ხალხმრავალი აქცია თბილისში. მოქალაქეები უკრაინის შესახებ ღარიბაშვილის განცხადებას აპროტესტებენ. ფოტო
აქცია თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად
თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, უკრაინის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარასაჭერად, ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 25 თებერვალს, განაცხადა, რომ უკრაინამ ომი ვერ აიცილა და ამის გამო ყველაზე მეტად უკრაინელი ხალხი, სახელმწიფო დაზარალდება. მანვე თქვა, რომ საქართველო არ მიუერთდება იმ სანქციებს, რომელიც რუსეთს დასავლეთმა დაუწესა.
.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, “დროას” ინიციატივით, აქციის მონაწილეებმა კანცელარიის კედელი უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს.
საქართველოს დედაქალაქში ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე ხალხმრავალი და მასშტაბური აქცია.
აქციის მონაწილეების სიმრავლის გამო, ნაწილმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების პოზიციას და ის თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
აქციაზე ისმოდა შეძახილებიც: წადი! წადი!
გუშინ “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომას, რომელიც უკრაინის საკითხზე ოპოზიციის თხოვნით პრეზიდენტმა მოიწვია, არ დაესწრებიან. დღეს კი მმართველი პარტიის წევრები პარლამენტში საერთოდ არ გამოჩენილან. მმართველი პარტიის დეპუტატმა გივი მიქანაძემ, რიგგარეშე სხდომის მოწვევას შოუ უწოდა.
უკრაინის საკითხზე რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს 41-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა. მათ განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლების დუმილი საქართველოს სერიოზული ფასი დაუჯდება. ოპოზიციამ ხელისუფლებისგან ახალი რეზოლუციის მიღება მოითხოვა.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
2022 წლის 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვა დაიწყო. დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამ განცხადებიდან მალევე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა დაიწყო უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.