"აგვისტოში ყველაფერი ძვირდება. აბსოლუტურად ყველაფერი - საზოგადოებრივი ტუალეტიც კი" " />

B წერტილიდან B წერტილამდე – ბაქოელი მოგზაურის დღიური ბათუმზე

"აგვისტოში ყველაფერი ძვირდება. აბსოლუტურად ყველაფერი - საზოგადოებრივი ტუალეტიც კი"

– წარმოგიდგენია?! დედამ აქ ბინა იყიდა! რას ჰქვია “როგორ?” – ძალიან მარტივად. ქუჩაში სეირნობდა, როდესაც განცხადება შენიშნა. დათვალა და გადაწყვიტა, რომ იაფი გამოდიოდა, და იყიდა. თუმცა, სახლის მშენებლობას მხოლოდ ორი წლის შემდეგ დაასრულებენ. და ამის შემდეგ დედა და მამა აქ გადმოვლენ და საამქროს გახსნიან. აზერბაიჯანულ ტკბილეულს გამოაცხობენ. “მაგარია”, არა? როგორ მიხარია მათი ამბავი! ახალ ცხოვრებას დაიწყებენ, და თან ასეთ სილამაზეში… მამა? რა მამა? მამა თავს იქ გრძნობს კარგად, სადაც დედაა – გინდ აზერბაიჯანში იყოს, გინდ საქართველოში და გინდ კატმანდუში.

აი, ასე შეცვალა აზერბაიჯანელი ელმირა ალიევას ცხოვრება ბათუმში გატარებულმა შვებულებამ. უფრო სწორად, მისი ცხოვრება უახლოეს ორ წელიწადში შეიცვლება – თუკი მშენებლები არ დააღალატებენ. ჩემი ვიზიტი კი, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ასე საბედისწერო არ აღმოჩნდა.

ბათუმში ბოლოს ოთხი წლის წინათ ვიყავი და ამ პერიოდის განმავლობაში, ეს ქალაქი ჩემთვის გეოგრაფიული ჩვეულებრივობიდან, ნახევრად მითიურ ადგილად ტრანსფორმირდა, და, სიმართლე გითხრათ, მის რეალურობაში დარწმუნების მოულოდნელმა შესაძლებლობამ მაინცდამაინც არ აღმაფრთოვანა; თუნდაც იმიტომ, რომ საკურორტო ქალაქებში სეზონის პიკის დროს ჩასვლა ძალიან “მეინსტრიმულია”, მე კი სნობი ვარ.

მაგრამ მოსაწყენი ოფისიდან გასვლისა და ჩემთვის უცხო ზღვაზე მეგობრებთან ერთად დროის გატარების სურვილმა მაინც დამძლია. ამასთან, მაინც მქონდა იმის სურვილი, რომ ოთხი წლის შემდეგ იმ B წერტილში დავბრუნებულიყავი და მიღებული შთაბეჭდილებები ოთხი წლის წინათ შექმნილი წარმოდგენებისთვის შემედარებინა – პირდაპირ გეტყვით – შედარება ვერ შევძელი; რადგან, როგორც აღმოჩნდა, ძველი ემოციური მოგონებები თითქმის მთლიანად გამიქრა. სამაგიეროდ, მათი ადგილი ახალმა შთაბეჭდილებებმა დაიკავა.

1.

 

შავი ზღვის პლაჟი ბაქოელისთვის უკიდრესობებითაა აღსავსე. სანაპირო ზოლი და ზღვის ფსკერი მეტისმეტად ქვიანია და ამიტომ კასპიის ზღვის ქვიშიან სანაპიროს მიჩვეული ადამიანისთვის სრულიად გაუგებარია, თუ როგორ უნდა იმოძრაო ასეთ ზედაპირზე. ზღვის ფსკერი ნაპირიდან მცირე მანძილზევე ღრმავდება. აქ ძალიან სუფთა წყალი და ძალიან იაფი (ზოგ შემთხვევაში, საერთოდ უფასო) შეზლონგებია.

2.

 

აგვისტოში ბათუმის ცენტრში საგზაო მოძრაობა დანტეს ჯოჯოხეთის დამატებით წრეს წარმოადგენს. აქ ის მძღოლები ხვდებიან, რომლებიც თავიანთი მშობლიური ქალაქების საგზაო მოძრაობით უკმაყოფილონი არიან. გარდა იმისა, რომ აქ თავისთავად საშინელი საცობები იქმნება, საგზაო პოლიცია დროდადრო გზის რომელიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაწილს კეტავს და ამით ცეცხლზე ნავთს ასხამს – ასეთ შემთხვევებში, დანიშნულების ადგილას მისასვლელად საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს დიდი წრეების დარტყმა უწევს.

3.

