ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მან შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.
“სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ,” – წერს მაღლაფერიძე საკუთარ განცხადებაში.
მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად 2017 წლის 6 იანვარს აირჩიეს. მანამდე ის “ქართული ოცნების” თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელეკომპანიის – “მეცხრე არხის” დირექტორის მოადგილე იყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მისი არჩევა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არხზე პოლიტიკური ზეგავლენის ზრდად შეაფასეს.