JAMnews-ის მეორე სტატია ციკლიდან "სომხეთის ახალი ხელისუფლების პირველი სამი ნაბიჯი" " />

როგორ ებრძვიან კორუფციას პოსტ-რევოლუციურ სომხეთში

JAMnews-ის მეორე სტატია ციკლიდან "სომხეთის ახალი ხელისუფლების პირველი სამი ნაბიჯი"

2018 წელს – პირველად დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში – ხელისუფლება რევოლუციის გზით შეიცვალა. ხანგრძლივ მასობრივ საპროტესტო აქციებს ოპოზიციონერი დეპუტატი, ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობდა. და რვა მაისს პარლამენტმა ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერი პრემიერ-მინისტრად აირჩია.

JAMnews-ი იწყებს ახალ ციკლს, რომელიც რევოლუციონერი პრემიერის პირველ ნაბიჯებს ეხება. ამ სტატიაში  სომხეთში კორუფციასთან ბრძოლის ყველა დეტალია წარმოდგენილი.

•  სერიის პირველ სტატიაში მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით არსებული ყველა ნიუანსია განხილული

 ა მჟამად სომხეთში კორუფცია ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხის შემცველ პრობლემად აღიქმება. დამოუკიდებელი სომხეთის ყველა ხელისუფლება ყოველთვის აცხადებდა, რომ კორუფციასთან ბრძოლა მისთვის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენდა. თუმცა, ამავდროულად, ამ პრობლემის მასშტაბები სტაბილურად იზრდებოდა. ქვეყნის ახალმა მთავრობამ არამხოლოდ განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლას იწყებდა, არამედ რეალური ნაბიჯებიც გადადგა. თუმცა, მოდით,  განცხადებებით დავიწყოთ

ნიკოლ ფაშინიანის ანტიკორუფციული გამოსვლები

ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევამდეც არაერთხელ განუცხადებია (მ.შ. საპარლამენტო ტრიბუნიდანაც), რომ აუცილებელია კორუფციასთან ბრძოლა. იგი ღიად აცხადებდა, რომ სომხეთის ხელისუფლებას ყველაზე კორუმპირებულ „სუბიექტად“ მიიჩნევდა. 7 ივნისს იგი პრემიერ-მინისტრის რანგში წარუდგა საზოგადოებას და მთავრობის სამოქმედო გეგმა წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა:

«ჩვენ აღმოვფხვრით კორუფციასა და გადაწყვეტილების მიღებისას კორუფციული მექანიზმების გამოყენების მეთოდებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევას ადვილად გავუმკლავდებით, იმიტომ რომ როდესაც ქვეყნის მეთაური კორუფციაში არ არის გახვეული და შესაბამისი ინტრიგებით არაა შეზღუდული, კორუფციის გასანადგურებლად უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იქმნება».

ახალი ანტიკორუფციული კომისია

სომხეთის ყველა ახალი მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის სტრუქტურების შექმნის ინიციატივით გამოდიოდა. ანტიკორუფციული ცენტრების შექმნის, დისკუსიების გამართვისა და ამ საკითხთან დაკავშირებით კონფერენციების მოწყობის მიზნით უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა ხოლმე. იუსტიციის ახალმა მინისტრმა, არტაკ ზეინალიანმა18 მაისს (დანიშვნისთანავე) განაცხადა:

«მთავრობის გეგმის მიხედვით, უნდა შეიქმნას სპეციალური ანტიკორუფციული ორგანო, რომელსაც ეფექტური ბრძოლისათვის აუცილებელი გარანტიები და ინსტრუმენტების ნაკრები გადაეცემა».

კორუფციასთან ბრძოლის პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ ანტიკორუფციული ორგანო ჯერ არ შექმნილა.

სკანდალური მხილების ერთი დღე

სომხეთის მოსახლეობა უკვე შეეჩვია იმას, რომ ყოველდღე ვრცელდება ცნობები კორუფციასთან დაკავშირებული  საქმეების გახსნის შესახებ. ერთ დღეში გახსნილი საქმეების რაოდენობაც აშკარად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად მოეკიდნენ ამ საქმეს საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოები. მაგალითად, 16 ივლისს გაირკვა, რომ:

