წლის მესამე კვარტალში საქართველოში მშპ 9.1 პროცენტით გაიზარდა
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მიმდინარე ფასებში 15 მილიარდ 997 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.1 პროცენტით ზრდას ნიშნავს, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4 290 ლარია (1 375 დოლარი).
ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
● საბითუმო და საცალო ვაჭრობა (12.3%) ● ტრანსპორტი და დასაწყობება (29.0%) ● ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (78.8%) ● განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (49.8%) ● ხელოვნება, გართობა და დასვენება (48.1%) ● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (23.8%) ● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (20.3%) ● დამამუშავებელი მრეწველობა (7.3%)
კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
● მშენებლობა ● განათლება ● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა ● სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა ● სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება
საქსტატისვე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.7%) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.9%).
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დათვალა, რამდენით შემცირდა პანდემიის დროს საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.
2020 წელს ვარდნა უფრო მეტია, ვიდრე 2008 წელს იყო – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და აგვისტოს ომის ფონზე. ვარდნის მთავარი მიზეზი პანდემია და თვეების განმავლობაში გაგრძელებული ლოქდაუნია.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე რთული თვე საქართველოს ეკონომიკისთვის დეკემბერი აღმოჩნდა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყანა სრულად იყო ჩაკეტილი.
1994 წლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2009 წელი იყო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის გამო ეკონომიკა 3.65 პროცენტით შემცირდა. შედარებისთვის, 2014-2019 წლებში საქართველო საშუალოდ 4,17 პროცენტით იზრდებოდა.