საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2026 წლის მეორე კვარტალში შემცირდა, თუმცა უცხოელი სტუმრების კმაყოფილების დონე და ქვეყანაში გატარებული ღამეების საშუალო რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.
ოფიციალური მონაცემებით, აპრილიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 1.3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით ნაკლებია.
ვიზიტორთა უმრავლესობა, 81.5% — ტურისტი იყო, ანუ საქართველოში მინიმუმ ერთი ღამე გაათენა. მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსანტები 14.8%-ს შეადგენდნენ, ხოლო 3.8%-ს ორივე ტიპის ვიზიტი ჰქონდა.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ჩამოსულ საერთაშორისო ვიზიტორთა ყველაზე დიდი წილი კვლავ მეზობელ ქვეყნებზე მოდის. პირველ ადგილზე რუსეთია — 328.9 ათასი ვიზიტორით, რაც საერთო რაოდენობის 25.1%-ს შეადგენს. მას მოსდევს თურქეთი (16.9%) და სომხეთი (10.8%).
ვიზიტორების ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი ჯგუფი 31-დან 50 წლამდეა და საერთო რაოდენობის 45.6%-ს მოიცავს. სტუმართა 57.1% მამაკაცია, ხოლო 42.9% — ქალი.
საქართველოში ვიზიტების თითქმის ნახევარი, 49.6% — დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად ქვეყანაში ვიზიტების 25.6% შედგა, ხოლო 12% ტრანზიტულ მიზნებს უკავშირდებოდა.
ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად თბილისი და აჭარა რჩება. ვიზიტების 36.9% დედაქალაქზე მოდის, ხოლო 26.2% აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.
ტურისტული ნაკადის შემცირება ეკონომიკურ მაჩვენებლებშიც აისახა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის მეორე კვარტალში უცხოელი ვიზიტორების საერთო დანახარჯმა 3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 13.3%-ით ნაკლებია.
ამავე პერიოდში 9.2%-ით შემცირდა ერთ ვიზიტზე საშუალო დანახარჯიც და 1,922.1 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი ხარჯი სტუმრებმა საკვებსა და სასმელზე (27.3%), საყიდლებზე (25.2%) და დაბინავებაზე (24.3%) გასწიეს.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ისე ტურისტული ხარჯები შემცირდა, უცხოელი სტუმრების შეფასებები კვლავ მაღალია. გამოკითხულთა 54.4%-მა საქართველოში მოგზაურობა”„ძალიან კმაყოფილად“ შეაფასა, ხოლო 38.7%-მა — “კმაყოფილად“, რაც ჯამში 93.1%-ს შეადგენს.
ანგარიშის მიხედვით, ასევე გაიზარდა ქვეყანაში გატარებული ღამეების საშუალო რაოდენობა 5.30-დან 5.48 ღამემდე. ამასთან, ვიზიტების 81.8% განმეორებითია, რაც მიუთითებს, რომ საქართველოში ერთხელ ნამყოფი უცხოელი ვიზიტორების დიდი ნაწილი ქვეყანაში კვლავ ბრუნდება.