  • მინერალური წყლების მწარმოებლებმა ბუნებრივი რესურსების  ექსპლუატაციისათვის დაახლოებით 230 მილიონი დრამი (დაახლოებით 480 ათასი დოლარი) გადაიხადეს.
  • პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, მგერ სედრაქიანის, დეპუტატ გაგიკ ცარუკიანისა და სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ვარდან არუთიუნიანის გაზგასამართ სადგურებზე აღმოჩენილია დარღვევები, რომლებიც მთლიანობაში 946 მილიონ დრამად (დაახლოებით 2 მილიონ დოლარად) ფასდება.
  • პარლამენტის დეპუტატმა აშოტ არსენიანმა 1300 ამომრჩევლის მოსასყიდად 13 მილიონი დრამი (27 ათასი დოლარი) დახარჯა.
  • ლორეს ოლქის მეწავანის თემის უფროსმა სახელმწიფოს 7 მილიონ 217 ათასი დრამის (15 ათასი დოლარის) ოდენობის ზარალი მიაყენა.
  • არაგაწოტნის ოლქის ვარდაბლურის თემის ყოფილმა უფროსმა, არტავაზდ გალსტიანმა 4,5 მილიონი დრამი (თითქმის 10 ათასი დოლარი) მიითვისა.
  • ერევნის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა ორ მასწავლებელთან ერთად მსხვილი თანხები მიითვისა.
  • სამხედრო შეკრების რესპუბლიკური პუნქტის თანამშრომელმა ექიმებთან, სამხედრო კომისარიატის თანამშრომლებთან და მაღალ თანამდებობებზე მყოფ მოხელეებთან კორუფციული გარიგება დადო  და 40-ზე მეტ წვევამდელს ცრუ დიაგნოზების საფუძველზე ან ან დროებით გაათავისუფლა, ან მთლიანად მოუხსნა სამსახურის ვალდებულება.  

სპეცოპერაციები და მსხვილი გადამხდელების ჩხრეკა-შემოწმების ფაქტები

25 მაისიდან 18 ივლისამდე სამართალდამცავმა ორგანოებმა და საგადასახადო უწყების თანამშრომლებმა გახსნეს რამდენიმე საქმე, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მიტაცებას ეხება:

  • „ნორფოლკ კონსალტინგმა“ სახელმწიფოს 3,3 მილიარდი დრამი (დაახლოებით 7 მილიონი დოლარი) არ გადაუხადა.
  • კომპანია „სექიურითი დრიმისა“ და  „ელიფსის“ ხელმძღვანელობამ 1 მილიარდ 16 მილიონი დრამი (2 მილიონ დოლარზე მეტი) მიიტაცა.
  • კომპანია „გიუმრი-გარეჯურმა“ სახელმწიფოს 360 მილიონი დრამის ( 750 ათასი დოლარის) ოდენობის გადასახადები დაუმალა.
  • „სპაიკამ“ სახელმწიფო ბიუჯეტში  2 მილიარდი დრამი(4 მილიონ დოლარზე მეტი) არ გადარიცხა.
  • კომპანიებმა, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერებას ახორციელებდნენ, 2 მილიარდ დრამზე მეტი  (4 მილიონ დოლარზე მეტი) მიითვისეს.
  • საგზაო პოლიციისა და იძულებითი აღსრულების სამსახურის თანამშრომლებმა ქონებისა და შემოსავლის არმქონე 478 პირის სახელზე  დაახლოებით 100 ათასი ჯარიმა გამოწერეს და დაახლოებით 1,4 მილიარდი დრამი (თითქმის 3 მილიონი დოლარი) მიითვისეს.

თანაგუნდელების შემოწმება

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ვალდებულებას არ გრძნობს იმ ბიზნესმენი დეპუტატების მიმართ, რომლებიც მას პრემიერის სავარძლის დაკავებაში დაეხმარნენ. დარღვევები ზემოაღნიშნული მეწარმე-პარლამენტარების კომპანიებშიც დაფიქსირდა.

ეროვნული უშიშროების სამსახურმა განაცხადა იმ ზარალის შესახებ, რომელიც „ერევან სიტის“ სახელით ცნობილმა სუპერმარკეტების ქსელმა მიაყენა სახელმწიფოს. ზემოაღნიშნული მაღაზიები დეპუტატ სამველ ალექსანიანს ეკუთვნის.

ამას გარდა, დარღვევები დაფიქსირდა იმ გაზგასამართი სადგურების მუშაობაში, რომელიც  სომხეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელს, გაგიკ ცარუკიანს ეკუთვნის.

