თუმცა, თავად "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წინასაარჩევნო კამპანიას განერიდა" />

სომხეთის ყოფილი მმართველი პარტია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

თუმცა, თავად "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წინასაარჩევნო კამპანიას განერიდა

„სომხეთის რესპუბლიკური პარტია“ მომავალ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამ მომენტამდე არჩევნებში მონაწილეობის სრული რწმენა თავად „რესპუბლიკელებსაც“ არ ჰქონდათ. არჩევნებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის, ან შესაძლო უარის თაობაზე აზრი მხოლოდ ზოგიერთმა მათგანმა გამოთქვა.

მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ საკუთარი პოზიციები დათმო “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ. ოპოზიციის ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის ათობით ათასმა მაცხოვრებელმა დაუჭირა მხარი და შემდეგ ის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. მაგრამ მმართველ პარტიას, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა რჩებოდა, საშუალება ჰქონდა, და ხშირად ბლოკავდა კიდეც რევოლუციური მთავრობის გადაწყვეტილებებს.

შესაბამისად, ყოფილი მმართველი პარტიისა და მისი მომხრეების სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალმა ხელისუფლებამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესი დაიწყო. ახლა უკვე ყველა წინააღმდეგობა დაძლეულია, არჩევნები 9 დეკემბერს ჩატარდება.

ვინ წარმოადგენს ყოფილ მმართველ პარტიას არჩევნებზე

პარტიის სიის სათავეშია სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარგსიანი. როგორი იქნება „რესპუბლიკელების“ საბოლოო სია, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ზოგიერთი სახელი უკვე ფიგურირებს. კერძოდ, ცნობილია, რომ წინასაარჩევნო შტაბს იუსტიციის ყოფილი მინისტრი დავიდ არუთიუნიანი უხელმძღვანელებს. სარეიტინგო სიებით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი არმენ აშოტიანი.

სომხეთის პარლამენტმა პრემიერის კანდიდატურის წინააღმდეგ და თავისი დათხოვნის სასარგებლოდ მისცა ხმა 

სომხეთი რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად 6 მილიონ დოლარს დახარჯავს

სომხეთის ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი იმის გვერდით აღარ იცხოვრებს, ვინც მას გადადგომა აიძულა

უკვე ცნობილია, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას არ მიიღებს ექს-პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ მეთაური სერჟ სარგსიანი. 2018 წლის აპრილში გადადგომის შემდეგ ის საჯარო პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა, თუმცა, პარტიის ხელმძღვანელობას აგრძელებს.

მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს არც რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი ოლიგარქი წევრი, რომლებმაც წინა არჩევნებში – 2017 წელს პარტია ხმებისა და მანდატების მნიშვნელოვანი რაოდენობით უზრუნველყვეს.

 „რესპუბლიკელების“ გეგმა

სიის პირველმა ნომერმა ვიგენ სარგსიანმა უკვე განაცხადა, რომ მათი პარტია ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად გადაქცევას აპირებს. ყოფილი ხელისუფლება ახლანდელის ბევრ ქმედებას არ ეთანხმება:

„ვფიქრობთ, იმის შესაძლებლობა გვაქვს, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალად ვიქცეთ. ჩვენი რესურსები, ცოდნა და გამოცდილება ამის საშუალებას გვაძლევს. თანაც, ჩვენ პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს ახლანდელ ხელისუფლებასთან, რაც საშუალებას მოგვცემს, სრულფასოვნად გამოვიყენოთ ოპოზიციური ძალის სტატუსი საიმისოდ, რომ უფრო ეფექტიანი მმართველობა გვქონდეს”.

ვიგენ სარგსიანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ახლანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილება დეკემბერში არჩევნების „ნაჩქარევად“ ჩატარების შესახებ:

„ეს პოლიტიკურ პროცესებს აფერხებს. ამან ბევრ პოლიტიკურ ძალას გარდაქმნის და არჩევნებში უფრო ლოგიკური და გონივრული ფორმით მონაწილეობის  საშუალება არ მისცა. ჩვენთვის ამის გაკეთება უფრო ადვილია. ჩვენ გამოცდილება გვაქვს და საკმარისი სტრუქტურები, რათა არჩევნებისთვის უმოკლეს დროში მოვემზადოთ. ჩვენ არჩევნებზე მივდივართ, და თან კარგად გვესმის, რომ ასეთი აჩქარების ერთ-ერთი მიზეზი ის შთაგონებაა, რაც მმართველ ძალას ერევნის არჩევნების შემდეგ გაუჩნდა. სწორედ ამას ეფუძნება მათი პოლიტიკური გათვლა“.

სექტემბერში ერევანში უხუცესთა საბჭოს, ანუ დედაქალაქის პარლამენტის არჩევნები ჩატარდა. ამ არჩევნებში ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“, რომელსაც რევოლუციური ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი უჭერდა მხარს, დანარჩენ პოლიტიკურ ძალებზე გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა. მან ერევნელების ხმათა 80 პროცენტზე მეტი მიიღო. ერევანში ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს. ასე რომ, არჩევნების შედეგებმა ახალი ხელისუფლების მაღალი რეიტინგი და საპარლამენტო არჩევნებში მანდატების უმეტესობის მიღების შესაძლებლობა დაადასტურა.

კიდევ რომელი ძალები მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში

უკვე ცნობილია პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. გამარჯვების მთავარ პრეტენდენტად ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ მიიჩნევა. ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, მგრამ უფრო სავარაუდოა, რომ პარტიის სიას სათავეში პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი ჩაუდგება.

არჩევნებში ასევე მონაწილეობას მიიღებს სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის გაგიკ ცარუკიანის „აყვავებული სომხეთი“. თავად ოლიგარქი პირველი ნომერი იქნება.

ნიკოლ ფაშინიანის ყოფილი თანამოაზრეები ფრაქცია „ელკიდან“ , რომელსაც ის რევოლუციამდე თავად ედგა სათავეში, პარტია „რესპუბლიკა“ და „განათლებული სომხეთი“ არჩევნებში ცალ-ცალკე გავლენ. პარტია „რესპუბლიკამ“ „თავისუფალ დემოკრატებთან“ უკვე დადო კოალიციური შეთანხმება.

საპარლამენტო არჩევნების იდუმალებით მოცულ მხარედ პარტია „სასნა ცრერი“ მიიჩნევა. ის იმ შეიარაღებული ჯგუფის „სასნა ცრერის“ პლატფორმაზე შეიქმნა, რომელმაც 2016 წლის ივნისში პოლიციის საპატრულო საგუშაგო დაიპყრო.


ასევე წაიკითხეთ