უკრაინელების დასახმარებლად საქართველოს მთავრობა 1 მლნ ლარს გამოყოფს
1 მლნ ლარი უკრაინელების დასახმარებლად
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამ თანხით უკრაინელების დასახმარებლად მედიკამენტებსა და სამედიცინო ინვენტარს შეიძენენ.
გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უკრაინაში ომის დაწყებიდან მესამე დღეს მიიღო. შესაბამის განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
“სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის”, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- კვება, მგზავრობა, ღამის გასათევი – საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს დახმარებას სთავაზობენ
- ნიკა მელია უკრაინელებს: საქართველო არ არის ღარიბაშვილი. გვრცხვენია და ბოდიშს ვიხდით
- ხალხმრავალი აქცია თბილისში. მოქალაქეები უკრაინის შესახებ ღარიბაშვილის განცხადებას აპროტესტებენ. ფოტო
მესამე დღეა უკრაინა რუსეთის თავდასხმებს იგერიებს. იბომბება დასახლებული პუნქტები. არის მსხვერპლი.
რუსეთის შესაჩერებლად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ევროპის ქვეყნებმა, მთელი რიგი სანქციები აამოქმედეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველო ამ სანქციებს არ შეუერთდება. მმართველმა პარტიამ ჩააგდო რიგგარეშე პარლამენტის სხდომაც, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით, უკრაინის საკითხზე სამსჯელოდ, პრეზიდენტმა მოიწვია.
ამ გადაწყვეტილებებს პროტესტი მოჰყვა. გუშინ, 25 თებერვალს, საქართველოს დედაქალაქში პრემიერის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეიკრიბა. “ბოდიში ჩვენი ხელისუფლების გამო” – ეწერა პლაკატებზე, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ.
2022 წლის 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვა დაიწყო. დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამ განცხადებიდან მალევე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა დაიწყო უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.