•  სომხეთის სუპერმარკეტების ერთ-ერთი უდიდესი ქსელი წლების მანძილზე მალავდა გადასახადებს

•  სომხეთში გადასახადების დამალვის გამო რამდენიმე ოლიგარქზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა  

თუმცა ყველაზე მასშტაბურ კორუფციულ სკანდალად ის ფაქტი იქცა, რომელიც საზოგადოებამ გენერლისა და დეპუტატის, მანველ გრიგორიანის სახლებისა და ობიექტების შემოწმების შემდეგ შეიტყო.. აღმოჩნდა , რომ იგი, სავარაუდოდ, ჯარისკაცების საკვებს იპარავდა და მოპარული პროდუქტებით თავისი პირადი ზოოპარკის ბინადრებს კვებავდა.

მის საწყობებში ის პროდუქტებიც აღმოაჩინეს, რომელსაც 2016 წლის აპრილში, ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების დროს ყველა – უბრალო მოქალაქეები (მ.შ. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა), საზოგადოებრივი ორგანიზაციები და კომპანიები – ერთად აგროვებდა. ამას გარდა, გრიგორიანი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაშიცაა ეჭვმიტანილი.

რა თანხა დაბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტში

10 ივლისს გამართულ სამთავრობო სხდომაზე სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა:

«სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, 1-ლი ივლისის მონაცემებით, მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებების კუთხით  20 მილიარდ 622 მილიონი დრამის ზიანი დაფიქსირდა. აღნიშნული ზარალი უპირობო კომპენსაციას ექვემდებარება. საუბარია 42 მილიონ დოლარზე».

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის უფროსმა, დავიდ ანანიანმა განაცხადა  , რომ ეს მხოლოდ 73 კომპანიის შემოწმების შედეგია და  სამომავლოდ ზემოაღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. სახელმწიფო ბიუჯეტში კი ჯერჯერობით მხოლოდ 800 მილიონი დრამია შესული – გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნული მაჩვენებელი წინასწარი გათვლებითაა მიღებული.  

რა ბედი ელით კორუფციაში მხილებულ პირებს?

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა:

«ჩვენი მიზანი არა რაც შეიძლება მეტი ადამიანის „დაჭერა“, არამედ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის მექანიზმების შემუშავება უნდა წარმოადგენდეს».

უკვე არაერთხელ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ზოგიერთი საქმე დაიხურა მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა მხარემ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი აანაზღაურა.

პასუხი მხილებაზე

მხილების შემდეგ კომპანიების ნაწილმა საკუთარი რეპუტაციის დაცვა გადაწყვიტა.

„სპაიკამ“, „სექიურითი დრიმმა“ და „ელიფსმა“ განაცხადეს, რომ სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს არაფერი გაუხსნია და ზემოაღნიშნულმა უწყებამ უბრალოდ ამ კომპანიების იმიჯი შელახა.

ამას გარდა, იმ გაზგასამართი სადგურების ხელმძღვანელებმა, რომლებმაც გადასახადები არ გადაიხადეს, განაცხადეს:

«სისხლის სამართლის საქმეები მართლმსაჯულებასთან და კანონის უზენაესობასთან შეუთავსებელ, აშკარად უსაფუძვლო გამოთვლებზეა დამყარებული».

სასუქების სუბსიდირების პროექტში ჩართული კომპანია, რომელსაც 38 მილიონი დრამის (80 ათასი დოლარის) მითვისება ედება ბრალად, აცხადებს, რომ მისი რეპუტაციაც უსამართლოდ შეილახა. ზემოაღნიშნულმა ფირმამ გენერალურ პროკურატურაში შეიტანა სარჩელი.

ყოფილი პრეზიდენტის ნათესავების წინააღმდეგ

კორუფციასთან ბრძოლა სომხეთის მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის სანათესაოსაც შეეხო. პრეზიდენტის ძმას, ლევონ სარგსიანს (ისევე როგორც მის ვაჟსა და ქალიშვილს) ბრალად უსაფუძვლო გამდიდრება წაუყენეს. მათ სახლებში 6,6 მილიონი დოლარის ოდენობის ანაბრების ჩეკები იპოვეს. ზემოაღნიშნული პირები დააპატიმრეს, მაგრამ მოგვიანებით ქვეყნიდან არგასვლის პირობით გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ ეროვნული უშიშროების სამსახურმა პრეზიდენტის კიდევ ერთი ძმის, ალექსანდრ სარგსიანის სახლში სპეცოპერაცია ჩაატარა და თავად ალექსანდრი და მისი ვაჟი, აიკ სარგსიანი დააკავა. მოგვიანებით აიკი  ათი წლის წინ მომხდარი შემთხვევის გამო აღძრულ საქმეში ეჭვმიტანილად ცნეს და დააპატიმრეს.

