პოსტრევოლუციური სომხეთი 9 დეკემბერს ახალი პარლამენტის არჩევას აპირებს
სომხეთში რევოლუციის შემდეგ რესპუბლიკური მასშტაბის არჩევნები პირველად ჩატარდება. ქვეყანა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ამ არჩევნებში 11-მა პოლიტიკურმა ძალამ მოიყარა თავი: 2-მა ბლოკმა და 9 პარტიამ. არჩევნები 9 დეკემბერს ჩატარდება.
რა ძალები იღებენ მონაწილეობას არჩევნებში?
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 2 ბლოკი
- „ჩემი ნაბიჯი“ (მას სათავეში უდგას „ხავრდოვანი“ რევოლუციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი, და „ჩვენ“
და 9 პარტია
- „სომხეთის რესპუბლიკური პარტია“ (ყოფილი მმართველი პარტია)
- „აყვავებული სომხეთი“
- „ეროვნული პროგრესი“
- „ქრისტიანულ-სახალხო აღორძინება“
- „სასნა ცრერი“ (სასუნელი შლეგები)
- „ორინაც ერკირ“ („კანონიერების ქვეყანა“)
- სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტიუნი
- „განათლებული სომხეთი“
- სოციალ-დემოკრატიული პარტია „მოქალაქის გადაწყვეტილება“
ეროვნულ საკრებულოში ის პარტიები აღმოჩნდებიან, რომლებიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ. ბლოკებისთვის ბარიერი 7 პროცენტს შეადგენს.
ნიკოლ ფაშინიანის ყოფილი თანამოაზრეები, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში მასთან ერთად შევიდნენ და ფრაქცია „ელკის“ წევრები იყვნენ, ახლა არჩევნებში მისგან განცალკევებულად მონაწილეობენ. ეს არის ბლოკი „ჩვენ“ და „განათლებული სომხეთი“.
როგორ ტარდებოდა წინასაარჩევნო კამპანია?
პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალა, ყოფილი მმართველი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის“ გარდა (სიაში ნომერი პირველი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვიგენ სარგსიანი), პოტენციურ ამომრჩევლებთან ქუჩაში შეხვედრებს მართავდა. „რესპუბლიკელები“ აცხადებდნენ, რომ ადამიანებს ხვდებოდნენ, თუმცა ადგილსა დროსთან დაკავშირებით რაიმე წინასწარ ინფორმაციას არ იუწყებოდნენ.
• არჩევნები სომხეთში – კრიზისიდან შესაძლო გამოსავალი
• ფაშინიანი მიიჩნევს, რომ მისმა მთავრობამ ხალხის წინაშე ყველა ვალდებულება შეასრულა
• სომხეთსა და პოსტ-საბჭოთა სამხედრო ბლოკის სხვა წევრებს შორის სკანდალი მწიფდება
• ყოფილი მმართველი პარტია სომხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
ბლოკი „ჩემი ნაბიჯის“ ამომრჩევლებთან შეხვედრები საკმაოდ ცოცხლად მიმდინარეობდა: პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ამომრჩევლებთან შესახვედრად საგანგებოდ შვებულება აიღო, რათა ყველა ოლქსა და ქალაქში მოესწრო ჩასვლა. ფაშინიანი აგიტაციას, ძირითადად, ყოფილი ხელისუფლების კრიტიკაზე აგებდა.
ფაშინიანს ამ მოგზაურობისა დროს მეუღლე ანა აკოპიანი, ასევე მისი გუნდის წევრები ახლდნენ. ვიდრე რევოლუციის ლიდერი ოლქებში გამოდიოდა, ამ ბლოკის სხვა კანდიდატები დროს არ კარგავდნენ – ისინი ერევნის დასახლებულ უბნებში ამომრჩეველთა მცირე ჯგუფებს ხვდებოდნენ.
ბევრი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო კამპანიის ეპიცენტრს სწორედ დედაქალაქი წარმოადგენდა. ბლოკი „ჩემი ნაბიჯის“ გარდა, ოლქებში აქტიური აგიტაცია ჩაატარეს მხოლოდ პარტიებმა – „განათლებული სომხეთი“ და „აყვავებული სომხეთი“.
