უცხოელი გავლენის აგენტების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, სპეცრაზმმა აქციაზე წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს. უმრავლესობამ კანონპროექტს მხარი 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ დაუჭირა. კანონპროექტი, რომლის განხილვაც 9 მარტს იყო დაგეგმილი, საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებულად მიიღო.
ამის ფონზე საქართველოს პარლამენტთან რუსთაველის გამზირზე კვლავ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, მიუხედავად სპეცრაზმის წინააღმდეგობისა. აქციაზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ბანერებით, “არა რუსულ კანონს”, “აქ დიქტატურა არ გამოგივათ არასდროს”, “რამდენს ბედავთ”, დგანან, სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე კვლავ გრძელდება.
ამ თემაზე გაიმართა ბრიფინგი “ქართული ოცნების” ოფისში, სადაც პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აქციის დარბევის მცდელობა არ ყოფილა და სამართალდამცავები ყველა მართლზომიერ ქმედებას მიმართავენ, თუკი საჭირო გახდება. კობახიძის თქმით, კანონპროექტი არის ქართული და ის მიზნად მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას ისახავს მიზნად.
- აქცია “უცხოური აგენტების კანონპროექტის” წინააღმდეგ. ფოტოები
- რას ნიშნავს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელსაც “ქართული ოცნება” იღებს. რა ვიცით ამ დროისთვის
- “რუსული კანონის მსგავსია” – ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში. მთავარი
- საზოგადოების პროტესტი რუსულ კანონს. ყველა განცხადება ერთად
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებამდე კი ამერიკის საელჩომ გააკეთა საკმაოდ მკვეთრი განცხადება, სადაც ნათლად განმარტა, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეუტავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.
“დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი”, – წერია საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებაში.