“ბორდერიზაცია” – ანუ საზღვრის მონიშვნის პროცესი. ეს სიტყვა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში 2009 წელს, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში გაჩნდა, როდესაც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარის თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გამოყოფა დაიწყეს.
მას შემდეგ ათ წელზე მეტია, რაც რუსი და ოსი სამხედროები ე.წ. საზღვრის მთელ პერიმეტრზე სხვადასხვა კონსტრუქციებს ამონტაჟებენ – ავლებენ მავთულხლართებს; დგამენ ბეტონის, ხის და რკინის ნაგებობებს; არჭობენ ბანერებს, წარწერით “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი”; თხრიან სანგრებს; აყენებენ სათვალთვალო ინფრასტრუქტურას.
თბილისი ამ პროცესს “მცოცავ ოკუპაციას” უწოდებს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება კი, „სახელმწიფო საზღვრის გავლებას“.
ამ კონსტრუქციების ნაწილი გადის პირდაპირ ქართულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეზოებზე, მათ მიწებზე და ორ ნაწილად ჰყოფს სოფლებს.
შედეგად, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები დღესაც, ომიდან წლების შემდეგ, კარგავენ სახლებს, სახნავ-სათეს მიწებს, საძოვრებსა და ბაღებს.
ბორდერიზაციის პროცესი განსაკუთრებით აქტიურად 2013 წლიდან მიმდინარეობს.