რას სთავაზობენ ხალხს კანდიდატები?
პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, ფსონს ხალხისთვის ეკონომიკური გასაჭირის შემსუბუქების დაპირებაზე დებს. გასიმის დაპირება საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ. კერძოდ, ნიკოლ ფაშინიანმა უკვე დააანონსა შაქრის, მარილის, სოდის, მინის, ტექსტილის, ლიფტებისა და ტელევიზორების წარმოების ამოქმედება.
„აყვავებული სომხეთი“ დარწმუნებულია, რომ ისეთი ეკონომიკის განვითარებას შეძლებს, რომელიც ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. ამ პარტიის ლიდერი – ოლიგარქი გაგიკ ცარუკიანი – კრედიტების საპროცენტო განაკვეთის შემცირების პირობას დებს, რაც ,მისი აზრით, მცირე ბიზნესს განავითარებს.
უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებებს საგარეო პოლიტიკაში?
იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, დასავლური ორიენტაცია აქვთ პარტიებს – „სასნა ცრერი“, „განათლებული სომხეთი“ და ბლოკი „ჩვენ“. „სასნა ცრერი“ ღიად აცხადებს რუსეთის მიერ ინიცირებული ინტეგრაციული ორგანიზაციებიდან – ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ.
ყველა დანარჩენი პარტია, მათ შორის ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი „ჩემი ნაბიჯი,“ საგარეო პოლიტიკის ახლანდელი ვექტორის შენარჩუნებას აპირებენ. მაგრამ, ამავდროულად სომხეთის დიასპორის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ნიკოლ ფაშინიანის უახლოესი თანამებრძოლი მხიტარ აირაპეტიანი საკუთარი ბლოკის საგარეო პოლიტიკას „სომხურ-ცენტრისტულად“ და „პროსომხურად“ ახასიათებს:
„ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ჩემი ნაბიჯი“ გამოკვეთილად პროსომხურ საგარეო პოლიტიკას წარმართავს. ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა ამგვარ პროსომხურ პოლიტიკაზე აეწყობა; მათ პრორუსულ ან პროდასავლურ მიმართულებას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს“.
პრიორიტეტებს შორის აირაპეტიანი რუსეთს გამოყოფს, თუმცა ირწმუნება, რომ ეს სხვა მიმართულებებით თანამშრომლობას სულაც არ გამორიცხავს:
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რუსეთთან ძმური და მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება. მეორე მხრივ, ევროპული შეთანხმების და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიაციის ფარგლებში, მნიშვნელოვანია სამუშაოების განხორციელება. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აშშ-სთან, ასევე ირანთან და საქართველოსთან ურთიერთობების დამყარებაც“.
„რესპუბლიკელების პარტიის პირველი ნომრის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ვიგენ სარგსიანის თქმით, ეს პარტია ინტერესთა ბალანსის საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს:
„ჩვენი საგარეო პოლიტიკა ბაზარზე მსხვილი მოთამაშეების ინტერესებიდან კი არ გამომდინარეობდა, არამედ პირიქით, მათი ინტერესების შეხების წერტილების მიხედვით იგებოდა. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ სომხეთი ამით მხოლოდ იგებდა. განვაცხადეთ და პრაქტიკულად განვახორციელეთ არა „ან-ან“ პოლიტიკა, არამედ – „ისიც და ისიც“. და შევძელით ისე გაგვეკეთებინა, რომ სომხეთი, ერთი მხრივ, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი გამხდარიყო, მეორე მხრივ კი – ევროკავშირთან ჩარჩო ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერა. საუკეთესო ურთერთობა ჰქონოდა შშ-სთან, ჩინეთთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და ირანთან.“
რევოლუციის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკაში სენსაციას არ უნდა ველოდეთ.