 

რესტორნებში საკვები და სხვა სიკეთეები აქ უფრო ძვირია, ვიდრე თბილისში. ამასთან, ანგარიშში ჩართული მომსახურების 10% ოფიციანტების სიმარდეზე საერთოდ არ ახდენს გავლენას. სამაგიეროდ, ყველაფერი ძალიან გემრიელია. კაფე “ფანფანში” მიდიებით სავსე სათლს მოგიტანენ ყველის მწკლარტე სოუსთან ერთად. სხვათა შორის,”ფანფანში” პირველად ოთხი წლის წინათ, სრულიად შემთხვევით მოვხვდი და ახლა გულწრფელად გამიხარდა, რომ ეს დაწესებულება წარმატებით აგრძელებს მუშაობას.

4.

 

ბათუმი კონტრასტების ქალაქია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს არის საწყობი, სადაც მთელი მსოფლიოდან მოიტანეს შენობები და მთელ ქალაქში უწესრიგოდ განალაგეს. და ახლა “არტ ნუვოს” სტილის ლურჯი სახლი მოდერნის ნიმუშების მეზობლად დგას, ტრამპის მოოქროვილი პრეტენზიული კოშკი კი ნიკიტა ხრუშჩოვის გაცრეცილი მემკვიდრეობის გვერდითაა აღმართული. პალმებით გაწყობილ ქუჩაზე სეირნობისას არ გტოვებს იმის შეგრძნება, რომ ნიცაში ხარ, მაგრამ ქუჩის კუთხეში გვერდით შეუხვევ და მაშინვე ისეთ კვარტალში ხვდები, რომელიც ძალიან ჰგავს გეტოს. თუმცა, ეს გეტო მხიარულებით გამოირჩევა. აქ სარეცხის თოკებზე პლუშის სათამაშოები კიდია.

5.

 

პლაჟზე ერთი მამაკაცი მეორეს ეუბნება: “ალბათ, უკვე მოდის წვიმა ქობულეთოდან”. და მაშინვე წარმოიდგენ, რომ წვიმა ცოცხალი, მეტიც, გონიერი არსებაა, რომელსაც შიშველ სხეულზე ლაბადა აქვს მოცმული და აუჩქარებლად, მაგრამ მხნედ მოაბიჯებს მთის გზაზე. მალე მოვა. დროა, ჩაიდანი დავადგათ.

6.

 

როგორც კი ბათუმში აღმოჩნდებით, მაშინვე იგრძნობთ, თუ როგორ გადაჩვეულხართ რუსულ წარწერებს. რუსულად ნაწერ ტექსტებს შორის ყველაზე ხშირად შეხვდებით განცხადებას “Сдаётся квартира” [“ქირავდება ბინა”]. მთელი ქალაქი ასეთი რეკლამებითაა მოფენილი და ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ მთელი ქალაქი ქირავდება.

7.

 

ბათუმი არის ქალაქი, სადაც ქალები სველი თმებითა და შორტებით დადიან. ისინი არ იხატებიან და ზოგადად უარს ამბობენ ისეთ ზედმეტობებზე, როგორებიცაა კოსმეტიკა, push-up ბიუსტჰალტერები, ფენი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ა.შ. ქუჩებში სხვადასხვა ეროვნების, მოდუნებული ბუნებრიობით გამორჩეული მშვენიერი ფერიები დადიან.

8.

 

“აგვისტოში ყველაფერი ძვირდება. აბსოლუტურად ყველაფერი – საზოგადოებრივი ტუალეტიც კი, – ჩივის ტურისტი, რომელიც, უკვე თვეზე მეტია, ბათუმში იმყოფება, – ჯერ კიდევ ორი თვის წინათ 30 თეთრი ღირდა, ახლა კი 50 თეთრი ღირს.”

9.

 

თუკი ქალაქის ცენტრში საავტომობილო ნავიგატორი, ავად თუ კარგად, მაინც ახერხებს ორიენტირებას, გარეუბნებში ეს მოწყობილობა უმწეოდ იჩეჩავს მხრებს და მაშინ მანქანის გაჩერება და ამ უბნებში მცხოვრები ხალხის – დომინოს მოთამაშეების, ლეიბების მფერთხავი დიასახლისებისა და ველოსიპედების შემკეთებელი ბიჭების გამოკითხვა გიწევს. და ისინი გულწრფელად ცდილობენ, დაგეხმარონ, აივნებინდან ყვირიან, ერთმანეთში არკვევენ, სად არის კიკვიძის ქუჩა და არსებობს თუ არა საერთოდ მსგავსი სახელის მქონე ადგილი. სავარაუდოდ, სწორი მიმართულებით იქნევენ ხელებს და თან, იმ ბინის დაქირავებას გთავაზობენ, რომელიც იმავე ეზოში მდებარეობს.

10.

 

როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ გამიჩნდა “იდიოტის ოცნება”. მინდა, ბათუმში გვიან შემოდგომაზე, ან ზამთარში ჩამოვიდე. როდესაც ზღვა ცივდება და შვებით სუნთქავს – რადგან აღარავინ ეშვება მის წიაღში შიშისა და სიამოვნების გამომხატველი ყიჟინით. ამ დროს ქალაქი მარტო რჩება საკუთარ თავთან და მოსახლეობასთან ერთად. როგორია ხოლმე მაშინ ბათუმი?


ასევე წაიკითხეთ