გერმანიაში დაკავებული ქართველი გენერლის საქმეში, უკრაინელი კონსულები ჩაერთნენ
გერმანიაში დაკავებული საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Ukrayinska Pravda ავრცელებს.
გენერალი კალანდაძე 20 დეკემბერს მაშინ დააკავეს, როდესაც ბერლინიდან უკრაინაში ბრუნდებოდა. მას ხელბორკილები ოჯახის წევრების თვალწინ დაადეს.
“2008 წლის აგვისტოს ომის გმირების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და რუსეთის დაკვეთის სისრულეში მოყვანა” – ასე აფასებენ სამხედროები გიგი კალანდაძის დაპატიმრებას.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გერმანულ მხარეს კალანდაძის საქართველოში ექსტრადირების თხოვნით უკვე მიმართა.
საქართველოს პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კალანდაძე პასუხისგებაში მიცემულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და წამებისთვის, რაც მიზნად ე.კ.-სგან ტერორისტული აქტის აღიარებას ისახავდა.
“ის არის 2008 წლის ომის გმირი. მაშინ მე-4 ბრიგადის ჯგუფმა, რომელსაც ის მეთაურობდა, შეაჩერა რუსეთის ტანკების მოწინავე დამრტყმელი ძალა და ამ ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა რუსეთის 58-ე არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი.
უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გიგი აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს გაღებული მტრის შეტევის შეჩერებაში აღმოსავლეთის ფრონტზე. სწორედ ამის მერე საქმეც აღიძრა. რამდენადაც ვიცი, გენერალი კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა და ასევე, მას უკავია თანამდებობა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში”, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, გიგი კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა და შესაბამისად, მათ კონსულებს უკვე აქვთ კომუნიკაცია გერმანელ სამართალდამცავებთან, რათა დაადგინონ დაკავების მიზეზები და კალანდაძეს დახმარება აღმოუჩინონ. საქმეში ჩართულია დაკავებულის იურისტიც.
“უკრაინის საელჩო გერმანიაში ინფორმირებულია 19 დეკემბერს უკრაინის მოქალაქის გიორგი კალანდაძის დაკავების შესახებ”, – ამბობს ნიკოლენკო.
● შიშის ზონა. რეპორტაჟი ქართულ-აფხაზური გამყოფი ხაზიდან
● “ჩვენი სოფელი ოკუპირებული არ არის, მაგრამ ხალხი მაინც გარბის” – როგორ ცხოვრობს ერგნეთი წინასაარჩევნოდ
● „იმ მინდორზე ოს ბიჭებთან ფეხბურთს ვთამაშობდით“. რეპორტაჟი გუგუტიანთკარიდან