყოფდნენ და წამებაზე ჩიოდნენ. აზერბაიჯანელი უფლებადამცველები მათ პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.

რას ამბობენ უფლებადამცველები

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, ანარ ჯაბაროვის შემთხვევაში, დაირღვა ექსტრადიციის პროცედურები, იმდენად, რამდენადაც არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება და ბრალდებულს არ მიუყვანეს ადვოკატი. პოლიტპატიმრების დაცვის ცენტრის კოორდინატორის, ოგთაი გულალიევის თქმით, ეს პირველი ასეთი შემთხვევა არ არის.

2014 წელს, თურქეთმა ასე გადასცა აზერბაიჯანს ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი, აზერბაიჯანმა კი, თავის მხრივ, თურქეთს მისცა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სამხედრო გადატრიალების მცდელობაში იყვნენ ბრალდებულები.

გულალიევი თვლის, რომ ჯაბაროვის დაპატიმრება, შესაძლოა, ნარდარანის მოვლენებთან იყოს კავშირში.

პოლიტპატიმართა მონიტორინგის ცენტრის კოორდინატორი, ელშან გასანოვიც ეთანხმება მოსაზრებას, რომ თურქეთმა ექსტრადიციის საერთაშორისო ნორმები დაარღვია. ამას გარდა, ის იხსენებს, რომ ექსტრადიცია აკრძალულია, თუკი ადამიანს სამშობლოში შესაძლოა ემუქრებოდეს არასამართლიანი სასამართლო პროცესი ან წამება.

„ამ შემთხვევაში კი ეს სავსებით შესაძლებელია, რამდენადაც „მუსლიმური ერთობის“ ათობით აქტივისტი აწამეს დაპატიმრების შემდეგ“, – განაცხადა გასანოვმა.


ასევე წაიკითხეთ