•  სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგიანის ძმისშვილი მკვლელობის მიზნით თავდასხმაშია ეჭვმიტანილი 

ამას გარდა,  უსაფუძვლო გამდიდრების ბრალდება სერჟ სარგიანის დაცვის ყოფილ უფროსს, ვაჩაგან ყაზარიანსაც წაუყენეს. მას რამდენიმე მილიონი დოლარი უპოვეს. ყაზარიანის თქმით, მას დაავიწყდა ამ თანხის შესახებ ეთიკის კომისიისათვის ეცნობებინა.

ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ახალ მთავრობას

ევროკავშირმა სომხეთში რევოლუციური პროცესების დასრულებისთანავე განაცხადა, რომ მხარს უჭერს ნიკოლ ფაშინიანის ანტიკორუფციულ კამპანიას.

16 ივლისს სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პიოტრ  სვიტალსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერდა წინა მთავრობას, მაგრამ, ამის მიუხედავად, ყოფილ პრემიერმინისტრთან ანტიკორუფციულ კომისიაში თანამშრომლობაზე უარს ამბობდა, იმიტომ რომ სომხეთის მთავრობის ყოფილ ხელმღვანელს დამოუკიდებელ ფიგურად არ მიიჩნევდა.

თუმცა, სომხეთი უფრო მეტს მოელის ევროპისგან. მცირე ხნის წინ პრემიერი ბრიუსელს ეწვია. ვიზიტის შემდეგ მთავრობის მეთაურმა განაცხადა:

«ერთ-ერთ ევროპელ პარტნიორთან გამართული შეხვედრის დროს აღვნიშნე რომ ძალიან მიკვირს, თუ რატომ არ გაუზარდა ევროკავშირმა სომხეთს დახმარება რევოლუციის შემდეგ. ამის შემდეგ ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა: «რატომ ამბობთ ამას? 10 მილიონი ევრო დაგიმატეთ». მე კი ვუპასუხე, რომ სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევების გამო აღძრული სხვადასხვა საქმეებიდან 42 მილიონი დოლარი შევაგროვეთ და თუკი ერთ-ერთ ცნობილ კორუცფიონერს სათანადოდ შევანჯღრევთ, მას ზუსტად ამდენივე გადმოეყრება ჯიბეებიდან».

ამის შემდეგ ელჩმა სვიტალსკიმ აღნიშნა:

«ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ არ შეიცვლება ის დამოკიდებულება, რომელიც სომხეთს აქვს ევროკავშირის მიმართ. ამდენად, არც იმას უნდა ველოდოთ, რომ ევროკავშირი შეცვლის იმ პოლიტიკას რომელიც სომხეთის მიმართ აქვს არჩეული».

მოსამართლეების თავისუფლება

სომხეთში მიმდინარე ანტიკორუფციული ბრძოლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მართლმსაჯულება წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრად არჩევიდან 10 დღის შემდეგ ნიკოლ პაშინიანმა ფეისბუკის საშუალებით, მის გვერდზე მოწყობილი პირდაპირი ჩართვის დროს, განაცხადა:

«თითოეულმა მოსამართლემ, რომელიც ქრთამის აღებას შეეცდება, უნდა იცოდეს, რომ მას შესაბამისი ორგანოების თანამშრომლები მოაკითხავენ. ქალბატონებო და ბატონებო,მოსამართლეები აღარ მიიღებენ მითითებებს ბაგრამიანის 26-იდან [პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისამართი- JAMnews]. ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ აქვს უფლება, მოსამართლეებს რომელიმე საქმესთან დაკავშირებით რაიმე სახის მითითება მისცეს».

ბრძოლის გვერდითი ეფექტები

ანტიკორუფციულმა კამპანიამ მოსახლეობის ცალსახა მხარდაჭერა და ბიზნესწრეების არაცალსახა რეაქცია მიიღო. ყველგან შემოწმება ტარდება, ბიზნესი მოლოდინის რეჟიმშია, ინვესტიციები არ ხორციელდება, მიმდინარეობს საკადრო შემცირების პროცესი.

წინა ხელისუფლების პერიოდში მოღვაწე მეწარმეების დიდი ნაწილი კორუფციონერად მიიჩნევა, რაც ზემოაღნიშნულ ბიზნესმენებს სიფრთხილისა და პასიურობისკენ უბიძგებს. ზემოაღნიშნული ფაქტორები ზოგად ეკონომიკურ სიტუაციაზე აისახება.

კორუფციასთან ბრძოლა კი გრძელდება.

  JAMnews-ის ამ სერიის მესამე სტატიაში საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ რეფორმებს განვიხილავთ

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