ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსთან” განაცხადა, რომ სავიზო შეზღუდვას მოჰყვება ფინანსური, ევროპის კონტინენტზე ამ პროცესის გადმონაცვლება – საბოლოოდ, “მივიღებთ დასანქცირებულ ხელისუფლებას”, რომელიც იქნება “კეთროვანი.”
დეპუტატები, ძალოვნები, ოცნების ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები – სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და პირველ ეტაპზე მოიცავს დაახლოებით 30 ადამიანს.
სახელები და გვარები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. თეთრი სახლის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, სანქციების შესახებ ამ პირებმა ჯერჯერობით არ იციან, მაგრამ ვისაც მოქმედი ვიზა აქვთ, შესაბამისი შეტყობინებები ამის შემდგომ მიუვათ.
ზურაბ ბატიაშვილი: “დასანქცირებულთა რაოდენობა ზუსტად ახლაც არ ვიცით, მაგრამ აქ მთავარი რაოდენობა არ არის. მთავარი ის არის, რომ პროცესი დაიწყო და თანაც, მმართველი ელიტისთვის ძალიან მძიმედ. რაოდენობას რაც შეეხება, ამერიკელების განცხადებაში წერია, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის განვითარების გზა დასავლურ მიმართულებაზე დააბრუნოს. რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაში“ ამას არავინ აპირებს, მაგრამ ეს პატარა ფანჯარა მაინც დატოვებულია იმისთვის, რომ იქნებ, გონს მოეგონ.
სხვათა შორის, ამერიკელები სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც ყოველთვის ასე იქცევიან, სპეკულაციისთვის ადგილს არ ტოვებენ. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახიც დასანქცირებული არ იყოს, რადგან გადაწყვეტილება მაინც მან უნდა მიიღოს.
ამერიკამ აჩვენა, რომ სანქციების დაწესება შეუძლია. თუ აქამდე „ქართული ოცნება“ იძახდა, რომ არავითარი სანქცია მოსალოდნელი არ იყო და ეს მხოლოდ სპეკულაცია იყო, აჩვენეს, რომ არავითარ შემთხვევაში, ასეთი სანქციები მოქმედებს.
“ხარება” იქნება თუ მისი ხელქვეითი, ამ შემთხვევაში სახელებსა და გვარებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, სფეროები ჩამოთვლილი იყო – მმართველი პარტია, სხვა პარტიები, ალბათ, იგულისხმებოდა „ქართული ოცნების“ დანაყოფები, სამართალდამცველები… ნაჩვენებია ის, როგორ შეიძლება ეს სია გაფართოვდეს. ეს რეალურად გაფრთხილებაა. რაც შეეხება ხასიათს, გარდა იმისა, რომ ეს სავიზო შეზღუდვაა, ამაზე ცოტა მეტს ნიშნავს.
ამას მოჰყვება ფინანსური შეზღუდვები, ევროპის კონტინენტზე ამ პროცესის გადმონაცვლება. საბოლოოდ, მივიღებთ დასანქცირებულ ხელისუფლებას, რომელიც იქნება კეთროვანი და რომელთანაც ხელის ჩამორთმევა და საქმის დაჭერა სირცხვილი იქნება.
ამან შეიძლება მეორადი სანქციები გამოიწვიოს. მაგალითად, ირანი დასანქცირებული ქვეყანაა და ვინც ირანთან საქმეს იჭერს, ისინიც ამერიკული სანქციების ქვეშ აღმოჩნდებიან. „ოცნებამ“ რაც გააკეთა, საკუთარი თავისა და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაა.
პერსონალური სანქციები პირდაპირ ქვეყანაზეც მოქმედებს, რადგან სამუშაო ადგილები შემცირდება, ინვესტიციები აღარ შემოვა, რომლებიც შემოსვლას აპირებდნენ. არის ძალიან ბევრი სფერო, რომელიც ირიბად დასანქცირდა მმართველი გუნდის და სხვა ადამიანების დასანქცირების გამო.
ვინ დაიჭერს შენთან სეროზულ საქმეს, როდესაც შენ დასანქცირებული ხარ და დღეს ამერიკაში არ გიშვებენ, ხვალ შეიძლება, ევროპაში არ შეგიშვან. რა მოუვა ქართულ ლარს? კაცმა არ იცის, რა მოუვა ლარის კურსს და მოლოდინი, ჯერჯერობით, პესიმისტურია