ავტორიტეტული სომეხი ექსპერტი ბორის ნავასარდიანი მიიჩნევს, რომ ვექტორი მართლაც არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა სომხეთის სხვა ქვეყნებთან ურთერთობის შინაარსი:
„რესპუბლიკური პარტია სომხეთის უსაფრთხოების გამყარებისა და მისთვის თუნდაც რაიმე საერთაშორისო წონის მინიჭებისკენ მიისწრაფოდა. და საამისოდ მთავარ საშუალებას სუვერენიტეტით ვაჭრობა წარმოადგენდა; ანუ ხელისუფლება რომელიღაც გეოპოლიტიკურ ცენტრებთან, პირველ რიგში კი – რუსეთთან, დათმობებზე მიდიოდა, იმისთვის, რომ სანაცვლოდ რაიმე მიეღო.
რუსეთთან ურთიერთქმედება ახალი ხელისუფლებისთვისაც პირველ ადგილზეა. მაგრამ პრინციპული განსხვავება ის არის, რომ „ჩემი ნაბიჯი“ თავის საშინაო პოლიტიკის აგებას ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპებსა და ქვეყნის ინტერესებზე დაყრდნობით აპირებს, და სუვერენიტეტით ვაჭრობას არ გეგმავს“.
ამგვარმა პოლიტიკამ არ შეიძლება, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ გაართულოს, ყოველ შემთხვევაში – დროდადრო მაინც,- მიაჩნია ექსპერტს.
• ევროკავშირი- სომხეთის ურთიერთობები „ხავრდოვანი რევოლუციის“ შემდეგ. რატომ არ მოხდა გარღვევა
რა გეგმები არსებობს ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით?
შეძლებს თუ არა „ჩემი ნაბიჯი“ ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებას და წინსვლის მიღწევას? ამ საკითხში ბევრი რამ აზერბაიჯანულ მხარეზეა დამოკიდებული, – აცხადებს რევოლუციის ლიდერის ფაშინიანის თანამებრძოლი მხიტარ აირაპეტიანი:
„ჩვენ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების მომხრეები ვართ. თუმცა, ვცდილობთ, რომ ყარაბაღის მხრე მოლაპარაკებების პროცესში კონფლიქტის ერთ-ერთ მხარედ ჩავრთოთ, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ყარაბაღის რესპუბლიკას თავისი ხელისუფლება ჰყავს, და ნიკოლ ფაშინიანი არცახის სახელით მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს“.
„რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ ყარაბაღის საკითხი ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, და ხალხის თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე უნდა მოგვარდეს.
ექსპერტი ბორის ნავასარდიანი მიიჩნევს: ყარაბაღის ფრონტზე გარდაქმნების ლოდინი არ მოგვიწევს. მოლაპარაკებების პროცესში გარკვეული წინსვლა მოხდება, თუმცა გარღვევა არ იქნება:
„ჩემი აზრით, ფაშინიანი ასი პროცენტით შეეცდება სტატუს-კვოს იდეის შენარჩუნებას, რაც წინა მთავრობისთვისაც დამახასიათებელი იყო. თუმცა, აზერბაიჯანის მხრიდან რაიმე მზაობის არარსებობის შემთვევაში, სომხეთი კომპრომისზე არ წავა. ხოლო ბაქოს რიტორიკასა და ქმედებებში, რთულია, ცვლილებებს ველოდეთ“.
იქნება თუ არა კორუფციასთან ბრძოლა?
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა კორუფციის წინააღმდეგ მძვინვარე ბრძოლა გამოაცხადა. პარლამენტარების და ჩინოვნიკების რიგი ხმაურიანი კორუფციული მხილებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში ათობით მილიონი დოლარი შევიდა.
• კორუფციასთან ბრძოლა სომხეთში. JAMnews -ის სერიიდან ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯების შესახებ
• სომხეთში რევოლუციის შემდეგ მექრთამეობის პირველი შემთხვევა აღინიშნა
„კორუფციასთან საბრძოლველად წარმატების მთავარი კომპონენტი – ხელმძღვანელობის პოლიტიკური ნებაა. ის პრემიერსა და მთავრობას აქვთ“, – ამბობს მხითარ აირაპეტიანი.
