რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია. მისი “მკვლელობა” ინსცენირებული იყო

დამკვეთად რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელი დაასახელეს, ის ამჟამად დაკავებულია

რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია! 29 მაისს კიევში მისი მკვლელობა ინსცენირებული იყო უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ. უკრაინულმა ტელეარხმა ჰრომადსკოემ“,  სხვა დანარჩენთან ერთად უჩვენა, თუ როგორ განაცხადა ამის შესახებ 30 მაისის საღამოს კიევში გამართულ ბრიფინგზე სამსახურის უფროსმა ვასილი გრიცაკმა.

 

გრიცაკი მიკროფონთან სერიოზული გამომეტყველებით მივიდა და თქვა:

 „მინდა მივუსამძიმრო არკადი ბაბჩენკოს ოჯახს. მაგრამ ამას არ გავაკეთებ. მინდა მივულოცო მის ოჯახს, ყველა თქვენგანს, მთელ მსოფლიოს, ვინც ამ მოქმედებებს აკვირდება და ბაბჩენკოს მისი მესამე დაბადების დღე მივულოცო“.

ამის შემდეგ მიკროფონთან თავად არკადი ბაბჩენკო მივიდა.

მან მადლობა გადაუხადა უშიშროების სამსახურს, „იმისთვის, რომ ცოცხალი დარჩა“ და ბოდიში მოუხადა თავის ნათესავებსა და მეგობრებს იმის გამო, რომ მათ მისი „დასაფლავება“ მოუწიათ.

 „ცალკე მინდა მოვუბოდიშო ჩემს ცოლს იმ ჯოჯოხეთის გამო, რის გადატანაც მას ამ ორ დღეში მოუწია. ოლეჩკა, გთხოვ მაპატიე, მაგრამ აქაც სხვა ვარიანტი არ არსებობდა“ — თქვა ბაბჩენკომ, – წერს  მედუზა“.

როგორც გრიცაკი ჰყვება, ჟურნალისტის მკვლელობის ინსცენირება იყო სპეცოპერაციის ნაწილი, რომლის შედეგადაც უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბაბჩენკოზე დაგეგმილი თავდასხმის აღკვეთა შეძლო. ოპერაცია ორ თვეს მზადდებოდა, ბაბჩენკომ მის შესახებ ჩატარებამდე ერთი თვით ადრე შეიტყო. მისი თქმით, მას არჩევანი არც ჰქონდა – ეთანამშრომლა თუ არა უშიშროების სამსახურთან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკლავდნენ.

გრიცაკის თქმით, სპეცოპერაციის შედეგად სავარაუდო თავდასხმის ორგანიზატორი დააკავეს.

 

 

უკრაინის უშიშროების სამსახური იუწყება, რომ ეს იყო რუსული სპეცსამსახურების აგენტი. მან ბაბჩენკოს მკვლელს 30 ათასი დოლარი შესთავაზა და ავანსის სახით თანხის ნახევარი გადასცა.

უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ ბაბჩენკოსა და მისი ოჯახისთვის სადღეღამისო დაცვის უზრუნველყოფა მოითხოვა. საეჭვოა, რომ მოსკოვი დაწყნარდეს, — დაწერა  პოროშენკომ საკუთარ ფეისბუკზე.


ასევე წაიკითხეთ