სასტუმრო ყვარლის ედემის მფლობელებმა და დირექტორმა მმართველ პარტიას 65 000 ლარი შესწირეს, რამდენიმე დღეში კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან 277 300-ლარიანი კონტრაქტი მიიღეს – სასტუმროში მაღალი რისკის ზონად გამოცხადებული რეგიონებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები უნდა განთავსდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიისთვის თანხის შეწირვის სანაცვლოდ გამარტივებული სახელმწიფო ტენდერებიდან დიდი ფულის მიღება კორუფციის ნიშნებზე მიუთითებს
TI-ის ინფორმაციით, ყვარლის ედემს გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მანამდეც ჰქონდა, თუმცა 2013-2019 წლებში 400 000 ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს გაფორმებული და ერთი კონტრაქტით 76 000 ლარზე მეტი თანხა არასოდეს მიუღია.
● შპს „ყვარლის ედემის“ დირექტორმა, ალექსანდრე მაღრაძემ 2020 წლის 20 მარტს ქართულ ოცნებას 5 000 ლარი შეწირა.
● „ქართული ოცნების” შემომწირველია შპს „ყვარლის ედემის“ 50%-იანი წილის მფლობელი შპს „ზიმოც“ – კომპანიის სახელით 2019 წლის სექტემბერში ქართულ ოცნებას 100 000 ლარი შესწირეს.
ქართული ოცნებისთვის ცალ-ცალკე აქვთ შეწირული თანხა „ზიმოს“ წილის მფლობელებსაც:
● 2020 წლის 20 მარტს შპს „ზიმოს“ დირექტორმა და წილის მფლობელმა ზურაბ კიკნაძემ 25 000 ლარი შესწირა, 2019 წლის მაისში კი – 60 000 ლარი.
● კომპანიის წილის კიდევ ერთმა მფლობელმა, ილია ქავთარაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 13 000 ლარი შესწირა.
● წილის კიდევ ერთმა მფლობელმა ლევან მარშანიამ 2020 წლის 23 მარტს „ქართულ ოცნებას” 5 000 ლარი შესწირა.
● კიდევ ერთმა მეწილემ, გია უროტაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს 17 000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას”. მას 2019 წლის მარტში მმართველი პარტიისთვის 10 000 ლარი აქვს შეწირული.
● შპს „ყვარლის ედემთან“ დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში ქართულ ოცნებისთვის სულ 235 000 ლარი აქვთ შეწირული. კომპანია „ზიმოს“ კი 2012-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით 19 მლნ ლარის ღირებულების 49 კონტრაქტი აქვს სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული.
შპს „ზიმო“ აქტიურად მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანაში, სახელმწიფო შესყიდვებით აღებულ ვალდებულებებს კი დაგვიანებით ასრულებდა. 2013-2017 წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კომპანია „ზიმოს“ შორის გაფორმებულ 16 ხელშეკრულებაში ცვლილება 65-ჯერ შევიდა.
“მმართველი პოლიტიკური პარტიის მსხვილი შემომწირველების მიერ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მიღება კორუფციის მხრივ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოში. ასეთ შემთხვევებში შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ცხადად გაწერონ ობიექტური კრიტერიუმები, თუ როგორ არჩევენ პოტენციურ მიმწოდებლებს. სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე კი შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა სათანადო ზომები უნდა მიიღონ”, – ამბობენ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში.
TI მიუთითებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროებში საკარანტინე სივრცეების მოწყობა დაიწყო დ ამ მიზნით ათობით სასტუმროსთან გამარტივებული შესყიდვების გზით კონტრაქტები გააფორმა. ორგანიზაცია ამჯერად სწორედ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში განხორციელებულ ტენდერებს და პირდაპირ შესყიდვებს აკვირდება, მათ შორის სწავლობს სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების გარემოებებს.