თუმცა, ბორის ნავასარდიანი მიიჩნევს, რომ ამ სფეროში საჭიროა ინსტიტუციური ცვლილებები:
„თუკი რეფორმები ჩატარდება, თუკი ევროკავშირთან თანამშრომლობა გამყარდება, მაშინ, შესაძლოა, მართლაც სერიოზულ ცვლილებებს ველოდეთ“.
რას ამბობენ მიგრაციის შესახებ?
სტატისტიკური სამსახურის მონაცემების თანახმად, 1998 წელს სომხეთის მოსახლეობა 360 ათასი ადამიანით შემცირდა. ამ დროს ადამიანები მასობრივად მიემგზავრებოდნენ უკეთესი ცხოვრების საძებნელად. დიასპორის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებაზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირია. ადრე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად დაფიქსირდება იმიგრაციის დადებითი მაჩვენებელი:
„კანონის ძალა, ადამიანის უფლებების დაცვა, ეკონომიკური რევოლუცია, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ – ეს ნაბიჯები მიგრაციას შეაჩერებს“, – განაცხადა ფაშინიანმა, მისი თქმით, სამშობლოში პირველ რიგში ის ადამიანები ჩამოვლენ, რომლებიც შედარებით ცოტა ხნის – 10-15 წლის წინათ გაემგზავრნენ.
არჩევნების ფავორიტები
მომავალი არჩევნების ერთმნიშვნელოვან ფავორიტად ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი მიიჩნევა. არამხოლოდ ექსპერტები, მეტოქეებიც კი დარწმუნებულები არიან, რომ „ჩემი ნაბიჯი“ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს, თავად ფაშინიანი კი პრემიერ-მინისტრი გახდება.
ათასობით ადამიანი, რომლებიც რევოლუციის დროს ქუჩებში გავიდნენ და რევოლუციასა და ხელისუფლების ცვლას მხარი დაუჭირეს, ახლა იმავე ენთუზიაზმით დაუჭერს არჩევნებში მხარს ბლოკ „ჩემ ნაბიჯს“.
„ამაში ეჭვი არავის ეპარება, ერთდერთი ინტრიგა ის არის, თუ რამდენ ხმას მიიღებენ ისინი. სავარაუდოდ, მათ 70 პროცენტის იმედი უნდა ჰქონდეთ“, – ამბობს ნავასარდიანი.
სერიოზული ბრძოლა შეიძლება გაჩაღდეს მეორე და მესამე ადგილებისთვის. აშკარა ფავორიტები არ არსებობენ, „განათლებულ სომხეთს“ და „აყვავებულ სომხეთს“ დაახლოებით ერთნაირი შანსები აქვთ; ბრძოლაში, შესაძლოა,ასევე რესპუბლიკური პარტია და ბლოკი „ჩვენ“ ჩაერთონ.
„სომხეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხმათა რაოდენობის მხრივ, რიგით მესამე პარტია, იმის მიუხედავად, გადალახავს თუ არა ის საარჩევნო ბარიერს, პარლამენტში ხვდება. ამიტომაც, ამ ადგილისთვის სერიოზული ბრძოლა გაჩაღდება“, – მიაჩნია ბორის ნავასარდიანს.
ეროვნულ საკრებულოში რესპუბლიკელების მოხვედრის შანსი, რომლებიც წინა პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენდნენ, არცთუ მარტივად შესაფასებელია. ჯერ კიდევ ახლახან მმართველ პარტიას ხელისუფლება მონოპოლიზებული ჰქონდა, მაგრამ აპრილის რევოლუციის შემდეგ ის აშკარად აუტსაიდერის როლშია, და უცნობია, მოახერხა თუ არა მან შოკიდან გამოსვლა.
თუმცა, არც მისი მომხრეების რაოდენობის არშეფასება შეიძლება. ისინი ახლაც მიიჩნევენ, რომ ახალ ხელისუფლებას ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საკმარისი გამოცდილება არ აქვს.
„მედიაქსელის“ მხარდაჭერით