დეპუტატები, ძალოვნები, ოცნების წევრები - სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა
სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების პაკეტი გამოაცხადა
დეპუტატები, ძალოვნები, ოცნების ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები – სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე წუთის წინ სანქციების პაკეტი გამოაცხადა.
სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და პირველ ეტაპზე მოიცავს დაახლოებით 30 ადამიანს.
სახელები და გვარები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, სანქციების შესახებ ამ პირებმა ჯერჯერობით არ იციან, რადგანაც სანქციები ძალაში მხოლოდ დღეს შევიდა. მაგრამ ვისაც მოქმედი ვიზა აქვთ, შესაბამისი შეტყობინებები ამის შემდგომ მიუვათ.
მეთიუ მილერის განცხადება
“შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებული რჩება “ქართული ოცნების” პარტიის ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, ისევე როგორც მისი ბოლო დროის განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მისი ხალხის ნებას.
სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ცოტა ხნის წინ აშშ-ისა და საქართველოს შორის ყველა სახის ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვა გამოაცხადა. ამ გადახედვის ნაწილად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სავიზო აკრძალვების პოლიტიკა მიიღო. დღეს, ამ პოლიტიკის ნაწილად, ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა სავიზო აკრძალვები დავუწესოთ ათობით საქართველოს მოქალაქეს.
ეს მოიცავს პირებს (ასევე მათი უახლოესი ოჯახის წევრებს), რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობს საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის დავალებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება.
სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს “ქართული ოცნების” პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.” – აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი მეთიუ მილერი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენი რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის ვიზების შეზღუდვის ახალი პოლიტიკა 24 მაისს დააანონსა. ასევე, ბლინკენი წერს, რომ აშშ ძირეულად გადახედავს საქართველოსთან ურთიერთობას.
“ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვის პროცესში, საკუთარ ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოს ქმედებების გათვალისწინებით მივიღებთ.” – წერს სახელმწიფო მდივანი.
“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო აშშ-სგან რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკის გამოცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში.
“ქართული ოცნების” განცხადების მიხედვით, ენტონი ბლინკენის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა, რაც “ცინიკურია” საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე ორი დღით ადრე.